დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 24/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.130.000.05.001.001.133 |
საქართველოს კანონი
„მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტს, გარდა მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 23-ე მუხლისა, აგრეთვე მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, სიტყვის „მცირე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საშუალო“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე მცირე და საშუალო საწარმოებს განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობებს:
ა) მცირე საწარმოებისათვის – 20 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს;
ბ) საშუალო საწარმოებისათვის – 100 დასაქმებულსა და 1500 ათას ლარს.“.
3. მე-3 მუხლს სიტყვის „მცირედ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან საშუალოდ“.
4. მე-4 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებსა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს სიტყვის „მცირე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან საშუალო“.
5. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს სიტყვის „დირექტორს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მცირე და საშუალო საწარმოთა“.
6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექვსი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელია.“.
7. მე-12 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი–მე-4 პუნქტები:
„1. საბჭო საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას.
2. მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო, რეგიონული და დარგობრივი პროგრამების საფუძველზე. ამ პროგრამებში უნდა აისახოს:
ა) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისა და საწარმოთა საქმიანობის პერსპექტიული მიმართულებები;
ბ) სამეწარმეო საქმიანობაში სოციალურად დაუცველი ფენების ჩართვა;
გ) მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ღონისძიებები;
დ) კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
ე) სახელმწიფო ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული რესურსების, აგრეთვე მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავებებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შეღავათიანი პირობების შექმნის წინადადებები;
ვ) ინვესტიციების (მათ შორის, უცხოური ინვესტიციების) მოზიდვისა და გამოყენების სისტემის ჩამოყალიბების წინადადებები;
ზ) მცირე და საშუალო საწარმოთა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის წინადადებები;
თ) მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები;
ი) პროდუქციის წარმოებისას ან მომსახურების გაწევისას სახელმწიფო შესყიდვების განთავსების დროს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის პრეფერენციების დადგენის წინადადებები;
კ) მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
3. მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამებს, მიგრაციის პოლიტიკის განხორციელებას, ეკოლოგიური და სხვა პრობლემების გადაწყვეტას.
4. მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერ ორგანიზაციებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად დაამუშაონ და განახორციელონ მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობის პროგრამები, შექმნან მხარდაჭერის ფონდები, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარადგინონ ცალკეული პროექტები და წინადადებები სახელმწიფო და რეგიონულ პროგრამებში მათი ჩართვის მიზნით.“.
8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვით „დირექტორი“.
9. მე-16 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საკონსულტაციო“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-17 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) ადგილობრივი და უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1641–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები