დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4868-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110706012, 06/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.016370 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1681 და 1682 მუხლები:
„მუხლი 1681. განრიდება
1. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს:
ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება;
ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;
გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;
ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 140 საათიდან 800 საათამდე.
2. განრიდება არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431, 1432, 1433, 144-ე, 1441, 1442 და 1443 მუხლებით, აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.
3. თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მუხლი 1682. განრიდების გამოყენების წესი
1. პირისათვის (განრიდების სუბიექტისათვის) განრიდების შეთავაზება ხორციელდება წერილობითი ფორმით. მასში მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.
2. პირს (განრიდების სუბიექტს) წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ის სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განრიდების გამოყენება შესაძლებელია წინასასამართლო სხდომის გამართვამდე.
5. განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
6. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს ამ კოდექსითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.“.
2. 206-ე მუხლის მე-12 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 21 ივნისი.
№4868-რს
დოკუმენტის კომენტარები