საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 190010000.11.117.004564
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
122
29/12/2000
სსმ, 1, 04/01/2001
190010000.11.117.004564
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2001 - 16/07/2001)

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 190.010.000.11.117.004.564

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №122

2000 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინოს სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულების შესაბამისად და შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თანდართული დებულება.

2.  დაევალოს სახელმწიფო სახაზინო სამსახურს (დ. რამიშვილს) 2001 წლის 1 იანვრიდან დახუროს ქ. თბილისის №1 საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების, №2 შინაგან საქმეთა და №3 თავდაცვის სამინისტროების და №5 განათლებისა და მეცნიერების დარგების მომსახურე ხაზინების ანგარიშები და სახელმწიფო სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტს გაეხსნას შესაბამისი ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში.

3. სახელმწიფო სახაზინო სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყოს 2001 წლის 1 იანვრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-97, 108-109 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 15 აპრილის №83 “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის დებულების შესახებ” და 18 აგვისტოს №186 ბრძანებები „სახაზინო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ”.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვექნებისთანავე.

6. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ნოღაიდელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში „ხაზინა”) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. ხაზინა არის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, მისი შემოსავლებისა და გასავლების, სხვა სახელმწიფო ფინანსური რესურსების ოპერატიულ მართვას, აღრიცხვას და ანგარიშგებას.

3. ხაზინა თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. ხაზინა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს ხაზინის ცენტრალური აპარატის, საოპერაციო დეპარტამენტის, საანგარიშსწორებო ცენტრის და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით.

5. ხაზინას, საოპერაციო დეპარტამენტს და რეგიონალურ ხაზინებს გააჩნიათ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები.

6. ხაზინის, საოპერაციო დეპარტამენტის და რეგიონალური ხაზინების სტრუქტურას ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს ხაზინის უფროსი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებული საერთო ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში.

    მუხლი 2. ხაზინის უფლება-მოვალეობანი

1. ხაზინა შეიმუშავებს სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხთა ორგანიზაციის პროექტებს და წარუდგენს საქართველოს  ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად.

2. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული განწერის საფუძველზე უშვებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალურ გეგმებს.

3. ორგანიზაცია დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების (ბალანსები) არწარმოდგენის შემთხვევაში ხაზინას უფლება აქვს საბიუჯეტო დაწესებულებებს ამ მოთხოვნის შესრულებამდე დროებით შეუჩეროს ყველა სახის დაფინანსება.

4. ხაზინა ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციების და მომსახურე სუბიექტებს შორის მინიმალური თანხის ზემოთ გაფორმებული ხელშეკრულებების (კონტრაქტების) რეგისტრაციას, ნორმატიული აქტებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 3. ხაზინის ფუნქციები

1. ხაზინისა და რეგიონალური ხაზინების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და მოქმედი ნორმატიული აქტებით.

2. ხაზინის ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მისი შესრულების ანგარიშების შედგენა და წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და კანონით დადგენილ სხვა ორგანოებში.

3. ხაზინა ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტგარეშე შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას.

4. ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შემოსავლების და ხარჯების დამტკიცებული კლასიფიკაციის საფუძველზე აღრიცხვის ერთიანი უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფაზე, სახაზინო სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნასა და მის სისტემურ მომსახურებაზე.

5. ხაზინა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საკადრო პოლიტიკას, უზრუნველყოფს კადრების შერჩევას და ხელს უწყობს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

    მუხლი 4. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების განაწილება და შესრულება

1. ხაზინა დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ბიუჯეტის კვარტალური განწერისა და ბიუჯეტის შემოსავლების ოპერატიული საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე ახორციელებს ბიუჯეტის ხარჯების აღსრულებას დამტკიცებული კლასიფიკაციის მიხედვით.

2. ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული კვარტალური გეგმები სახელმძღვანელოდ გადაეცემა საოპერაციო დეპარტამენტს და რეგიონალურ ხაზინებს.

3. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სათანადო დაზუსტებული კვარტალური გეგმების საფუძველზე ხაზინა ახორციელებს შესაბამის დაფინანსებას.

