კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/3/1312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 18/12/2020
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016557
1/3/1312
18/12/2020
ვებგვერდი, 22/12/2020
000000000.00.000.016557
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/1312

2020 წლის 18 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

    
 

 


კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი ‒ წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე − კონსტანტინე გამსახურდია, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები − ამირან გიგუაშვილი და გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე − საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1312) მიმართა საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე გამსახურდიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1312 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 28 მარტს.

2. №1312 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს დაზარალებულის უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად”.

5. №1312 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდია, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. მოსარჩელის მითითებით, სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით აღჭურავდა და არ ითვალისწინებდა საქმის მასალების ასლების გადაცემის შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.

6. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში ინფორმაცია ისედაც გაიცემა მხოლოდ იმ წინაპირობით, რომ არ მოხდება გამოძიების ინტერესების დაზიანება. ამიტომ, საქმის შესაბამისი მასალების ასლების გადაცემა არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე დამატებით საფრთხეს. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებული (მისი უფლებამონაცვლე) ასლების მიღების უფლებით უნდა სარგებლობდეს როგორც გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა მიემართება სპეციალურ სუბიექტს – დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს და არა, ზოგადად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, საქმის მასალების ასლების მიღების უფლება უნდა ვრცელდებოდეს იმ მონაცემებსა და ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ ეხება დაზარალებულს.

7. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების დაზარალებულისათვის გადაცემა ქმნის დაზარალებულის ინტერესების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, ასლის მიღების გარეშე ვერ განხორციელდება ეფექტიანი კონტროლი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე, აგრეთვე, ვერ დადგინდება, იძიებს თუ არა საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის საქმეს სათანადო გულმოდგინებით. ამასთან, საქმის მასალების ასლების ფლობა დაზარალებულს უქმნის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, სათანადოდ დაასაბუთოს და გაასაჩივროს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება.

8. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობის უფლება, მათ შორის, გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში დაცული დოკუმენტის ასლების მიღების უფლებასაც. აღნიშნულ შემთხვევაში კი, სადავო ნორმა გამორიცხავს ასლის გადაღების/მიღების შესაძლებლობას.

9. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მითითებით, სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებში გამოძიების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე და დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობა ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში. მოპასუხე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულია უფლების დაცვის მინიმალური სტანდარტი, რაც გულისხმობს საჯარო ინფორმაციის მარტოოდენ გაცნობას. ამასთან, მოპასუხე მხარე, ზოგადად, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონსტიტუციით დაცული საჯარო ინფორმაციის უფლება შეიძლება მოიაზრებდეს ასლის მიღების უფლებასაც, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „გაცნობა“, სისხლის სამართლის საქმის მასალების კონტექსტში, მოიაზრებს მარტოოდენ საჯარო დაწესებულებაში დაცული დოკუმენტების წაკითხვას, გარკვეული ჩანაწერების გაკეთებას, მაგრამ არა მათი ასლების გადაღებას ან/და მატერიალურად სხვაგვარად მიღებას. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღება არ წარმოადგენს მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. შესაბამისად, გასაჩივრებული დებულებები არ არის მზღუდავი ხასიათის და იგი დაზარალებულს აღჭურავს მხოლოდ გარკვეული სახის უფლებებით.

10. მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური საჯარო მიზანი გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით არის გამოძიების ინტერესების დაცვა. კერძოდ, საქმის მასალების ასლების გაცემის შემთხვევაში ვერ მოხდება გამოძიების ინტერესების ისეთივე ეფექტიანობით დაცვა, როგორც ეს ხდება საქმის მასალების მარტოოდენ გაცნობის შემთხვევაში, რამდენადაც საქმის მასალების ზეპირად გაცნობა და თუნდაც მისგან გარკვეული ამონაწერების გაკეთება განსხვავდება დოკუმენტების ასლების ფლობის შემთხვევისაგან. მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტები სარგებლობს უტყუარობისა და სანდოობის უფრო მაღალი ხარისხით და ამიტომ მეტ დაცულობას მოითხოვს. მოპასუხე განმარტავს, რომ მასალების ასლების გაცემისას გამორიცხული არ არის, მოხდეს დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, მათი არამართლზომიერი დაუფლება სხვათა მიერ ანდა დაკარგვა, რამაც შესაძლოა, დამატებითი საფრთხეები წარმოშვას და, საბოლოო ჯამში, დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ამასთან, მოპასუხე მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა თავად გაასაჯაროოს საქმის მასალები ამა თუ იმ მიზნით. შესაბამისად, ასლების გადაღებითა და მათზე მატერიალურად წვდომის უფლების მინიჭებით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ დანაშაულთან ბრძოლის პროცესს და სამართალწარმოების მხარეთა ინტერესებს.

11. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ დაზარალებულ პირებს სრულყოფილად და შეუზღუდავად ეძლევათ წვდომა საქმის მასალებზე, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმართ მათი ინტერესების სრულყოფილ რეალიზებას.

12. მოწმემ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფს დაზარალებულისა და დაზარალებულის წარმომადგენლის სრულყოფილ ინფორმირებულობას, მათ შორის, აცნობს საქმის მასალებს, რაც მოთხოვნის შემთხვევაში გულისხმობს ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობასაც. ამასთან, პრაქტიკაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ დაზარალებულის (მისი უფლებამონაცვლის) მოთხოვნის შემთხვევაში უარი ეთქვათ ინფორმაციის გაცნობაზე.

