მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 23/05/2016
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016052
  • Word
2/3/591
23/05/2016
ვებგვერდი, 03/06/2016
000000000.00.000.016052
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/3/591

2016 წლის 23 მაისი

ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე

ოთარ სიჭინავა - წევრი;

ლალი ფაფიაშვილი - წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.

 

სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი კახა კუკავა; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ზურაბ მაჭარაძე და თამარ მესხია.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №591) მომართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 5 მაისს.

2. №591 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 24 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2014 წლის 24 ივლისის №2/5/591 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

3. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 20 მაისს.

4. №591 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში, არა უმეტეს 60 წამით, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა“.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.

7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არალეგიტიმურია და არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, რადგან უფასო დროით სარგებლობის შესაძლებლობას ანიჭებს მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს და არა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ გაერთიანებას. ამგვარად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.

8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირთა შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები იმ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, რომლებმაც წინა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ვერ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების შესაბამისად 4 და 3 პროცენტი და, მეორე მხრივ, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები იმ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, რომლებიც დასახელებული არჩევნების პერიოდში გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკებში და წარმოადგენდნენ ბლოკის მეორე ან მომდევნო ნომერს. მოსარჩელის აზრით, პირთა შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირება ხორციელდება პოლიტიკური და ქონებრივი ნიშნით.

9. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება საარჩევნო სუბიექტთა დიფერენცირება საარჩევნო ბლოკში მათთვის მინიჭებული რიგითობის საფუძველზე. კერძოდ, ობიექტურად, შეუძლებელია, არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით, ზუსტად განისაზღვროს, ბლოკში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების რა რაოდენობა მიიღო, რაც სრულიად უსაფუძვლო და გაუმართლებელ უპირატესობას ანიჭებს საარჩევნო ბლოკის პირველ ნომერს, მაშინ როდესაც ბლოკის არარსებობის პირობებში შესაძლოა, მას, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მხრივ, ყველაზე დაბალი შედეგი ეჩვენებინა.

10. მოსარჩელე მხარის მითითებით, საეთერო დრო ნებისმიერი მაუწყებლისათვის წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს, მისი გაყიდვა სარეკლამო მიზნებისათვის კი - მათი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს, განსაკუთრებით, კერძო მაუწყებელთა შემთხვევაში, რაც შესაბამის ასახვას პოვებს წინასაარჩევნო სარეკლამო დროის ფასზე. ამგვარად, უფასო სარეკლამო დრო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათის შეღავათს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის, რადგან წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში გაწეული ხარჯების უმეტესი ნაწილი სწორედ სარეკლამო დროის შეძენას უკავშირდება და ამგვარი დროის უფასოდ მინიჭება საარჩევნო სუბიექტთა მხოლოდ გარკვეული ნაწილისათვის, მნიშვნელოვნად დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს ამ უკანასკნელებს სხვა საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.

11. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის და მის ფარგლებში უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის, არაკვალიფიციურ ანუ ჩვეულებრივ საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. თავის მხრივ, რეგისტრაციისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსი სავალდებულო კრიტერიუმად ითვალისწინებს ამომრჩეველთა მხარდაჭერის დადასტურებას, სულ მცირე, 25 ათასი ხელმოწერის მეშვეობით (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1 პროცენტს). მოსარჩელე მხარის აზრით, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის ფაქტი საკმარისი უნდა იყოს მისთვის უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ისევე, როგორც წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში კანონმდებლის მიერ შექმნილი სხვა შესაძლებლობებით სარგებლობისათვის. კანონმდებლის ნება, განახორციელოს საარჩევნო სუბიექტთა დიფერენცირება ამა თუ იმ კონკრეტული ნიშნით, უნდა განხორციელდეს ამ უკანასკნელთა რეგისტრაციის მომენტამდე, საარჩევნო ბიულეტინში მოხვედრის მომენტიდან კი, კანონმდებლის მხრიდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი თანასწორობა, მათ შორის უფასო სარეკლამო დროსთან მიმართებით.

12. უფასო სარეკლამო დროის განაწილების სადავო ნორმით დადგენილი წესი, მოსარჩელის აზრით, გავლენას ახდენს ასევე ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე, რადგან წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ საბოლოო არჩევანს, მაშინ როდესაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში არსებული სხვა შესაძლებლობებით სარგებლობა, როგორიცაა ამომრჩეველთან შეხვედრა, პლაკატების განთავსება თუ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ბევრად ნაკლები გავლენის უნარის მქონეა ამომრჩეველზე და ვერ ამცირებს იმგვარი დიფერენცირების ხარისხს, რომელიც იქმნება მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დროის მინიჭებით.

13. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.

14. მოპასუხე მხარის პოზიციით, საარჩევნო პროცესში თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმავდროულად, არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირების შესაძლებლობას. საარჩევნო სუბიექტებს შორის დიფერენცირება არ ეხება მხოლოდ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობას და იგი თან გასდევს მთელ საარჩევნო კოდექსს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგულირების მიზნებისათვის, კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა შორის დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან, ერთი მხრივ, პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი საარჩევნო სუბიექტებისათვის ამომრჩეველთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობის მიცემა, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ამომრჩევლის ნების ფორმირების ხელშეწყობა. მართალია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ამომრჩეველი დამოუკიდებლად იღებს და მხოლოდ მისი აზრით ღირსეულ და მისი მოთხოვნების ადეკვატურ კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს, მაგრამ მოპასუხე მხარის მითითებით, სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მას ამ პროცესში, როგორც ნების ფორმირების, ასევე მისი გამოხატვისა და შედეგებზე ადეკვატურად ასახვის უზრუნველმყოფი გარანტიების შექმნის გზით.

15. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მიზნებისათვის საარჩევნო სუბიექტთა დიფერენცირება არ ემყარება არც პოლიტიკურ და არც ქონებრივ ნიშანს, არამედ დამოკიდებულია წინასაპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიღებულ ამომრჩეველთა მხარდაჭერის რაოდენობაზე, ხოლო დასახელებული არჩევნების პერიოდში საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პოლიტიკური სუბიექტებისათვის კი - დამატებით ბლოკში მათ კუთვნილ რიგითობაზე, რასაც საერთო არაფერი აქვს საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკურ შეხედულებებთან ან ქონებრივ მდგომარეობასთან.

16. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ასევე არ არის ინტენსიური. კერძოდ, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება. აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის კი უფასო სარეკლამო დრო არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის ხელთ არსებულ ერთადერთ რესურსს. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, საარჩევნო სუბიექტს წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში შესაძლებლობა აქვს, თავად პირისპირ შეხვდეს ამომრჩეველს, განათავსოს პლაკატები, გამართოს პრესკონფერენციები, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში და სხვ. უფასო სარეკლამო დროის მიღების დამატებით შესაძლებლობას, მათ შორის ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიებისათვის, ქმნის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც მაუწყებლებს უფლებამოსილებას ანიჭებს, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარონ პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით.

17. მოპასუხე მხარემ დამატებით მიუთითა საეთერო დროზე, როგორც ობიექტურად ამოწურვად რესურსზე, რომლის შეზღუდული ბუნების გათვალისწინებით იქნა ფორმულირებული სადავო ნორმა. მოპასუხის პოზიციით, უფასო სარეკლამო დროის კანონმდებლობით განსაზღვრისა და მისი განაწილების პროცესში სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარი გააჩნია. კერძოდ, მისი მიზანია, ერთი მხრივ, არ დაუშვას მაუწყებელთა გადატვირთვა იმგვარად, რომ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფით მნიშვნელოვნად შეეშალოს ხელი მათ საქმიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი რესურსის განაწილება საარჩევნო სუბიექტებს შორის უზრუნველყოს იმგვარად, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც რეალურად ფლობენ მათი ნაწილის მხარდაჭერას და აქვთ რეალური წარმატების რეალური შანსი. მოპასუხე მხარის მითითებით, რესურსის შეზღუდული ბუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი სტატუსისა და შინაარსობრივი ვალდებულებების გათვალისწინებით. კერძოდ, ეს უკანასკნელი არის საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის.

18. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლების თანაბრად მინიჭება ყველა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტისათვის, ერთი მხრივ, გაუმართლებელ ტვირთად დააწვება მაუწყებელს მისი საეთერო დროის ეფექტურად განაწილების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, ამგვარმა რეგულირებამ შესაძლოა ამომრჩეველს სრულად დაუკარგოს ინტერესი წინასაარჩევნო რეკლამების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ უკანასკნელთა ყურებადობის მაჩვენებელს და წინააღმდეგობაში მოვა იმ ლეგიტიმურ მიზნებთან, რომლისთვისაც კანონმდებელმა შემოიღო წინასაარჩევნო რეკლამის ინსტიტუტი ზოგადად.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არსებული სადავო ნორმა შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რის გამოც №591 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში მითითებული ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვით. „კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას. თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ხარისხი განსხვავებულია და მისი მასშტაბის დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის 2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II -1).

3. მიუხედავად მისი უნივერსალური ბუნებისა, კანონის წინაშე თანასწორობა არ გულისხმობს აბსოლუტურ გათანაბრებას. „მე-14 მუხლის არსის გაგებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

4. ამგვარად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის 2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II -2). შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, თუ ის არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.

5. სადავო ნორმა ადგენს წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განაწილების წესს. კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში არაუმეტეს 60 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა“. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნებისათვის კვალიფიციურად ითვლება ის საარჩევნო სუბიექტი (პარტია, საარჩევნო ბლოკი და სხვ.), რომელში გაერთიანებულმა პარტიამ, როგორც დამოუკიდებულმა საარჩევნო სუბიექტმა ან ბლოკის პირველმა ნომერმა წინა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი ან წინა ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში - ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით.

6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკური სუბიექტების დატოვება უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის შესაძლებლობის გარეშე, რომლებმაც წინასაპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღეს ხმების ზემოთ ხსენებული რაოდენობა, ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. ანალოგიური შედეგი დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უფასო პოლიტიკური რეკლამით ვერ სარგებლობს ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც წინა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც დააგროვა ხმათა საჭირო ოდენობა, თუმცა არ იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის აზრით, ობიექტურად შეუძლებელია, ზუსტად დადგინდეს, საარჩევნო ბლოკში შემავალმა თითოეულმა სუბიექტმა ამომრჩეველთა მხრიდან რა მოცულობის მხარდაჭერა მიიღო.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონმდებელი უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის უფლებას ანიჭებს საარჩევნო სუბიექტთა მხოლოდ ნაწილს, რაც ამ უკანასკნელთ დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს იმ სუბიექტებთან მიმართებით, რომელთათვისაც ამგვარი უფლებით სარგებლობა შეუძლებელია. ამავე დროს, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, შესადარებელ ჯგუფებად უნდა განვიხილოთ, ერთი მხრივ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 ნაწილით კვალიფიციურ სუბიექტებად მიჩნეული პირები, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც წინა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ მოაგროვეს ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა (დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის ფარგლებში) ან წინა არჩევნებში მონაწილეობდნენ როგორც საარჩევნო ბლოკის წევრები, თუმცა არ იყვნენ ამ ბლოკის პირველი ნომრები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და დაობენ სწორედ პარტიათა შორის დიფერენცირებაზე. შესაბამისად, აღნიშნული დავის ფარგლებში რელევანტურია მხოლოდ სადავო ნორმის იმ შინაარსის შეფასება, რომელიც ითვალისწინებს პარტიებს (ან საარჩევნო ბლოკებს) შორის დიფერენცირებას. სასამართლო არ შეაფასებს, რამდენად გამართლებულია სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება საინიციატივო ჯგუფების ან სხვა საარჩევნო კანდიდატების მიმართ.

8. სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. ამასთან,    „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება 2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).

