საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 17/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.011611
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
70
17/03/2008
სსმ, 40, 17/03/2008
010240020.22.027.011611
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/03/2008 - 02/07/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.611

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №70

2008 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 მარტის №430 ბრძანება;

ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის №7 ბრძანება;

გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის №659 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) (შემდგომში – ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2

ადმინისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 4

ადმინისტრაცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 5

ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 6

ადმინისტრაციის ამოცანებია:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

დ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ე) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

ზ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

თ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;

ლ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;

მ) სამინისტროს სისტემაში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და სამინისტროს ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.

    მუხლი 7

ადმინისტრაციის ფუნქციებია:

ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;

ბ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებისათვის გასაცნობად;

გ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;

ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;

ვ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია;

ზ) სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების განხორციელება, მოქალაქეთა საჩივრების განხილვა, სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება, მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;

თ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს მთარგმნელობითი საქმიანობით უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;

ლ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის;

მ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების თაობაზე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად;

ნ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

პ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის დამყარება, ყოველდღიური პრესის მიმოხილვის მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრესრელიზების მომზადება და გავრცელება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე;

ჟ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;

რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, აგრეთვე სხვადასხვა სახის ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზება, სამინისტროს ფოტო და ვიდეო კადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა;

ს) „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ასახვა ბიბლიოთეკის საცნობარო-საძიებო საშუალებებში, აგრეთვე ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დადგენა;

ტ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

უ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;

ფ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა;

ქ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება;

ღ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების, ასევე ინტერნეტთან კავშირის ფორმირება-სრულყოფა, სამინისტროს ინტერნეტ მომწოდებლებთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომის ხარისხის კონტროლი;

ყ) სამინისტროს ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

შ) სამინისტროს ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ც) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; სამინისტროს ვებგვერდის მუდმივი სრულყოფა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამინისტროსა და მისი პერსონალის საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ძ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამინისტროს პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;

წ) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების წესებისა და ნორმების შემუშავება, აგრეთვე სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ჭ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვა და ანალიზი და ამ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;

ხ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსული სტუმრების კომპიუტერული აღრიცხვა;

ჯ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.

თავი III

ადმინისტრაციის სტრუქტურა

    მუხლი 8

ადმინისტრაციაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამმართველო;

ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო.

    მუხლი 9

1. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

2. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

3. საქმისწარმოების სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

5. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ტ“–„ხ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

თავი IV

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

    მუხლი 10

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.

2. ადმინისტრაციის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 11

1. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს ადმინისტრაციის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

დ) აკონტროლებს ადმინისტრაციის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ანგარიშს წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ;

ზ) წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;

ი) პასუხისმგებელია ადმინისტრაციაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეების მიღებას;

ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12

1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი.

3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

5. ადმინისტრაციის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 13

1. ადმინისტრაციაში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნვეყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას;

 ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

5. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამმართველოს და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) სამმართველოს უფროსის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

7. სამმართველოს უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 14

1. ადმინისტრაციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) მინისტრის მრჩეველი;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეები;

დ) სამმართველოს მრჩევლები;

ე) სამმართველოს სპეციალისტები;

ვ) ადმინისტრაციის სპეციალისტი – ბიბლიოთეკარი;

ზ) ადმინისტრაციის სპეციალისტი.

2. ადმინისტრაციის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის თანაშემწეს მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს.

4. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

5. ადმინისტრაციის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

6. ამ დებულების მე-7 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სპეციალისტი – ბიბლიოთეკარი.

7. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 15

ადმინისტრაციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.