13. მოწმის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გაცემამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას გამოძიების ინტერესებს. მისი აზრით, მუდამ იარსებებს, საქმის მასალების ასლების გავრცელების გზით, ინფორმაციის განზრახ ან განზრახვის გარშე გასაჯაროების რისკი. თავის მხრივ, ასეთი ინფორმაცია მეტად სარწმუნოა და, შესაბამისად, მისი გასაჯაროებაც მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე თავად დაზარალებულის მიერ საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიღებული ინფორმაციისა და შესაბამისი ჩანაწერების გასაჯაროება.

14. მოწმემ, დამატებით, ხაზი გაუსვა დაზარალებულის როლს გამოძიების პროცესში და აღნიშნა, რომ დაზარალებული უნდა ფლობდეს საქმის მასალებს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია მისი საპროცესო უფლებაუნარიანობისთვის. ამასთან, მოწმის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების შეუძლებლობა არ ზღუდავს დაზარალებულის საპროცესო უფლებაუნარიანობას.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. ამ კონსტიტუციური დებულების „ყურადღების ცენტრშია სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის გაცნობის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტური და აუცილებელი წინაპირობაა. მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე კონკრეტულ ინდივიდთათვის საინტერესო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-8).

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს … ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

3. სახელმწიფო ორგანოები, უფლებამოსილი თანამდებობის პირები საჯარო ინფორმაციას აგროვებენ და ქმნიან საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნათა და ინტერესთა დასაკმაყოფილებლად, იმ საჯარო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, რომელსაც ისინი თავად ემსახურებიან. ამდენად, საჯარო ინფორმაციის გაცემა წამოადგენს არა სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილ კეთილ ნებას, არამედ მის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებას. იმავდროულად, ამგვარი ვალდებულების არსებობა მეტი არაფერია, თუ არა იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაცია საზოგადოების ის საჯარო რესურსი და საკუთრებაა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული „ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“,II-5).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციაზე წვდომის „უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). ამგვარად, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას იმგვარი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციას.

6. როგორც აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ითვალისწინებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას იმ თვალსაზრისით, რომ დაზარალებულს (მის უფლებამონაცვლეს) გააჩნია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება. თუმცაღა მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ის გარემოება, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს აღნიშნული უფლების რეალიზება. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გაცნობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, უნდა მოიაზრებდეს მისი (ინფორმაციის) წერილობითი ფორმით, მათ შორის, შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების ასლების მიღების უფლებასაც, რის შესაძლებლობასაც, არსებული სამართლებრივი გადაწყვეტის პირობებში, მოსარჩელე მხარე მოკლებულია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ასლების მიღება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს აქვს ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა, რომლებიც შესაძლოა ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებული ანალოგიური ტერმინების განმარტებებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის შესაბამისად, „კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის შინაარსი კანონმდებლობაზე დამოკიდებული გახდებოდა და ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნებოდა თვითნებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-15).

8. იმავდროულად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი და დანიშნულებაა კონსტიტუციურ უფლებათა ისეთი განმარტება, რომელიც კონსტიტუციის მიზნების, კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებების და თავად ძირითადი უფლების არსის შესაბამისია, რაც უზრუნველყოფს უფლებით პრაქტიკულად, რეალურად და ეფექტურად სარგებლობას და არ გამოფიტავს მას თეორიულ და ილუზორულ უფლებამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ ჭრილში უნდა შეაფასოს და განმარტოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს მე-2 პუნქტში მოხსენიებული ტერმინის ‒ „გაცნობის“ – შინაარსობრივი ფარგლები; დაადგინოს, რას მოიცავს იგი - მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების წაკითხვის, ვიზუალური დათვალიერებისა და მათგან ამონაწერების გაკეთების უფლებას, თუ, იმავდროულად, ამ დოკუმენტების ასლების მიღების შესაძლებლობასაც; ყოველთვის საკმარისია თუ არა დოკუმენტების წაკითხვის შესაძლებლობა მასში არსებული ინფორმაციის „გასაცნობად“ კონსტიტუციის გაგებით; შესაბამისად, გულისხმობს თუ არა „ინფორმაციის გაცნობის უფლება“ მისი ეფექტიანი გაცნობის შესაძლებლობას და რა შემთხვევაში მიიღწევა საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის უფლების ნამდვილი მიზანი და დანიშნულება.

9. კონსტიტუციური წესრიგი და ძირითადი უფლებების მოქმედება სახელმწიფოს არ უტოვებს სივრცეს, ესა თუ ის უფლება ფორმალობად, ფიქციად აქციოს, სათუო გახადოს მისი სათანადო რეალიზება. პირიქით, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას იმგვარი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს უფლებების პრაქტიკულ და მიზნობრივ რეალიზებას. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ძირითადი არსი და დანიშნულება ლიბერალური დემოკრატიის სულისკვეთების შესაბამისად, ღია მმართველობის დამკვიდრებაა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციის მქონე პირს ეძლევა საშუალება, ერთი მხრივ, სათანადო როლი ითამაშოს პოლიტიკურ პროცესებში, ხოლო, მეორე მხრივ, ინფორმაცია გამოიყენოს ინდივიდუალური უფლებების განსახორციელებლად. იმავდროულად, ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა ქმნის სახელმწიფოს კონტროლის აუცილებელ მექანიზმს, რომელიც ემსახურება მისი (სახელმწიფოს) ძალაუფლების შეზღუდვას.

10. როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის, ასლის სახით, მიღების მიზანი სწორედ მისი სათანადოდ გაცნობა და გამოყენებაა. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული ადამიანის უფლების - გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას - მიზანს არ წარმოადგენს ინფორმაციის მარტოოდენ წაკითხვა ან შესაბამისი დოკუმენტების ვიზუალური დათვალიერება. მისი დანიშნულება იმგვარი მექანიზმის შექმნაა, რომელიც დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სათანადოდ, გულდასმით შეისწავლოს ინფორმაცია, გამოიკვლიოს მისი სისწორე, გააანალიზოს, გააკეთოს დასკვნები, გაავრცელოს ან/და გამოიყენოს იგი სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნით. ამდენად, ბუნებრივია, რომ ცაიტნოტურ ვითარებაში, მით უმეტეს, სხვისი თანდასწრებით წერილობითი ინფორმაციის წაკითხვა, დოკუმენტების ზეპირი გაცნობა თუ ვიზუალური დათვალიერება, თუნდაც ამონაწერების გაკეთების შესაძლებლობა, ცალკეულ შემთხვევაში არათუ ვერ უზრუნველყოფს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას, არამედ, პრაქტიკულად, შინაარსს უკარგავს მას და სრულიად არარეალიზებადს ხდის. ამგვარად, ინფორმაციის სათანადო ფორმით გაცნობა წარმოადგენს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალური განხორციელების sine qua non პირობას.

11. ზოგადად, სადავო არაა, რომ ინფორმაციის მოცულობისა და ნაირსახეობის ზრდის პირობებში, შესაძლოა, მისი ანალიზიც მრავალ სირთულეს უკავშირდებოდეს. ინფორმაციის მიზნობრივი გაცნობა მისი მოცულობის, შინაარსის, ფორმის, სპეციფიკის, დანიშნულებისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოითხოვდეს განსხვავებულ მიდგომებს, ცოდნას, უნარებსა თუ დროს. ცალსახაა, რომ განსხვავებული საჭიროებები იარსებებს საჯარო დაწესებულებაში არსებული ნახაზების, ფორმულების, კვლევების, ანგარიშების, გამოთვლების, ნაშრომების, დასკვნების, ფაქტების კონსტატაციის თუ სხვა სახის ინფორმაციის გასაცნობად. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაციის გასაცნობად დაინტერესებულ პირს შესაძლოა, დასჭირდეს სპეციალური ცოდნა ან დარგობრივი ექსპერტის დახმარება, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ინფორმაციის მარტოოდენ ვიზუალური გაცნობაც საკმარისი აღმოჩნდეს. ამდენად, ინფორმაციის სპექტრის ამგვარი მრავალფეროვნება მათი შინაარსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე, პირთა განსხვავებული საჭიროებები და ინტერსები ინფორმაციის მიღებისა აუცილებელს ხდის გაცნობისათვის შესაფერისი, ადეკვატური ინსტრუმენტების შექმნას.

12. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ის, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცემა, ვერ იქნება მთლიანად დამოკიდებული ინფორმაციის მომთხოვნი სუბიექტის ინტერესსა და საჭიროებებზე, რამდენადაც სრულიად შესაძლებელია, რომ ინფორმაციის მიღება სრულიადაც არ იყოს მისი შემდგომი ანალიზის სურვილით მოტივირებული ანდა პირის სამომავლო ქმედებების მიზნობრიობის განმსაზღვრელი. ამდენად, პრეზუმფცია, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დემოკრატიისა და ძირითადი უფლებების ქმედითობისათვის, იმას მოითხოვს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო სათანადო ფორმით უნდა გასცემდეს ამ ინფორმაციას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიზნები ამოძრავებს ინფორმაციის მიმღებ პირს. ამრიგად, ის, თუ როგორი უნდა იყოს ინფორმაციის გაცემის ინსტრუმენტი, პრინციპულად დამოკიდებულია საკუთრივ ინფორმაციის ფორმასა და შინაარსზე და არა მომთხოვნი პირის საჭიროებებზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დაზარალებულის შემთხვევაში, მისი დაინტერესება გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღებით, ფრიად საგულისხმო ლეგიტიმური მიზნებით არის განპირობებული, რაც აძლიერებს ამ ინფორმაციისადმი მისი ეფექტიანი წვდომის აუცილებლობას.

13. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული პირის უფლება, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, მათ შორის, გულისხმობს ამ ინფორმაციის ეფექტიანი გაცნობის შესაძლებლობას, რაც საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის, ასლის სახით, მიღებასაც შეიძლება მოიცავდეს.

2. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები და საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი მოცემულობა

14. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას, ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სისხლის სამართლის საქმის მასალების ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობის უფლების კონსტიტუციურობის შეფასების საჭიროების წინაშე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია, ზუსტად იქნეს იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა, დადგინდეს, რა ფარგლებში ითხოვს მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

15. როგორც უკვე აღინიშნა, №1312 კონსტიტუციური სარჩელით სადავოა, დაზარალებულის უფლების ფარგლებში, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის (გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სისხლის სამართლის საქმის მასალების) გაცნობის ფორმის კონსტიტუციურობა. მოსარჩელე მხარე საჯარო დაწესებულებაში პირის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს სადავო ნორმის იმ შინაარს, რომელიც დაზარალებულს უზღუდავს, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც შეიცავს მის შესახებ ინფორმაციას და მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს იმ საკანონმდებლო მოწესრიგების კონსტიტუციურობას, რომლის ფარგლებშიც გამოირიცხება პირის (დაზარალებულის) უფლება, მიიღოს სისხლის სამართლის საქმეში მასზე არსებული იმ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის ასლები, რომელთა გაცნობის უფლებაც გააჩნია სადავო ნორმის მიხედვით.

