დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის და ტრანსპორტირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 05/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2002 - 27/09/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №141
2002 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის და ტრანსპორტირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში შავი და ფერადი ლითონების ჯართის დამზადებისა და შესყიდვის საქმეში არსებულმა ხარვეზებმა ურთულესი პრობლემები წარმოშვა ქვეყნის მასშტაბით. მასობრივი ხასიათი მიიღო ფერადი ლითონების, ელექტროგაყვანილობების, მილსადენების ძარცვამ, დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილობების ფიქტიურად ჩამოწერამ და ჯართის სახით საზღვრებს გარეთ გატანამ. დაუცველი აღმოჩნდა ისტორიულ-კულტურული და სარიტუალო ძეგლები.
სასურველი ეფექტი ვერ გამოიღო ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებულმა მორატორიუმმა, ვინაიდან აკრძალვის მიუხედავად დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა საშუალებას არ იძლევა სრულად აღმოიფხვრას ჯართის დამზადებისა და რეალიზაციის საქმეში არსებული მანკიერებები.
შავი და ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვისა და დამზადების სფეროში არსებული მდგომარეობის კანონიერების ჩარჩოში მოქცევის, აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და, აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მიზნით:
1. დამტკიცდეს „შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შეგროვების, შესყიდვისა და ტრანსპორტირების დროებითი წესი“.
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (ლ. ძნელაძე), საგადასახადო ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკონტროლონ ჯართის შემსყიდველ ორგანიზაციებში ჯართის შესყიდვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერება და ყოველკვარტალურად წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრს.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მეშვეობით გაამკაცროს კონტროლი და აამაღლოს სამეთვალყურეო საბჭოების პასუხისმგებლობა შავი და ფერადი ლითონების ნაწარმის, მოწყობილობა-დანადგარების, ტექნოლოგიური ხაზების ჩამოწერისა და მათი ჯართის კატეგორიაში გადაყვანის საკითხების მოგვარებისათვის.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (კ. ნარჩემაშვილი) ერთად ორ კვირაში მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები შავი და ფერადი ლითონებისა და მათი შემცველი ნაკეთობების, მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ.
5. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი კონტროლი დაუწესონ შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დროებითი დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და ამ მიზნით გაწეული მუშაობის თაობაზე ყოველკვარტალურად მოახსენონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების უკანონო დაუფლების მიზნით ქონების დაზიანების, მითვისების და ქურდობის ფაქტის გამოვლენის შესახებ.
7. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გ. ისაკაძემ.
ე. შევარდნაძე
შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შეგროვების, შესყიდვისა და ტრანსპორტირების დროებითი წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი არეგულირებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შეგროვების, შესყიდვის (დამზადების) და ტრანსპორტირების სფეროში წარმოქმნილ ურთიერთობებს. წესი შემუშავებულია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. შავი და ფერადი ლითონების ჯართის და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შემსყიდველი (დამამზადებელი) შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი სამეწარმეო სუბიექტი.
3. შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისად აღჭურვილი ფართობი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩაბარებული ჯართის აწონა, დახარისხება და შენახვა-დასაწყობება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
4. შემსყიდველ ობიექტში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების ჩაბარების წესი და ინფორმაცია მოქმედი საშემსყიდველო ფასების შესახებ.
5. შემსყიდველი ობიექტები შესყიდული შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების აღრიცხვას, ანგარიშსწორებას და შესყიდვის ოპერაციების გაფორმებას აწარმოებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესახებ განმარტება. ჯართის ჩამბარებლები
1. შავი და ფერადი ლითონების ჯართი და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენები არის ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია შემდგომი საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ნაკეთობები საბოლოოდ გამოუსადეგარი იმ დანიშნულებით, რისთვისაც ისინი იქნენ შექმნილი გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და არ გააჩნიათ სახიფათო თვისებები.
2. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების ჩამბარებლები შეიძლება იყვნენ:
ა) მოსახლეობა, რომელსაც გააჩნია საყოფაცხოვრებო დანიშნულების გამოსაყენებლად უვარგისი ლითონის ნაკეთობები და ნარჩენები;
ბ) ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, უგროვდებათ ლითონის გამოსაყენებლად უვარგისი მოწყობილობები და ნარჩენები;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთაც თავიანთი ჰსაქმიანობიდან გამომდინარე, უგროვდებათ შავი და ფერადი ლითონების ჯართი, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენები ან არსებული წესის შესაბამისად ჩამოწერენ მათ საკუთრებაში არსებულ გამოუსადეგარ საწარმოო საშუალებებს.
მუხლი 3. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესი
1. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების ჩაბარება დასაშვებია:
ა) მოქალაქეებისაგან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (ორგანიზაციებისაგან, დაწესებულებებისაგან) ზედდებულის, რომელიც გაფორმებული და გაცემულია დადგენილი წესით საწარმოს (ორგანიზაციის, დაწესებულებების) უფლებამოსილ პირზე და მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენისას.
2. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების ჩაბარების რეგისტრაცია წარმოებს გვერდებდანომრილი და ზონარგაყრილ სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში, რომელშიც აისახება ჩამბარებლის ვინაობა და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების სახეობა, წონა და აღწერილობა, ჩაბარების თარიღი, ფასი.
3. სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მონაცემების ჩაწერა უნდა მოხდეს ჩამბარებლის თანდასწრებით და დამოწმდეს ჩამბარებლის ხელმოწერით.
შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების დასაწყობება უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს ჯართის თითოეული პარტიის ჩამბარებლის იდენტიფიკაცია.
4. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შემსყიდველი (დამამზადებელი) ჯართის შესყიდვისა და ანაზღაურების შესახებ გამოწერს ქვითარს ორ ეგზემპლარად, რომელიც მოწმდება ჩამბარებლის ხელმოწერით; ერთი ეგზემპლარი მიეცემა ჩამბარებელს, ხოლო მეორე ინახება შემსყიდველთან.
5. შემსყიდველ (დამამზადებელ) ობიექტებს, ამ მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალს შავი და ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვა შეუძლიათ მხოლოდ იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც თავიანთი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება იყვნენ ამ ტიპის ჯართის მფლობელნი, ან იმ პირებისაგან, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ საკუთრების უფლება.
ა) საგნები, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან ან რომელთა გაყიდვისათვის დაწესებულია განსაკუთრებული წესი;
ბ) გამოუსადეგარი ჭურვები და მათი ნაწილები, საფრენი აპარატების ნაწილები, სხვა სამხედრო დანიშნულების გამოუსადეგარი ტექნიკა და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები;
გ) ელექტროსადენები, ყველანაირი ფორმისა და სახის კაბელები, მაღალი ძაბვის ანძების ნაწილები, ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროში გამოყენებული სხვა გამოუსადეგარი მოწყობილობები, ტრამვაის, ტროლეიბუსებისა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზები;
დ) კულტურისა და სარიტუალო ნივთები, ბიუსტები, ქანდაკებები, ფერადი ლითონისაგან დამზადებული საეკლესიო დანიშნულების საგნები;
ე) 100 მმ-ზე მეტი დიამეტრის მილები.
მუხლი 4. შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების ტრანსპორტირება
შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების გადაადგილება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. კონტროლი
1. ამ წესის დაცვის კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ამ წესის შესრულების შესამოწმებლად მაკონტროლებელ ორგანოებს შეუძლიათ მოიწვიონ სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები