საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2634-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017493
2634-რს
01/08/2014
ვებგვერდი, 18/08/2014
090000000.05.001.017493
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებით, აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.“.

  2. 83-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.“.

  3. 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310 მუხლების დებულებები.“.

  4. 137-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310 მუხლების დებულებები.“.

  5. 138-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310  მუხლების დებულებები.“.

  6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVIთავი:

„თავი XVI1

ფარული საგამოძიებო მოქმედებები

 

  მუხლი 1431. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეები

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:

  ა) სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

  ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

  გ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;

  დ) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება;

  ე) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

  2. დასაშვებია ერთდროულად რამდენიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.

  მუხლი 1432. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპები

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 143მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას.

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.

  4. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან  გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

  5. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები (ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

  მუხლი 1433. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

  2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ:

  ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე მუხლის პირველი ნაწილი,  134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი,  180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე და 306-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;

  ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს  ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს;  

  გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება;

  დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე  ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან  გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

  3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.

  4. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველსაყოფად კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი იყენებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ შესაძლებლობას, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან განათავსებს და ამონტაჟებს სათანადო აპარატურას და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებს.

  5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისათვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესებით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე  შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის განჩინება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.    

  6. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შუამდგომლობით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. პროკურორმა შუამდგომლობაში უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს სასამართლოში მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ  მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

  ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

  ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ.

  7. მოსამართლის განჩინება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.      

  8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 1438 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.  

  9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რომელზედაც არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი, ხოლო ამ ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი გადაწყდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გაუთვალისწინებლად.    

  10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის  შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა  ნებადართული ან რომელი ასეთი მოქმედებაა კანონიერად ცნობილი, სად, დროის რა მონაკვეთში და ვის მიმართ უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ვისზე ვრცელდება ეს ფარული საგამოძიებო მოქმედება; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის საჭირო სხვა მონაცემები; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).

  11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).

  12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

  13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 15 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.

  14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული  გადაწყვეტილება  შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

  15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ კოდექსის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული  გადაწყვეტილება  შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

  16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ  ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და ბრალდების მხარეს გადაეცემა.  

  17. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

  მუხლი 1434. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანო

  ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

  მუხლი 1435. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ ორგანოს.

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები. 

  მუხლი 1436. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ:

  ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა;

  ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს;

  გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა;

  დ) გავა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ადგენს ოქმს, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტული ადგილი და იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ეს ოქმი დაუყოვნებლივ წარედგინება პროკურორს, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით − დაცვის მხარეს.

  მუხლი 1437. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მინიმუმამდე დაყვანა

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანო (პირი) ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდოს იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.

  2. სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

  მუხლი 1438. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს.

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

  4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა.

  5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.

  6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.

  მუხლი 1439. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს).

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 143მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი.

  4. თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის მიწოდების გადავადება არაუმეტეს 12 თვისა. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისათვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებას და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში, ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოსამართლე შეტყობინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროკურორის მონაწილეობას განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და  ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისათვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ამ პირისათვის შეტყობინების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა, აღნიშნული ვადის არაუმეტეს 12 თვით გაგრძელების თაობაზე.

  მუხლი 14310. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი

  1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა.

  2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

  7. 167-ე მუხლის:

  ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;“;

  ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის,  დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.“.

  8. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.“.

  9. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას

  არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

  10. 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.“.

  11. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

  „თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.“.

   

    მუხლი 2

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 1438 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 1438  მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2634-რს