3. სადავო ნორმის შინაარსი, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვა

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს დაზარალებულის უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

17. თავდაპირველად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირების მიზნით უნდა დადგინდეს, იზღუდება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა.

18. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლებას, შესაბამისად, სადავო ნორმა რომ შეფასდეს აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, სახეზე უნდა იყოს „სახელმწიფო დაწესებულებაში“ არსებული ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად უნდა განვიხილოთ ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ამოცანების შესრულებას, ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის წინააღმდეგ”, II-22). ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია განიმარტოს, სადავო ნორმით იზღუდება თუ არა ადამიანის უფლება, გააჩნდეს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

19. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება შეეხება საგამოძიებო ორგანოს ხელთ არსებულ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სისხლის სამართლის საქმის მასალებს. აღნიშნულ მასალებს, როგორც წესი, ფლობს და ამუშავებს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო – პროკურატურა. თავის მხრივ, ცალსახაა, რომ პროკურატურა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის საგამოძიებო ორგანოები წარმოადგენენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით.

20. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით, დაზარალებულს (მის უფლებამონაცვლეს) მარტოოდენ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება ეძლევა და ეზღუდება ასლების მიღების შესაძლებლობა. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ „გაცნობა“ პრაქტიკაში მოიაზრებს ინფორმაციის ზეპირ მიწოდებას ან ცალკეულ შემთხვევაში მარტოოდენ დოკუმენტების წაკითხვის შესაძლებლობას მათი ელექტრონული ან სხვა საშუალებით კოპირების გარეშე. მოპასუხე მხარე ადასტურებს მოსარჩელის განცხადებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებული მოწესრიგების ფარგლებში ინფორმაციის გაცნობა არ გულისხმობს საქმის მასალების ასლების მიღებას.

21. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე შეეხება დაზარალებულის მიერ ისეთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რომელიც მოიცავს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, „დაზარალებულად“ ცნობას და შესაბამის დანაშაულთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს „საჯარო დაწესებულებაში მასზე (დაზარალებულზე) არსებულ ინფორმაციად“ კონსტიტუციის მე-18 (2) მუხლის გაგებით. იმავდროულად, მხედველობაში მისაღებია, რომ სისხლის სამართლის მასალები წარმოადგენს სწორედ იმგვარ ინფორმაციას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ერთი მხრივ, დიდი მოცულობისაა, ხოლო, მეორე მხრივ, საჭიროებს კომპლექსურ შესწავლას, სკრუპულოზურ გამოკვლევასა და ანალიზს, აგრეთვე, სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას, სათანადო დარგობრივი კომპეტენციის ექსპერტის, იურისტის განმარტებასა თუ შეფასებას. შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, რომ დაზარალებულმა, საქმის მასალების ადგილზე წაკითხვის დროს, დამოუკიდებლად ვერ შეძლოს შესაბამისი ინფორმაციის მართებულად, ადეკვატურად აღქმა, გააზრება, ინტერპრეტირება და, ამის გამო, ჩამოაყალიბოს არასწორი დასკვნები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ან სრულებითაც ვერ შეძლოს ინფორმაციის მიზნობრივად გამოყენება. მაშინ როდესაც, თუ მას ხელთ ექნებოდა დოკუმენტების ასლები, შესაძლებლობა ექნებოდა, სხვა დროსაც, უფრო მშვიდ გარემოში განმეორებით მოეხდინა მათი გაცნობა და მიეღო მათზე კვალიფიციური განმარტებები თუ კონსულტაციები. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალების მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, მათი გაცნობა, ზოგჯერ, შესაძლოა, მოითხოვდეს საკმაოდ ხანგრძლივ დროს, მათ შორის, მრავალსაათიან შრომასა და ყურადღების კონცენტრაციას. ისევე როგორც სავსებით დასაშვებია, რომ საქმის დიდი მოცულობის შემთხვევაში დაზარალებულმა ვერ მოახერხოს ყველა იმ ინფორმაციის ამოწერა, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამდენად, სისხლის სამართლის მასალების მარტოოდენ ადგილზე გაცნობის და თუნდაც წერილობითი ჩანაწერების ხელით გაკეთების შესაძლებლობა დაინტერესებული პირისათვის (დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლისათვის) ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის ეფექტიანი, სრულფასოვანი გაცნობის შესაძლებლობას, აკნინებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალურ შინაარსს, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა, სრულიად აზრს მოკლებულს ხდიდეს მას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით, დაზარალებულისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლის გაცემის აკრძალვით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ამგვარად, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას.

4. უფლების შეზღუდვის გამართლება

4.1 შეფასების ტესტი

23. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის არ არის აბსოლუტური და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

24. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

4.2 უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საჯარო მიზანი

25. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

26. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე როგორც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, ისე საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელეს გამოძიების ინტერესების დაცვა. კერძოდ, მათი პოზიციით, დაზარალებულისათვის საქმის მასალების ასლების გადაცემით, გამოძიების ინტერესები დადგება იმაზე მეტი რისკის წინაშე, ვიდრე ამგვარი ინფორმაციის მარტოოდენ გაცნობით. მათი განმარტებით, არსებობს დაზარალებულის მიერ საქმის მასალების როგორც განზრახ, ისე უნებლიედ გავრცელების საფრთხე. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ სარწმუნო დოკუმენტების გასაჯაროებამ იმაზე მეტი საფრთხე შეიძლება შეუქმნას გამოძიების ინტერესებს, ვიდრე დაზარალებულის მიერ ზეპირად გაკეთებული განმარტებების გავრცელებას მოჰყვებოდა.

27. მართალია, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობის კონსტიტუციით დადგენილი უფლება მოიაზრებს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრეზუმფციას, თუმცა, იმავდროულად, კონსტიტუცია დასაშვებად აცხადებს სათანადო საფუძვლის არსებობისას მისი შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. შესაბამისად, აღნიშნული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო უფლებამოსილია, ესა თუ ის ინფორმაცია მიიჩნიოს სახელმწიფო საიდუმლოებად. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმის პირობებში გამოძიების ინტერესების დაცვა რამდენად წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა.

28. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ამდენად, სადავო ნორმა, ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე, დაზარალებულისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას უშვებს გამოძიების ინტერესებთან მიმართებაში მისი შემოწმების შედეგად. შესაბამისად, საქმის მასალებს და ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დაზარალებული ეცნობა მაშინ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. თუმცა აღნიშნული, თავისთავად, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ფართო საზოგადოებისათვის, სხვა პირთათვის იგივე მოცულობის ინფორმაციის გამჟღავნება ასევე არ შეეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, არ იქნება გამოძიებისთვის ზიანის მომტანი ან შესაბამისი რისკის შემცველი.

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ კონსტიტუციით დაშვებულია, ცალკეულ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა გამოძიების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი დოკუმენტების ასლის გაუცემლობით იზღუდებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „დანაშაული გავლენას ახდენს როგორც ერთ ან რამდენიმე ინდივიდზე (დაზარალებულზე), ისე მთელს საზოგადოებაზე, რადგან კონკრეტული ადამიანის გარდა, ზიანს აყენებს ადამიანებს შორის შეთანხმებულ საზოგადო წესრიგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). იმავდროულად, „სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალდამრღვევთა დევნისა და პასუხისგებაში მიცემის მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს. სახელმწიფოს დისკრეციის და, იმავდროულად, პასუხისმგებლობის სფეროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საერთო შეთანხმების საგნად ქცეული სავალდებულო ქცევის წესების დარღვევის გამოვლენა, ... მაშასადამე, ბრალმდებლის ფუნქცია უნდა იტვირთოს სახელმწიფომ, საამისოდ შექმნილი შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ სათანადო კომპეტენცია, კვალიფიკაცია და მოქმედებენ საზოგადოების სახელით, კერძო ინტერესის გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

30. სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოძიების სათანადოდ და შედეგიანად წარმართვა წარმოადგენს საზოგადებისათვის მნიშვნელოვან, მისი თითოეული წევრის უპირობო ინტერესს, რამდენადაც დანაშაულზე სათანადო რეაგირება ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგისა და უფლებების, თავისუფლებების დაცვას. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი სისტემის არსებობა, რომელის ფარგლებშიც ეფექტიანად წარიმართება სისხლის სამართლის გამოძიება. ამდენად, გამოძიების დაცვის მოტივი მნიშვნელოვანი, ღირებული კონსტიტუციური სიკეთეა, რომლის დასაცავადაც დასაშვებია საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა.

31. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძების ინტერესების დაცვა წარმოადგენს იმ ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება.

4.3 გამოსადეგობა

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავადად არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, არამედ აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის მოთხოვნასაც. თავის მხრივ, ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

33. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანია გამოძიების ინტერესების დაცვა. სადავო ნორმა დაზარალებულს/ მის უფლებამონაცვლეს უწესებს შეზღუდვას, ასლის სახით არ მიიღოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი და სისხლის სამართლის საქმის მასალები.

34. ზოგადად, სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და გამოძიების მიმდინარეობა კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომლის განმავლობაშიც გამოძიების ინტერესების დაცვა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული. გამოძიების ინტერესებსა და სათანადოდ წარმართვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამოძიების შედეგად შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და დაცვა. გამოძიების მიმდინარეობისა და საქმის მასალების შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის სახით გაცემას შესაძლოა, შედეგად მათი გასაჯაროება და, შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლა, მასში ჩარევა მოჰყვეს. კერძოდ, მოხდეს მოწმეებზე ზემოქმედება, მათი დაშინება, ნივთმტკიცებების განადგურება, ყალბი მტკიცებულებების შექმნა, დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების მიმალვა, გამოძიებისთვის თავის არიდება, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საფრთხის შექმნა და სხვა. ამდენად, გამოძიების წარმართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს ტვირთი, მათ შორის, გამოძიების მასალების, მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის სათანადო დაცვასაც მოიაზრებს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სწორედ საგამოძიებო ორგანოების დისკრეციას განეკუთვნება ინფორმაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტა, მისი გასაჯაროების თანმდევი რისკების შეფასება.

