დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1427-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.018176 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლია აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება, კენჭისყრის კაბინის გარდა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეუძლია აწარმოოს კომისიის სხდომის ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის (მონაცემების) ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც (რომლებიც), ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია.“. 2. 44-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მასთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში.“. 3. 45-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლის/თარჯიმნის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების/თარჯიმნების (არსებობის შემთხვევაში) სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი/თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 31 მარტი 2026 წ. N1427-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები