დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5626-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.016595 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 47-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ერთ წელზე მცირე ვადით.“.
2. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.
3. 73-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“;
ბ) მე-4−მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.
6. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი.
7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.
8. თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან თავისუფლების შეზღუდვის მოხდის მომენტიდან.
9. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო.“;
გ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12−მე-14 ნაწილები:
„12. თუ ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა თავისუფლების შეზღუდვის მოხდისას:
ა) ჯიუტად თავი აარიდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს თავისუფლების შეზღუდვა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, თავისუფლების შეზღუდვის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს თავისუფლების შეზღუდვას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს თავისუფლების შეზღუდვას. გამონაკლის შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა თავისუფლების შეზღუდვის სახით, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, თავისუფლების შეზღუდვის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.
მუხლი 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 285-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“.
მუხლი 3. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით.“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შინაგანაწესსა და სარეაბილიტაციო პროგრამებს ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია: ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია) და რეაბილიტაცია (მსჯავრდებულის გამოსწორება და საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნება).
2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის მიზნებს ახორციელებს მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულის აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მისი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობითა და დახმარებით.
3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.
4. პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.
5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისა, ასევე შესაძლებელია სხვა მიზნებისათვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტერიტორიული ორგანოები − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება (შემდგომ − დაწესებულება), რომელსაც ხელმძღვანელობს დაწესებულების უფროსი.
2. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, დაწესებულების დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დაწესებულებაში შექმნილი პირობები არ უნდა ლახავდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას.
4. დაწესებულებაში შექმნილი პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
5. დაწესებულებებია:
ა) სრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება;
ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება;
გ) ქალ მსჯავრდებულთა დაწესებულება.
6. დაწესებულებაში სასჯელს იხდის:
ა) მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა;
ბ) მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით.
7. დაწესებულების ფუნქციონირების სრულ უზრუნველყოფას, მათ შორის, მსჯავრდებულთა სათანადო დაზღვევით, კვებით, სამუშაო, სასწავლო, ჯანმრთელობის დაცვისა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
8. დაწესებულების საქმიანობის წესი, სტრუქტურა, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული რაოდენობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მსჯავრდებულთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.“.
6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.“.
7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. დაწესებულების უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:
ა) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე;
ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში − თავისუფლების შეზღუდვის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე.
6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულების უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით წარდგინებით მიმართავს სასამართლოს.“.
8. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას;“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X1 თავი:
„თავი X1
სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის აღსრულება
მუხლი 441. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების წესი
1. თავისუფლების შეზღუდვის აღსრულება ხორციელდება დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გეგმის (პროგრესული გეგმის) მიხედვით, რომლის პირობებსაც განსაზღვრავს დაწესებულების უფროსი.
2. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღების შემდეგ მსჯავრდებულს, საჭიროებიდან გამომდინარე, განესაზღვრება დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, ასევე მისი თანხმობით, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ განესაზღვრება შრომითი საქმიანობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიულ პირში.
3. თავისუფლებაშეზღუდული პირის შრომითი საქმიანობა ანაზღაურებადია.
4. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამავე კანონის V თავით დადგენილი წესი.
მუხლი 442. სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პირობები
1. თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პირობები გულისხმობს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის დაწესებულებაში მუდმივად ყოფნას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არასამუშაო და უქმე დღეებისა, თუ დაწესებულების ტიპური დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულების ტერიტორიიდან გასვლა დაწესებულების უფროსის წერილობითი ნებართვის გარეშე. ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ ტერიტორიის დატოვების მიზეზის დასაბუთების შემდეგ.
3. დაწესებულებაში ყოფნისას მსჯავრდებული სარგებლობს ინტერნეტით, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, აგრეთვე ხანმოკლე პაემნის უფლებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მშობელთან, მშვილებელთან, შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, დასთან, ძმასთან.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით.
მუხლი 443. სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა.
2. სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულება.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტო მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.
4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
მუხლი 444. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები
1. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მსჯავრდებულმა შესაძლებელია იმუშაოს დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა.
მუხლი 445. დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
დაწესებულებაში განთავსებულია პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი.
მუხლი 446. მსჯავრდებულის სამუშაო პირობები
დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობები.
მუხლი 447. თავისუფლების შეზღუდვის ვადის ათვლა
თავისუფლების შეზღუდვის ვადა აითვლება მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან.“.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 27 დეკემბერი.
№5626–რს
დოკუმენტის კომენტარები