პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1619-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.103101
1619-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
100030010.05.001.103101
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პენიტენციურ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამსახურის სამსახურებრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა;

ე) მოსამსახურემ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი ან მოიხმარა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“.

 4. 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურში ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;“.

5. 23-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.“.

6. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი თანახმაა მისი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებაზე (წელიწადში არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა);“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა;“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.“.

7. 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი მიტოვების მომდევნო სამუშაო დღიდან ჩაითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.“.

8. 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

9. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათსა და ფოტოსურათის ელექტრონულ ვერსიას პატიმრობის დაწესებულება დაქტილოსკოპირებიდან და ფოტოგრაფირებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.

10. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით, 2 დღე-ღამემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, ან თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“.

11. 53-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.

2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.“.

12. 57-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და ამანათის მიღება-ჩაბარების წესები.“.

13. 62-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უსაფრთხოების ღონისძიების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებისა) განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

14. 66-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან ამ დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფის/სამსახურის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.“.

15. 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღე-ღამემდე ვადით;“.

16. 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“.

17. 82-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. მიღებულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს.“.

18. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 89. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით

სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან, სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 721 და 73-ე მუხლებით.“.

19. 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) 1 თანამშრომელი;“.

20. 91-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს.“.

21. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომ − პრობაციის ბიურო) და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.“.

22. 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეინახოს კვების პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში;“.

23. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 კალენდარული დღის ვადაში უპასუხოს.“.

24. 101-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებების სხვაგვარი ხელყოფა.“.

25. 104-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში ის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს საჩივრების ახალი ყუთი.“.

26. 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.“.

27. 109-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.“.

28. 113-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.“.

29. 116-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ამ კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 კალენდარული დღით ადრე. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.“.

30. 117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. თუ ფულადი გზავნილი ნაღდი ფულის სახით არის გამოგზავნილი, ის ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.“.

31. 120-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს იმავე დღეს უნდა მიეწოდოს.“;

ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

32. 121-ე მუხლის მე-5–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 კალენდარული დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ქალ მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ ან მასზე მოტივირებული უარის თქმის თაობაზე. მსჯავრდებულს ეს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება.

7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე. ამ შუამდგომლობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამსახურის გენერალური დირექტორი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან მოტივირებულ უარს ეუბნება. სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ.

8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს საოჯახო პაემანს და ამის თაობაზე განმცხადებელს აცნობებს.“.

33. 122-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პენიტენციური დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ორგანიზებას უწევს ხანგრძლივ პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიეწოდოს.“.

34. 123-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვიდეოპაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებულის განცხადება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარედგინოს ვიდეოპაემნის გამართვამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.“;

ბ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამსახური.

11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამსახურის წარმომადგენელი ახორციელებს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.“.

35. 124-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 124. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება

1. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება:

ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე;

ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად;

გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.

2. თუ აუცილებელია მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას.

3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მან უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო (შემდგომ − დანიშნულების ადგილი).

4. განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება არ მიეცემა  ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს.

5. პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე-ღამეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

6. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

7. სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დგინდება მსჯავრდებულის თანმხლებ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც მსჯავრდებულს აცილებენ პენიტენციური დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.

8. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები (გარდა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით. მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ხარჯების აუნაზღაურებლად.

9. მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

36. 126-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინაშე იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი. ამ ოქმის ერთი ასლი გირაოს შემტანს გადაეცემა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 სამუშაო დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“.

37. 1261 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 კალენდარული დღისა.“.

38. 141-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საავადმყოფოში მოწყობილი დროებითი საგუშაგო შედგება ესკორტირების ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შეიძლება სხვა მოსამსახურეებით გაძლიერდეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1619-Vმს-XIმპ