სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4933-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019538
4933-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
240110000.05.001.019538
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

3. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა. დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების, შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებსა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს.“.

4. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დადგენილი წესების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4933-IIს