4. საოპერაციო დეპარტამენტი და რეგიონალური ხაზინები ახდენენ საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსებას დამტკიცებული გეგმის და მასში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

5. ხაზინა ასევე ახორციელებს ღონისძიებებს საბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დროებითი საკასო დეფიციტის შესავსებად კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ხაზინა აღრიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს (მათ შორის, სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლებს) და ხარჯებს დამტკიცებული კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. ხაზინა ყოველთვიურად ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების ანგარიშს საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე და წარუდგენს მას ფინანსთა სამინისტროს.

3. კანონით დადგენილ ვადებში ხაზინა ადგენს ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის, ცხრა თვის და წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს კანონით დადგენილ ორგანოებს.

4. ხაზინას ეროვნულ ბანკში გააჩნია  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების, დეფიციტის დაფინანსების წყაროების და ხარჯების ანგარიშები, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების, დეფიციტის დაფინანსების წყაროების და ხარჯების ანგარიშები ხაზინის მიერ შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და მის ფილიალებში. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია შესაძლებლობა ხარჯების რომელიმე ანგარიშის მომსახურებაზე ადგილმდებარეობის ან მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშები შეიძლება გაიხსნას კომერციულ აგენტ-ბანკებში. აგენტი კომერციული ბანკების შერჩევასა და მათთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებას ახდენს ხაზინა. მომსახურე აგენტ-ბანკების შერჩევა ხდება დადგენილი წესით ჩატარებული ტენდერის შედეგების მიხედვით, ხოლო ხაზინის კომპეტენციის ფარგლებში მომსახურე აგენტ-ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების შემდეგ.

5. ხაზინის ყველა ანგარიშების მართვას, მათ გახსნას, დახურვას და რეჟიმის განსაზღვრას აწარმოებს სახაზინო სამსახური.

6. ხაზინის ცენტრალური ბუღალტერია (აღრიხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი) შესაბამისი სამსახურების მეშვეობით აღრიცხავს ცენტრალური ბიუჯეტის ყველა აქტივებსა და პასივებს. ხაზინის ცენტრალური ბუღალტერია აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 6. შიდა აუდიტი

1. ხაზინა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად შიდა აუდიტის მეშვეობით ახორციელებს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ოპერატიულ კონტროლს, სამსახურის ცენტრალური აპარატის, საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების საფინანსო-სამეურნეო აუდიტს.

2. ხაზინის შიდა აუდიტი უზრუნველყოფს შემოწმებების პროცესში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოფხრის წინადადებების შემუშავებას ხაზინის უფროსისათვის წარსადგენად და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებაში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას.

    მუხლი 7. სახაზინო სისტემის ორგანოები.

1. ხაზინას ხელმძღვანელობს ხაზინის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.

2. ხაზინის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი ხაზინის უფროსის წარდგინებით. ხაზინის უფროსის მოადგილეების ძირითად ფუნქციებს ანაწილებს ხაზინის უფროსი.

3. საოპერაციო დეპარტამენტის, და რეგიონალური ხაზინების უფროსებს, მთავარ ბუღალტერს და ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ხაზინის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

4. ხაზინის ცენტრალური აპარატის და სახაზინო სისტემის ორგანოების დანარჩენ მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ხაზინის უფროსი შესაბამისი სტრუქტურის ხელმძღვანელის წარდგინებით.

5. ხაზინის ცენტრალური აპარატი მოიცავს შემდეგ დეპარტამენტებს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;

ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;

გ) საოპერაციო დეპარტამენტი;

დ) საანგარიშსწორებო ცენტრი;

ე) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

6. ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და რეგიონალური ხაზინების ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 8. ხაზინის უფროსი

1. ხაზინის უფროსის უფლებები და მოვალეობები:

ა) ორგანიზაციას უწევს ხაზინის მუშაობას და აგებს პასუხს ხაზინაზე დაკისრებული ამოცანების გადაუჭრელობისათვის და ფუნქციების შეუსრულებლობისათვის;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ხაზინის უფროსის მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

გ) წარმოადგენს ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოში;

დ) განაგებს ხაზინის შესანახად გამოყოფილ სახსრებს, ხელს აწერს ბრძანებებს, მინდობილობებს, ფულად საანგარიშსწორებო და სხვა დოკუმენტებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს მეთოდურ მითითებებს და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიყვანს შემსრულებლებამდე;

ვ) პასუხისმგებელია ხაზინის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2. ხაზინის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხაზინის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

    მუხლი 9. ხაზინის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

1. ხაზინის რეორგანიზაცია ან საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.