დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3880-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 69, 15/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016080 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება საურავის, გაფრთხილების, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
2. 289-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები“;
ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4 000 ლარისა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.“;
გ) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 7 დეკემბერი.
№3 8 80– II ს
დოკუმენტის კომენტარები