დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 573 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 01/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.11.117.006652 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/09/2004 - 14/02/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.11.117.006.652
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №573
2004 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის და „ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანება.
3. დაევალოს სახელმწიფო ხაზინის უფროსს (გ. თაბუაშვილი) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების პროექტების წარმოდგენა.
4. ეს ბრძანება გარდა დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35 დღის შემდეგ.
5. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, მისი შემოსულობების და სხვა სახელმწიფო ფინანსური რესურსების ოპერატიულ მართვას, აღრიცხვას და ანგარიშგებას.
2. სახელმწიფო ხაზინა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სახელმწიფო ხაზინის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. სახელმწიფო ხაზინის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №1
მუხლი 2. სახელმწიფო ხაზინის ძირითადი ფუქციები
სახელმწიფო ხაზინის ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის მართვა სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა ორგანიზაციული, ეკონომიკური, ფუნქციონალური და ღონისძიებების კლასიფიკაციის მიხედვით;
გ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება;
დ) სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსულობებისა და გადასახდელების მართვა;
ე) საბიუჯეტო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დროებითი საკასო დეფიციტის შესავსებად ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული კვარტლური განწერის საფუძველზე, მხარჯავი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე არსებული წესის შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების დაყვანა მხარჯავი დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ერთეულების დონეზე;
ზ) ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთა ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის მომზადება;
თ) დადგენილი წესის მიხედვით მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულების რეგისტრაცია და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდის განხორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა;
კ) სახელმწიფოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული სახელმწიფო ვალების, ასევე სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სესხების ძირითადი თანხისა და საპროცენტო გადასახდელების მომსახურება საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროდან წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროექტების შემუშავება და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარდგენა;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) შემოწმება, მიღება და ანალიზი;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კადრების შერჩევისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებების მიზნით ეფექტური საკადრო პოლიტიკის განხორციელება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3. სახელმწიფო ხაზინის უფლებამოსილებები
სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია:
ა) გახსნას და დახუროს საბანკო დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშები და განსაზღვროს მათი მოქმედების რეჟიმი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) გასცეს ან გაუუქმოს ნებართვა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო დაწესებულებებს (ორგანიზაციების) საბანკო ანგარიშების გახსნის თაობაზე;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საბიუჯეტო შემოსულობების გადანაწილება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებს შორის საბიუჯეტო წლის განმავლობაში;
დ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების (ბალანსები) წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსება;
ე) განახორციელოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების და რეგიონალური ხაზინების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მათ მიერ ცენტრალური ბიუჯეტის აღსრულების პროცესის შესრულების აუდიტორულ შემოწმება და სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
ვ) სახელმწიფო ხაზინის კომპეტენციის ფარგლებში შეზღუდოს გადასახდელების გაცემა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე;
ზ) სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს თავისი სახელით და სახელმწიფოს სახელით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4. სახელმწიფო ხაზინის სისტემის ორგანოები და სტრუქტურა
1. სახელმწიფო ხაზინა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის და მისდამი დაქვემდებარებული რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.
2. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატს, რეგიონალურ ხაზინებს და საოპერაციო დეპარტამენტს აქვთ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით, დებულება და დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები.
3. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატი მოიცავს შემდეგ დეპარტამენტებს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;
ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;
გ) საოპერაციო დეპარტამენტი;
დ) საანგარიშსწორებო ცენტრი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) ინფორმატიკის დეპარტამენტი.
4. რეგიონალური ხაზინა წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
5. სახელმწიფო ხაზინას დაქვემდებარებული რეგიონალური ხაზინებია:
ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ბ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლში;
გ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლში;
დ) რეგიონალური ხაზინა კახეთში;
ე) რეგიონალური ხაზინა იმერეთში;
ვ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში;
ზ) რეგიონალური ხაზინა გურიაში;
თ) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთში;
ი) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთში;
კ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში;
ლ) ქ. ფოთის ხაზინა.
