დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4631-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110519014, 19/05/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.016313 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 83-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.“.
2. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება
დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს მხარის ფინანსურ მდგომარეობას. განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი.“.
3. 112-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).“.
4. 144-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.“.
5. 185-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.“.
6. 206-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; განჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).“.
7. 213-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე იხილება შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს.“.
8. 216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 216. განაჩენის გადაცემა
განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატს და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის ასლები.“.
9. 285-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.“;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მსჯავრდებულად ყოფნის პერიოდში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4631-Iს
დოკუმენტის კომენტარები