35. თუნდაც იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების დაზარალებულისათვის (მისი უფლებამონაცვლისათვის) გაცნობა არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ დაზარალებულის მიერ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის სახით მიღებამ და შემდგომ ფართო საზოგადოებისათვის გასაჯაროებამ განსხვავებული შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის, უფრო მეტი ზიანი მოუტანოს მთლიანად გამოძიების პროცესს. ლოგიკურია, დაზარალებული ვერ მოახდენს მთელი იმ ინფორმაციის სრულად გავრცელებას/გასაჯაროებას, რაც მისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის შემცველი მასალების წაკითხვით და თუნდაც მათგან ზოგიერთი ამონაწერის გაკეთების შედეგად. საქმესთან დაკავშირებული ცალკეული ინფორმაციის გამჟღავნება იზოლირებულად, შესაძლოა არც იწვევდეს გამოძიების ხელშეშლას, მაშინ როდესაც საქმის მასალებში არსებული დოკუმენტების გავრცელებამ შეიძლება სრულად გაამჟღავნოს ჩატარებული გამოძიების დეტალები, გამოძიების ტაქტიკა, გეგმა, მიმართულება, გამოძიების ბუნება, მიმდინარეობა, ფარგლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მასალების მატერიალური (ასლის) სახით გავრცელება ქმნის იმის მეტ წინაპირობას, რომ წარმოჩინდეს გამოძიების სრული სურათი, ცნობილი გახდეს არა მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც უკვე იქნა მოძიებული და დამუშავებული, არამედ ისიც, თუ რა არის გამოძიებისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი და უცნობი. ამდენად, გამოძიების მასალების სრული ლუსტრაციის პირობებში, მეტია ალბათობა, რისკი შეექმნას გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებს, ხელი შეეშალოს საგამოძიებო ორგანოს საქმიანობას და საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.

36. აღნიშნულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც გამორიცხავს დაზარალებულის (მისი უფლებამონაცვლის) ხელმისაწვდომობას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაზე და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლებზე, ამცირებს მასალების სრულად გასაჯაროების შესაძლებლობას და, ამ გზით, ხელს უწყობს გამოძიების ინტერესების დაცვას. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შემზღუდველი ღონისძიება დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.

37. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში სადავო ნორმით დადგენილი უფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის შემოწმება იმის დადგენასაც გულისხმობს, თუ რამდენად იძლევა უშუალოოდ ეს ღონისძიება მიზნის მიღწევის საშუალებას, რამდენად უახლოვდება სახელმწიფო დასახულ საბოლოო მიზანს დასახელებული საშუალების გამოყენებით, თუმცაღა არ მოითხოვს, რომ ეს საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალება იყოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, „არასწორია იმის მტკიცება, რომ კანონი იმიტომ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, რომ იგი მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება არ არის“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).

38. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების გამოსადეგობას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ გაცნობილი ინფორმაციის გასაჯაროებამ, საქმის შესაბამისი დოკუმენტის ასლის გავრცელების გარეშე, თავისთავად, შესაძლოა, დააზიანოს გამოძიების ინტერესები და ამ მიზეზის გამო, არ იყოს ყველაზე ეფექტიანი საშუალება. ცალკე აღებული ის ფაქტი, რომ საქმის მასალების ასლების გადაღების აკრძალვა ამცირებს გამოძიებისათვის საფრთხის წარმოქმნის შესაძლებლობას, ცხადყოფს, რომ ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა გამოსადეგია დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით (იხ. mutatis mutadis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).

4.4 აუცილებლობა

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).

40. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის საფუძველზე, დაზარალებულს არ გააჩნია უფლება, ასლის სახით მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი სხვა დოკუმენტი. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ უფლების ამგვარი შეზღუდვა გამოსადეგია გამოძიების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაზარალებულისათვის (მისი უფლებამონაცვლისათვის) ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გამოძიების მასალების ასლის გაუცემლობა რამდენად ადეკვატურად პასუხობს აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობას.

41. ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაზარალებულის ინტერესია, მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული იქნეს გამოძიებული, რეალური დამნაშავე იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად დაკვალიფიცირებული და, საბოლოოდ, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ეფექტურ, ადეკვატურ ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობის განცდის დაკმაყოფილებას იმ გაგებით, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშული არ დარჩება რეაგირების გარეშე; რომ სახელმწიფო არ არის გულგრილი და ინდიფერენტული მისი პრობლემის მიმართ და რომ სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს გარანტიას მისი ინტერესების დაცვისთვის და უფლებების დარღვევის პრევენციისთვის. ადამიანს არ უნდა დარჩეს დაუცველობის განცდა ან შეგრძნება, რომ სახელმწიფო არ არის მონდომებული, მოტივირებული და ეფექტური ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილების უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

42. ჩვეულებრივ, სწორედ დაზარალებული წარმოადგენს გამოძიების სათანადოდ წარმართვით ყველაზე მეტად დაინტერესებულ სუბიექტს, ვინაიდან დანაშაული მისი ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის, მნიშვნელოვანი ტრავმისა თუ ტრაგედიის მიზეზია. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დანაშაულზე სათანადო რეაგირება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთია, დაზარალებული და სახელმწიფო მოკავშირეები არიან და საერთო მიზანი აქვთ, გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირი, განხორციელდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დამნაშავე, აღდგეს სამართლიანობა. თუმცა ინტერესთა თანხვედრა არათუ არ გამორიცხავს დაზარალებულის მხრიდან საგამოძიებო ორგანოების საქმიანობის კონტროლის საჭიროებას, არამედ ცალკეულ შემთხვევაში სასარგებლოსა და აუცილებელსაც კი ხდის მას. იმავდროულად, კონტროლის აუცილებლობას ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა - გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან შეცდომის დაშვების ანდა თვითნებობის რისკი. უდავოა, რომ გამოძიების მასალების გაცნობისას, დაზარალებული, გარდა იმისა, რომ თავის ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს, იმავდროულად, ახორციელებს გამოძიებაზე კონტროლს და გეგმავს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი ინტერესების დაცვის სტრატეგიასა და ტაქტიკას.