6. რეგიონალური ხაზინის სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
7. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და რეგიონალური ხაზინების შექმნის და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 5. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
1. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი – ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალური განწერის და სამინისტროებისა და უწყებებიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე ამზადებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალურ განწერას, აგრეთვე ახდენს წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარატემენტიდან მიღებული ბიუჯეტის ხარჯების გეგმის ცვლილებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული შიდა გადანაწილებების გატარებას და დაშვებას საანგარიშსწორებო ცენტრზე, საოპერაციო დეპარტამენტზე, ქ. ფოთის და რეგიონალურ ხაზინებზე. დეპარტამენტი ყოველთვიურად ახდენს საოპერაციო დეპარტამენტიდან, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინებიდან წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს, ამზადებს აღნიშნულის თაობაზე წინადადებებსა და შენიშვნებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სახაზინო სამსახურში შემოსული განაცხადების და ფულადი ვალდებულებების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი – ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების დაფინანსების მიზნით აწარმოებს გადარიცხვებს საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების ანგარიშებზე და გადარიცხვებს ცენტრალიზებული წესით. დეპარტამენტი ახორციელებს თანხების გადარიცხვას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან სახსრების მფლობელებზე. ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს. დეპარტამენტი ახორციელებს ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას; ყოველი კვარტლის ბოლოს საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინებიდან წარმოდგენილი ბუღალტრული ბალანსების საფუძველზე ადგენს სახაზინო სამსახურის ნაერთ ბუღალტრულ ბალანსს;
გ) საოპერაციო დეპარტამენტი – ახორციელებს მის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ფონდების ხარჯების დაფინანსებას დამტკიცებული გეგმისა და აღებული ვალდებულებების საფუძველზე; უზრუნველყოფს სპეცალური სახსრების ანგარიშიდან გრანტების ხარჯვას დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, ახორციელებს ამავე ანგარიშზე აკუმულირებული დეპოზიტური და სატენდერო თანხების აღრიცხვას და მიმართვას ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის ანგარიშზე; ახორციელებს ცენტრალური აპარატის საორგანიზაციო-ადმინისტრაციული ხარჯების ოპერაციებს, ადგენს ყოველკვარტალურ და წლიურ ბალანსებს, რომლებსაც წარადგენს სახელმწიფო ხაზინის აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტში;
დ) საანგარიშსწორებო ცენტრი – ახორციელებს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებას, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას, ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის ან არასაგადასახადო შემოსულობის დაბრუნების აღრიცხვა-ანგარიშგებას, საოპერაციო დეპარტამენტიდან მიღებული საგადახდო დავალებების ელექტრონულ ფორმატში დამუშავებას, მომზადებას და წარდგენას ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად, ხოლო ეროვნული ბანკიდან თანხების ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ხარჯების საბოლოო დადასტურებას;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – ახორციელებს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების აუდიტორულ შემოწმებას და შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსასწორებლად რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას; ამუშავებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების და საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიცემულ დავალებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება სამსახურის განვითარებასა და რეფორმირებას.
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის სისტემის საკადრო რესურსების მართვას და ამ მიზნის უზრუნველსაყოფად ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზებასა და ჩატარებას; საჯარო მოსამსახურეთა ატესტირების მოწყობას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; სახაზინო სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შეგროვებასა და შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზებას; სახაზინო სამსახურის დეპარტამენტების და სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისა და სახაზინო სამსახურის სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზებას; საარქივო საქმიანობის წარმოებას;
ზ) ინფორმატიკის დეპარტამენტი – ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანის გამოკვლევას და მათი დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების დადგენას; ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების კომპიუტერული სისტემების ინტეგრაციას საერთო ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში; ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას და შესაბამისი პროგრამული სისტემებით უზრუნველყოფას, უზრუნველყოფს მის საიმედო და ეფექტურ ფუნქციონირებას და მონაცემთა დაცვას.
2. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 6. სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობა და პერსონალი
1. სახელმწიფო ხაზინას ხელმძღვანელობს ხაზინის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.
2. სახელმწიფო ხაზინის უფროსი:
ა) ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო ხაზინის მუშაობას და პასუხს აგებს ხაზინაზე დაკისრებული ამოცანების გადაუჭრელობისათვის და ფუნქციების შეუსრულებლობისათვის;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სახელმწიფო ხაზინის უფროსის მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
გ) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოში;
დ) განაგებს სახელმწიფო ხაზინის შესანახად გამოყოფილ სახსრებს, ხელს აწერს მინდობილობებს, ფულად საანგარიშსწორებო და სხვა დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე;
ვ) სახელმწიფო ხაზინის კომპეტენციაში შემავალი საკითხების რეგულირების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოხელეებს.
3. სახელმწიფო ხაზინის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო ხაზინის უფროსის წარდგინებით.
4. სახელმწიფო ხაზინის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.
5. სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირები არიან სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რეგიონალური ხაზინის ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები, რომელთაც სახელმწიფო ხაზინის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. სახელმწიფო ხაზინის სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო ხაზინის უფროსი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით.
7. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურული ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურულ ქვედანაყოფს სახელით წარუდგენს დასკვნებს სახელმწიფო ხაზინის უფროსს ან უფროსის იმ მოადგილეს, რომელიც უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე კოორდინაციას უწევს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფის საქმიანობას;
ე) წარუდგენს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურულ ქვედანაყოფების მოხელეების პრემირების, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანების შესასრულებლად;
ზ) წარადგენს შუამდგომლობას სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 7. სახელმწიფო ხაზინის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
სახელმწიფო ხაზინის რეორგანიზაცია ან საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები