დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3616 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/09/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 24/09/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.016001 |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე–30-ე ნაწილები:
„27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა სახელით.
30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს.“.
2. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.“.
3. მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო მოქმედება. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ. ამ კოდექსით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებული საკითხები მისი არყოფნისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ადგილი არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის ადგილს, შეიძლება განიხილოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ ან გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.“.
4. 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან.“.
5. 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;“.
6. 31-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.“.
7. 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;“.
8. 34-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოძიების ორგანოები“.
9. 37-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა.“;
გ) მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;“.
10. 38-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი.“.
11. 48-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.“.
12. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.“.
13. 55-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.“.
14. 58-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორმა დაზარალებულს წინასწარ უნდა შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:
ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;
ბ) წინასასამართლო სხდომა;
გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;
დ) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ;
ე) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.“.
15. IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები
მუხლი 67. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ:
ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;
ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;
გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;
დ) პროცესის მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.
მუხლი 68. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეები
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეებია:
ა) საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;
ბ) პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო დოკუმენტის და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გასაიდუმლოება;
გ) ფსევდონიმის მინიჭება;
დ) უსაფრთხოების ზომების მიღება;
ე) გარეგნობის შეცვლა;
ვ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა.
მუხლი 69. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება
1. პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ, მათი თანხმობით, გამოიყენოს ამ თავით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება.
2. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
მუხლი 70. გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:
ა) დაცვის რომელი სპეციალური ღონისძიება გამოიყენება;
ბ) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება, და ამ ღონისძიების გამოყენების ვადა.
2. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო.
4. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, დასაცავი პირის ამოცნობისა და იდენტიფიცირების მონაცემების გარეშე, წერილობით ეცნობება მხარეებს, შუამდგომლობის ავტორს და იმ პირს, რომლის მიმართაც გამოიყენება ეს ღონისძიება.
5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
6. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
7. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების აღსრულების შესახებ 3 დღის ვადაში ეცნობება ამ ღონისძიების გამოყენების ინიციატორს.
მუხლი 71. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
1. ამ თავით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, პროკურორი, მთავარი პროკურორის თანხმობით, მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში პროცესის მონაწილის ჩართვის თაობაზე.“.
16. 74-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.“.
17. 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით.“.
18. 83-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის გადაცემის თაობაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.“.
19. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება
დაცვის მხარის მიერ ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს მხარის ფინანსურ მდგომარეობას. განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი.“.
20. 85-ე მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.“.
21. 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.“.
22. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია ანონიმური ცნობის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე.“.
23. 105-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 ნაწილები:
„4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.
6. თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.“.
24. 111-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.“;
გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.“.
25. 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, გამომძიებლის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.“.
26. 114-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოწმე უნდა დაიკითხოს შუამდგომლობის დაყენებიდან გონივრულ ვადაში. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ იკითხება.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:
„6. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაკითხულ იქნეს პირი, თუ:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ანდა ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გამოიყენება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი.“.
27. 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.“.
28. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების და გამომძიებლის დადგენილების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.“.
29. 122-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.“.
30. 131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა
1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.
2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა გამოიკითხოს ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.
5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.
8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.“.
31. XVI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები“.
32. 136-ე–138-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს:
ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო;
ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე;
გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შუამდგომლობებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 137. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 138. შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში შინაარსობრივ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
33. 139-ე–143-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
34. 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.“.
35. 160-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
36. 164-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
37. 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;“.
38. 169-ე მუხლის მე-6–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.
7. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.“.
39. 176-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.“.
40. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა შეატყობინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს.“.
41. 185-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).“.
42. 190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება იურიდიული დახმარების შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით.“.
43. 191-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. თუ დადგინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.“.
44. მე-200 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. პროკურორი სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროს მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები.“;
ბ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
9. თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“;
გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:
„11. თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსით დადგენილი წესები. გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი წარდგენიდან 24 საათში.“.
45. 205-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.“;
გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მსჯავრდებული შეიძლება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეში.
6. თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისგან და ბადრაგირების განხორციელება გართულებულია, სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია ბრალდებული საქმის განხილვისას დროებით მოთავსდეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის უახლოეს დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.“.
46. 207-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება განჩინებას აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, ასევე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული წესით წარდგენილი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებას.“.
47. 217-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორი ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება.“.
48. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 218. ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვა
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.
3. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი; მსჯავრდებულის შემთხვევაში დამატებით მხედველობაში მიიღება სასჯელის მოუხდელი ვადა. შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ცალსახად განპირობებულია ზემოაღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.
4. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, შეთანხმება, მისი პირობების შესაბამისად, ბათილად ჩაითვლება.
5. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და საქართველოს მთავარი პროკურორი.
6. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრალდებული ითვლება ნასამართლევად.
7. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების, სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.
8. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ამ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადება დაუშვებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.
9. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს განაჩენის გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ეს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.
49. 221-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 100 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში მითითებულ ვადაში. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე.
2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.“.
50. 223-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისთვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი კითხვები.“.
51. 224-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგან თორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.“.
52. 240-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.“.
53. 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.“.
54. 253-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს ბრალდებული, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან ან რომელიც არ გამოკვლეულა პროცესის განმავლობაში.“.
55. 254-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
56. 257-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება
თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა.“.
57. 261-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 4 ხმით.“;
ბ) მე-6–მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.
7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა მიერ მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებას ან რომელიმე მტკიცებულების მნიშვნელობას.
8. უფროსი მსაჯული ავსებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს, რომელშიც შეაქვს კენჭისყრის საერთო შედეგები და რომელსაც ყველა ნაფიცი მსაჯული ადასტურებს ხელმოწერით.“.
58. 264-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.“.
59. 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.“.
60. 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებული, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.“.
61. 283-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-7 ნაწილები:
„3. მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
4. მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ან გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
6. როდესაც მსჯავრდებულის შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
7. განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მოქმედებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
62. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2831 მუხლი:
„მუხლი 2831. საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
1. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განაჩენის გამომტან შესაბამის სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ განაჩენის გამომტანი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ.
3. განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების საკითხს განაჩენის გამომტანი სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს მსჯავრდებულის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის გადმოცემიდან 48 საათისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადდება იმ პერიოდში, როდესაც შეუძლებელი იყო საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით განაჩენის გამომტან სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის ასლიც ეგზავნება მსჯავრდებულს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ განაჩენის რომელი ნაწილი ექვემდებარება აღსრულებას და მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადებას.
7. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ და მსჯავრდებულს აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება, მისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც აღარ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.
8. მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადებული განაჩენი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ; პირის მიმალვის შემთხვევაში განაჩენის გამომტან სასამართლოს ერთპიროვნულად გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ.“.
63. 284-ე და 285-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 284. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
1. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
2. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისგანაც გათავისუფლდეს.
მუხლი 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეცვლა
1. ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის ან თავისუფლების შეზღუდვის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირი სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
5. გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. თუ სასამართლო უარს იტყვის ამ მუხლით გათვალისწინებული წარდგინების ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმავე საკითხზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.
7. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას შეიძლება მსჯავრდებულს დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.“.
64. 289-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 289. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს განსჯადობის დაცვით, მსჯავრდებულის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო.
2. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
3. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის თაობაზე საქართველოს სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
4. განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, აგრეთვე განაჩენის გამოტანის დრო;
ბ) მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის საქართველოში უკანასკნელი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებისა და საქმიანობის შესახებ;
გ) იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომლის ჩადენაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) სასჯელის სახე და ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა საქართველოში უნდა მოიხადოს, სასჯელის მოხდის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და ზიანის ანაზღაურების წესის მითითებით.
5. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდა ხდება იმავე წესით და იმავე პირობებში, როგორშიც საქართველოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდა საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის.
6. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განაჩენის გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში ასეთი განაჩენის აღსრულების საკითხი წყდება ამ მუხლის შესაბამისად.
7. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის აღსრულების თაობაზე საქართველოს სასამართლოს განჩინების ასლი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების შემდგომი ინფორმირების მიზნით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
8. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან/და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განაჩენით დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის მიმართ.
9. საქართველოში სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილი პირის მიმართ გამოიყენება განაჩენის გამომტანი უცხო სახელმწიფოსა და საქართველოს მიერ გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი ამ აქტით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
65. 290-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროკურორი უფლებამოსილია განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.“.
66. 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.“.
67. 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება;“.
68. მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.“.
69. 329-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
70. 330-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.“.
71. 332-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი
2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (მათ შორის, 305-ე მუხლის მე-5 ნაწილით) დადგენილი წესით.“.
72. 333-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 24 სექტემბერი.
№3616–რს
დოკუმენტის კომენტარები