საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 741-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017005
741-IIს
14/06/2013
ვებგვერდი, 27/06/2013
090000000.05.001.017005
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-3 მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.“.

    2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. განმეორებით დაკავების, ბრალის წაყენებისა და მსჯავრდების აკრძალვა

   1. დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულებების ან/და ინფორმაციის საფუძველზე.

   2. არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.“.

    3. 42-ე მუხლის:

    ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის დაუშვებლობა“;

    ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, აჭიანურებს საქმის განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს ან მსჯავრდებულს დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას.

  4. თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არაუმეტეს 10 დღით. თუ ადვოკატი ამ ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში, მოქმედებს ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი.“.

    4. 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების, ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.“.

     5. 72-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.“.

     6. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. პრეიუდიცია

     1. გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება:

     ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი;

     ბ) განაჩენი ნასამართლობაზე;

   გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის;

    დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

   2. მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.“.

    7. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

   „3. მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    8. 76-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.

    3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.“.

    9. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება

  დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.“.

    10. 85-ე მუხლის:

    ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.“;

   ბ) მე-17 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

   11. 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.“.

   12. 105-ე მუხლის:

   ა) პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 1641, 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 339-ე, 3391, 3481, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები);“;

   ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით;“.

   13. 111-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.

   2. დაცვის მხარის უფლება, შუამდგომლობით მიმართოს  სასამართლოს  საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე. დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისათვის, ამ კოდექსის თანახმად, საჭიროა ასეთი ნებართვა.“.

   14. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

  „10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს.“.

   15. 144-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.“.

   16. 156-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 156. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება

   ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში. ეს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორს, ბრალდებულს ან/და პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან.“.

   17. 195-ე მუხლის:

   ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.“;

   ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად.“.

   18. 207-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

  2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა ასევე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.“.

   19. 240-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.“.

   20. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

   ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

  ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.“.

    21. 284-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

    22. 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს.“.

    23. მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს.“.

   24. 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.“.

    მუხლი 2

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

   3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 ივნისი 2013 წ.

N741-IIს