43. „ერთია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს პრეროგატივაა, მას აქვს კომპეტენცია და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ნებისმიერი დანაშაული, გამოავლინონ დამნაშავე და მის მიმართ გამოიყენონ პასუხისმგებლობის პროპორციული ზომა, მაგრამ, იმავდროულად, ცხადია, სისტემა უნდა იყოს ეფექტურად აწყობილი საიმისოდ, რომ არსებობდეს როგორც გამოძიების დაწყება-არდაწყების, ისე პროცესის და შედეგების სისწორის, მართლზომიერების შემოწმების შესაძლებლობა, რადგან კონტროლის ბერკეტების არარსებობა არის თავისთავადი პროვოკაცია ინდიფერენტული მიდგომისა და, შედეგად, შეცდომისთვის, ისევე როგორც თვითნებობისა თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50).

44. ამდენად, დაზარალებულის აღჭურვა სათანადო ინფორმაციით ემსახურება, ერთი მხრივ, მისი (დაზარალებულის) ინტერესების ეფექტიან დაცვას, მაგალითად, შესაძლებლობას, გაასაჩივროს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება; ხოლო, მეორე მხრივ - სასამართლოსთვის ან ზემდგომი პროკურორისათვის მიმართვის მეშვეობით, საგამოძიებო საქმიანობის კონტროლს. იმავდროულად, ინფორმირებული დაზარალებული უნარიანია, საგამოძიებო საქმიანობის ხარვეზიანობის შემთხვევაში მიიპყროს საზოგადოების ყურადღება, ამ გზით გაზარდოს გამოძიებაზე საზოგადოების კონტროლი. ამდენად, ინფორმაცია დაზარალებულის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ იარაღს წარმოადგენს გამოძიების თვითნებობის შესაზღუდად, საკუთარი უფლებების სწორად რეალიზებისთვის. შესაბამისად, ცხადია, რომ დაზარალებულს გააჩნია მომეტებული ინტერესი - გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას.

45. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია შესაძლოა, მრავალი კრიტერიუმითა თუ მახასიათებლით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. შესაბამისად, გარემოებებისა თუ ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, პიროვნების შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცემისა და გამოძიების ინტერესების დაცვის აუცილებლობა, ინდივიდუალურ შემთხვევაში, იქნება განსხვავებული. ამგვარად, ღირებულებათა კონფლიქტები გამოძიების ინტერესების დაცვისა და საჯარო დაწესებულებაში პირის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინტერესებს შორის იქნება განსხვავებული, რომელმაც სხვადასხვა შემთხვევაში ამ ინტერესების ინდივიდუალური დაბალანსების საჭიროება შეიძლება წარმოშვას. კერძოდ, იმის გადაწყვეტა, თუ რა სახის ინფორმაცია აზიანებს ან მომავალში დააზიანებს გამოძიებას, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესაფასებელი მოცემულობაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთანავე, ცხადია, რომ აღნიშნული შეფასებისას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოთა მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო, იგი უპირობოდ მოითხოვს საკითხის კეთილგონივრულ გადაწყვეტას და ყველა ჩართული კანონიერი ინტერესის შესაბამისად გათვალისწინებას.

46. მართალია, საგამოძიებო პროცესში მოპოვებული, გამოძიების მიმდინარეობისათვის რელევანტური, გამოძიებასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს საგამოძიებო ინფორმაციას, თუმცა მისი (ინფორმაციის) ამგვარი ბუნება გამჟღავნების შემთხვევაში, თავისთავად, ყოველთვის არ იწვევს კონკრეტული საფრთხის წარმოშობას გამოძიებისთვის. აღნიშნულს ცხადყოფს სადავო ნორმაც, რომელიც ითვალსიწინებს, გამოძიების ინტერესების შეფასების შედეგად, საქმეში არსებული ინფორმაციის დიფერენცირებას იმის მიხედვით, თუ რამდენად დამაზიანებელია ამა თუ იმ კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ინტერესებისათვის და ამის კვალობაზე რა შეიძლება გადაეცეს დაზარალებულს გასაცნობად და რა არა. თუმცა საქმეც ისაა, რომ სადავო ნორმა ადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე სრულყოფილი ხელმისაწვდომობის ანუ ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ასლის სახით მიღების ბლანკეტურ შეზღუდვას, კონკრეტული ინფორმაციის შინაარსის, ინდივიდუალური გარემოებების, შესაძლო ზიანის და დოკუმენტების გაცემას და ზიანის მოსალოდნელობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების არსებობისა თუ არარსებობის მხედველობაში მიღების გარეშე. არსებულ სამართლებრივ წესრიგში ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა იკრძალება ყოველთვის – მაშინაც, როდესაც ინფორმაციის მხოლოდ ნაწილობრივმა გასაჯაროებამაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს გამოძიებას და მაშინაც, როდესაც ინფორმაციის წერილობითი სახით გაცემა არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს გამოძიების ინტერესებისათვის და, პრაქტიკულად, არ არსებობს მასალების დაზარალებულისათვის გაუცემლობის რაიმე ლეგიტიმური ინტერესი.

47. ამავდროულად, შეზღუდვისას მხედველობაში არ არის მიღებული დროის ფაქტორი. კერძოდ, შეზღუდვა შენარჩუნებულია ისეთ პირობებშიც, როდესაც, მაგალითად, გამოძიება მიაღწევს იმ სტადიას, როდესაც შესაძლო დამნაშავე სუბიექტისათვის ცნობილი გახდება მისი მიმდინარეობის შესახებ ან როდესაც კონკრეტული ინფორმაციის ფარულობის დაცვა, მიზეზთა გამო, დაკარგავს რელევანტურობას. ამდენად, ცალსახაა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ყველა სახის დოკუმენტი თუ ინფორმაცია, მათი გამჟღავნების/გაცემის შემთხვევაში არ იქნება გამოძიებისათვის ერთნაირად საფრთხის შემცველი. უფრო მეტიც, შესაძლოა, ცალკეული ინფორმაცია გარკვეულ ეტაპზე საერთოდ აღარ იყოს იმ მნიშვნელობის მატარებელი, რაც მისი შემცველი დოკუმენტის ასლის დაზარალებულისათვის გადაცემაზე ანდა მის გასაჯაროებაზე უარს გაამართლებდა. ამასთან, შესაძლებელია, მოვლენების გარკვეულმა განვითარებამ სრულიად გააქარწყლოს ინფორმაციის გამჟღავნებით სავარაუდო ზიანის დადგომის რისკები. მაგალითად, მასალების დაცვის ინტერესი საერთოდ არ იარსებებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოძიების ორგანო თავად ახდენს მათ გასაჯაროებას ან ინფორმაცია საჯარო ხდება სხვა წყაროების (მასმედიის, დაცვის მხარის) მეშვეობით. აღნიშნულის მხედველობაში მიუღებლობის პირობებში, სადავო ნორმა სრულიად გამორიცხავს ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემის შესაძლებლობას მათი დიფერენცირებისა და კატეგორიზაციის საფუძველზე. შესაბამისად, ნაცვლად შეზღუდვის მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის პირობებში დაშვებისა, იმის უზრუნველყოფით, რომ უფლებაში ჩარევა, ჩარევის ფორმისა და ინტენსიურობის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ ვიწროდ მიმართულ ღონისძიებას, კანონმდებლობით დადგენილი მიდგომით, სასწორი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში a priori შეზღუდვის სასარგებლოდ არის გადახრილი. ამასთანავე, ცხადია, რომ ბლანკეტური აკრძალვის პირობებში, სადავო ნორმა გამოძიებაზე პასუხისმგებელ ორგანოს არ უტოვებს არავითარ დისკრეციას და მასთან ერთად – შესაბამის კრიტერიუმებსა თუ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მეშვეობითაც იგი თავად შეაფასებდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის დაზარალებულისათვის გადაცემის მიზანშეწონილობასა და დასაშვებობას გამოძიების რეალური ინტერესების გათვალისწინებით.

48. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია, კანონმდებლობით ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელთა ფარგლებშიც, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს შეფასების საგანი გახდება, თუ რამდენად არსებობს მასალების ასლის სახით გავრცელების შედეგად, გამოძიების ინტერესების დაზიანების რისკი. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება გამოძიების ინტერესების დაცვის რეალურ საჭიროებაზე და არა ჰიპოთეტურ რისკებსა თუ ბლანკეტურ აკრძალვებზე.

49. ბუნებრივია, ის, თუ რა მექანიზმით მოახდენს სახელმწიფო დაზარალებულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაზარალებულისათვის გადაცემის და ამ უკანასკნელის მხრიდან მისი გასაჯაროების შედეგად მოსალოდნელი ზიანის შეფასებას, კანონმდებლის დისკრეციის საგანს წარმოადგენს. იმავდროულად, სათანადო მექანიზმის შექმნისას კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო დადგეს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობა შეაფასოს არა მარტო გამოძიების ინტერესების, არამედ სხვა ჩართული ლეგიტიმური ინტერესების, მაგალითად, სხვა პირთა პირადი ცხოვრებისა თუ პერსონალური მონაცემების დაცულობის თვალსაზრისითაც, რის შესახებ ინფორმაციასაც დაზარალებულისათვის გასაცემი მასალები შეიცავს. ამგვარად, სახელმძღვანელო სტანდარტები, რომლებიც ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დისკრეციის ფარგლებით აღჭურავს, უნდა მოიზრებდეს ყველა ჩართული ლეგიტიმური ინტერესის ადეკვატური და სათანადო გათვალისწინების შესაძლებლობას. ასევე კანონმდებლის გადასაწყვეტია, თუ ვის დაეკისრება საქმის მასალების ასლების გადაღების ფინანსური ხარჯი - საკუთრივ დაზარალებულს თუ საგამოძიებო უწყებას ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებას. ნებისმიერი სისტემის შექმნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის სულისკვეთება, სახელდობრ პრინციპი, რომ საჯარო დაწესებულებაში პიროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის ამავე პიროვნებისათვის გაცემის უფლება იყოს წესი, ხოლო მისი შეზღუდვა – გამონაკლისი და შესაბამისი აუცილებლობით განპირობებული.

50. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ადამიანის უფლებას, გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, გამოძიების დაცვის მოტივით, ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობითა და მოცულობით, ვიდრე ეს აუცილებელია გამოძიების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას, არათანაზომიერია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტებისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1312 („კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი