საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 864-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016074
864-რს
25/07/2013
ვებგვერდი, 19/08/2013
010190020.04.001.016074
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ ქვეპუნქტი:

„ჰ6) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა (ანკეტირება), აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირზე ეს დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის შემდეგ;“.

2. მე-3 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;“.

3. 25-ე მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.

2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.“;

ბ) მე-15−მე-19 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

 ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი  საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.

2. დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.“.

5. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.“.

6. 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.    

 7. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც, ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;“.

8. 78-ე მუხლის:

ა) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.“.

9. 116-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 184მუხლი:

„მუხლი 1841. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი

1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე იმ პირთა სია, რომელთაც გავლილი აქვთ ბიომეტრიული რეგისტრაცია. საქართველოში მყოფი ამომრჩევლისათვის ბიომეტრიული რეგისტრაცია დასრულდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ამომრჩეველთა ერთიანი სია იყოფა საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასეთის არარსებობის შემთხვევაში − შესაბამისი პირის მიერ მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის მიერ მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;

ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი (ბიომეტრიული რეგისტრაციის თარიღი);

ზ) ბიომეტრიული ფოტოსურათი (ბიომეტრიული რეგისტრაციის დროს გადაღებული ბიომეტრიული ფოტოსურათი);

თ) სქესი.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირის შესახებ მონაცემები − მათი დროებითი/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი, სქესი) თავის ვებგვერდზე მუდმივად განთავსებისა და განახლებისათვის.

5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება ამ მუხლით დადგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესით, სააგენტოს მიერ წარმოებულ სამოქალაქო რეესტრში არსებულ (ასახულ) აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემებისა და ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა მიერ გადმოცემული მონაცემების საფუძველზე.

6. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისას არ გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ გადაცემული გარდაცვლილი ან საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო.

 7. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებას ახდენს სააგენტო თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების, ტერიტორიული სამსახურების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და იურიდიული პირების მეშვეობით, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან/იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტო ამომრჩეველთა ბიომეტრიულ რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი წესების დაცვით:

ა) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ჯგუფი საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, პირველ რიგში, სთხოვს პირადობის მოწმობის, პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ დოკუმენტის წარმოდგენას, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, და ერთ-ერთი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ახდენს ახალი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას − ბიომეტრიულ რეგისტრაციას (ანკეტირებას). ბიომეტრიულ ფოტოსურათზე მითითებული უნდა იყოს მისი გადაღების თარიღი, რომელიც მიიჩნევა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღად;

ბ) თუ მოქალაქე ვერ წარმოადგენს რომელიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, მაშინ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ჯგუფი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებამდე, სამოქალაქო რეესტრში არსებული (ასახული) აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირის ელექტრონული სურათის მასთან შედარების და სხვა მონაცემების გამოკითხვის მეშვეობით, ამოწმებს პირის შესაბამისობას სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ახდენს ახალი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას და ამ წესის დაცვით იწყებს ანკეტის შევსებას;

გ) მონაცემები მოწმდება მოქალაქის ვერბალური გამოკითხვით, მისი პირადობის მოწმობის, პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებთან შედარებით. შემდეგ ხდება შედარებული მონაცემების კოპირება ახალ ანკეტაში. იმ მონაცემთან დაკავშირებით, რომელიც არ დაემთხვევა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემს ან/და რომელზედაც მოქალაქეს ექნება შენიშვნა, ახალი ანკეტის შესაბამის გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა;

დ) სამმხრივად შემოწმებული მონაცემების სისწორეს ამომრჩეველი ადასტურებს ელექტრონული ხელმოწერით, რის შემდეგაც მას ეძლევა ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი ცნობა. თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლია ელექტრონული ხელმოწერის შესრულება, მონაცემების სისწორე დადასტურდება სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ანკეტაში აკეთებს აღნიშვნას ამ ფაქტთან დაკავშირებით;

ე) ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციისათვის გაიხსნება სპეციალური პუნქტები, სადაც მოხდება მათი მონაცემების ბიომეტრიზაცია ამ მუხლში მითითებული წესების დაცვით;

ვ) ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია ამ მუხლში მითითებული წესების დაცვით ასევე შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში მათი პირადად გამოცხადებით ან/და „კარდაკარის“ პრინციპის გამოყენებით.

8. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება სააგენტოს მიერ წარმოებულ სამოქალაქო რეესტრში არსებული (ასახული) მონაცემების შესაბამისად. ბიომეტრიული რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა პირის სახელზე ბოლოს გაცემული დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის/საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის) გაცემის თარიღი.

9. სააგენტო უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების დაშვებას, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, რომლებიც, თავის მხრივ, ვალდებული არიან, უზრუნველყონ აღნიშნულ ბაზაში იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ მონაცემების უწყვეტ რეჟიმში ასახვა. ასახული მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელი არიან ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა უფლებამოსილი პირები. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და შესაბამის დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულებით.

10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების სახელწოდებების/ნომრების ცვლილების თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

11. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ორგანოები და დაწესებულებები, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისა, ვალდებული არიან, მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მიაწოდონ მათ მიერ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესატანი მონაცემები ან/და შეტანილ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

12. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას გაეცნოს სააგენტოს ვებგვერდზე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-17 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ სააგენტოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა). მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. ამომრჩევლის განცხადებას მის და მისსავე მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლის შესახებ მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის გამო ცვლილების შეტანის შესახებ სააგენტო განიხილავს და წყვეტს განცხადების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა.

14. სააგენტოს გადაწყვეტილება ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ 2 დღის ვადაში, ხოლო საარჩევნო პერიოდში − დაუყოვნებლივ, ეცნობება განმცხადებელს.

15. სააგენტოს გადაწყვეტილება ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა, გადაეცემა სააგენტოს. სააგენტო ვალდებულია სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ შეიტანოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

16. სააგენტო ამ მუხლში მითითებული წესების დაცვით ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენასა და ცესკოსათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2014 წლის 15 მარტისა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა, ხოლო ცესკოს მოთხოვნის შემთხვევაში − მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-11 დღისა, გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.

17. ის ამომრჩეველი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაივლის ბიომეტრიულ რეგისტრაციას და საქართველოში დაბრუნდება არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10 დღისა, კენჭისყრის დღის ჩათვლით, უფლებამოსილია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან გაიაროს ბიომეტრიული რეგისტრაცია. ბიომეტრიული რეგისტრაცია დაუყოვნებლივ ხორციელდება და ამომრჩეველს ეძლევა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი ცნობა. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია აღნიშნული ცნობის წარმოდგენისთანავე შეიყვანოს ამომრჩეველი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და მისცეს ხმის მიცემის უფლება.

18. საუბნო საარჩევნო კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანასა და ხმის მიცემის უფლების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე წერილობით დასაბუთებული უნდა იყოს და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამომრჩეველს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონით დადგენილი წესით.

19. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის საჭირო თანხები სააგენტოს გამოეყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

20. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სააგენტოს/სატენდერო კომისიის ქმედების/გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურის შეჩერებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ივლისი 2013 წ.

N864-რს