9. სადავო ნორმა არეგულირებს საარჩევნო პროცესს და გარკვეულ საარჩევნო სუბიექტებს აღჭურავს უფასო სატელევიზიო რეკლამის სარგებლობის უფლებით. უფასო სატელევიზიო რეკლამა წარმოადგენს რესურსს, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური გზავნილების საზოგადოებამდე მიტანისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ხელს უწყობს პოლიტიკურ სუბიექტებს, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი გეგმების, დასახული ამოცანების შესახებ და, შედეგად, მიაღწიონ წარმატებას არჩევნებში. „თანასწორობა ზოგადად საარჩევნო უფლების არსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არჩევნების პროცესში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თანასწორობის უზრუნველმყოფელი პირობების შემოღებისა. ამ პროცესში მისი ძირითადი ფუნქციაა, არ მოახდინოს ვინმეს შეზღუდვა ან პრივილეგირება გონივრული დასაბუთების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის 1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პროცესში ყველა საარჩევნო სუბიექტს გააჩნია თანაბარი უფლება და ინტერესი, ჰქონდეს თანასწორი საარჩევნო გარემო. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს, სხვა სუბიექტების თანაბრად, აქვს ინტერესი, განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაცია და მის ფარგლებში გამოიყენოს ყველა ის რესურსი, რომლით სარგებლობის შესაძლებლობას მოქმედი საარჩევნო კოდექსი იძლევა და რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ურთიერთობა/ეფექტური ინტერაქცია საარჩევნო სუბიექტსა და ამომრჩეველს შორის. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას კი უდავოდ წარმოადგენს უფასო წინასაარჩევო რეკლამა. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ურთიერთობის ფარგლებში არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტი არსებითად თანასწორად უნდა იქნეს განხილული.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში დიფერენცირებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. სადავო ნორმის დადგენილი რეგულაცია კი წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში.

11. დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

12. „დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ემყარება თუ არა კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის.

13. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის დიფერენცირებას საფუძვლად უდევს პოლიტიკური და ქონებრივი ნიშანი. ორივე მათგანი წარმოადგენს დიფერენცირების „კლასიკურ“ ნიშანს, რაც, მისი აზრით, თავისთავად, ქმნის სასამართლოს მხრიდან შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველს.

14. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას დიფერენცირების ნიშანთან დაკავშირებით. საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური შეხედულებები, ღირებულებები და გეგმები, რა თქმა უნდა, დიდწილად განაპირობებს ამომრჩევლის მხარდაჭერას და, შესაბამისად, არჩევნებში მიღებულ შედეგებს, თუმცა სადავო ნორმის თანახმად, მასში ჩამოთვლილ მაუწყებელთა ეთერში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობა უკავშირდება არა ამა თუ იმ სუბიექტის პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მაჩვენებელს, რომელიც განისაზღვრება ისეთი მნიშვნელოვანი და სარწმუნო კრიტერიუმით, როგორიცა არის არჩევნებში მიღებული ხმების ოდენობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმი უნდა ჩაითვალოს კვალიფიციურ და ჩვეულებრივ საარჩევნო სუბიექტებს შორის დიფერენცირების ნიშნად.

15. სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა არ ეფუძნება არც ქონებრივ ნიშანს, როგორც ამაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე. შესადარებელ სუბიექტთა დიფერენცირება, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაკავშირებულია წინასაპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიღებულ ამომრჩეველთა მხარდაჭერასთან და არაფერი აქვს საერთო მათ ქონებრივ მდგომარეობასთან. მეტიც, შესაძლოა, კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს ჰქონდეს ფინანსური რესურსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის სულაც არ წარმოადგენდეს კვალიფიციურ სუბიექტს, რადგან ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე ვერ სარგებლობდეს ამომრჩევლის საკმარისი მხარდაჭერით.

16. რაც შეეხება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც წინასაპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში, მათ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს ბლოკში მათი რიგითობა. სადავო ნორმის საფუძველზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად ითვლება მხოლოდ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საარჩევნო ბლოკში გამწესებული იყო პირველ ნომრად.

17. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის 1/3/534 გადაწყვეტილება, II-25). სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, როგორც მისი ფუნქციური დატვირთვის, ასევე მასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით. როგორც საარჩევნო სუბიექტების (ბოლო არჩევნების) საარჩევნო დეკლარაციებიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თავიანთ ეთერში ამგვარი რეკლამების განთავსების პირობების ანალიზიდან ირკვევა, საარჩევნო სუბიექტთა ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის შეძენას უკავშირდება. ეს ეხება, მათ შორის, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც სადავო ნორმის მიზნებისათვის ითვლებიან კვალიფიციურ სუბიექტებად. ამავე დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ღირებულება საკმაოდ სოლიდურ თანხებს აღწევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ამ უკანასკნელთათვის მინიჭებული უფასო სარეკლამო დრო წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიას და, ამგვარად, სადავო ნორმა მნიშვნელოვნად აცილებს ერთმანეთისაგან კვალიფიციურ და ჩვეულებრივ სუბიექტებს, ქმნის რა მათთვის განსხვავებულ სასტარტო პირობებს წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში.

18. მკაცრი ტესტის ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, ემსახურება თუ არა სადავო ნორმა ლეგიტიმურ მიზანს. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის 1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-27).

19. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმა საარჩევნო სუბიექტთა ნაწილს საშუალებას აძლევს, წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში ისარგებლონ უფასო სარეკლამო დროით საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, აგრეთვე სათემო მაუწყებლის ეთერში. პოლიტიკურ სუბიექტთა დაფინანსება პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით არაერთ ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადენს. უდავოა, რომ ამ უკანასკნელთ ესაჭიროებათ მნიშვნელოვანი რესურსები ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის, როგორც არჩევნებს შორის პერიოდში, აგრეთვე უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა ფინანსური რესურსების მოპოვება არ უნდა იქცეს პოლიტიკურ სივრცეში აღნიშნული სუბიექტების არსებობისათვის გადამწყვეტ ფაქტორად. ამიტომ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით განახორციელოს ამგვარ სუბიექტთა ფინანსური მხარდაჭერა, რაც, საბოლოოდ ჯამში, მიმართულია კონკურენტუნარიანი პოლიტიკურ გარემოსა და დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისაკენ.

20. უფასო საეთერო დრო წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პოლიტიკურ სუბიექტთა სუბსიდირების ერთ-ერთ არაპირდაპირ ფორმას. საარჩევნო სუბიექტებისათვის ამგვარი რესურსის უფასოდ გადაცემით სახელმწიფო მათ ხელს უწყობს თავიანთი პოლიტიკური გზავნილების საზოგადოებამდე მიტანასა და არჩევნებში წარმატების მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში სატელევიზიო და რადიო მედიასაშუალებები ნამდვილად აღარ წარმოადგენენ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას საარჩევნო სუბიექტებისათვის, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან როლს ამგვარი კომუნიკაციის მიზნებისათვის. სარეკლამო დრო კი ითვლება ყველაზე უშუალო და მარტივ გზად ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობისათვის, თვით მედიასაშუალებების ჩარევისა და მათი მხრიდან პოლიტიკური გზავნილების ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გარეშე, თუმცა რეკლამა იმავდროულად დაკავშირებულია არცთუ უმნიშვნელო ფინანსურ დანახარჯებთან. სახელმწიფოს მხრიდან უფასო დროის მიღების შესაძლებლობის შექმნა კი შესაძლებელს ხდის მსგავს პირდაპირ ინტერაქციას, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ფართო მასასა და, მეორე მხრივ, საარჩევნო სუბიექტს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის საარჩევნო პროცესში პოლიტიკური სივრცის სიჭრელესა და, შედეგად, ამომრჩევლის მიერ ინფორმირებული და რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის ფორმით, ხორციელდება, პოლიტიკური პარტიების დახმარების გზით, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისათვის.

21. სახელმწიფოს მხრიდან უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა რეალურად უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის არსებობას წინასაარჩევნო პროცესში, იმავდროულად, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნამდვილი ნების ფორმირების პროცესზე, რამდენადაც ამ უკანასკნელთ საშუალებას აძლევს, მედიის შუამავლობით, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ საარჩევნო სუბიექტებთან.

22.პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი, საკუთარი განსხვავებული შეხედულებებითა თუ ღირებულებებით, თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში ცენტრალურ თუ რეგიონალურ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამორიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებებისა თუ ღირებულებების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე. თუმცა იმისათვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იქნეს უზრუნველყოფილი, აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც, პირველ რიგში, მისი არსებობის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტთა ფინანსური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ამგვარად, წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში საარჩევნო სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების შესაძლებლობის მინიჭება ემსახურება დემოკრატიული საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს.

23. კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს. ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში აუცილებელია, კანონმდებელმა ასეთი მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა აირჩიოს. ამისათვის კი სადავო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც ამ უკანასკნელის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის 1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ II-29).

24. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საეთერო დრო წარმოადგენს შეზღუდულ რესურს. სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, ყველა საარჩევნო სუბიექტი აღჭურვოს განუსაზღვრელი ან მათთვის სასურველი სატელევიზიო დროის გამოყენების უფლებით. როგორც საზოგადოებრივი, ასევე სათემო მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირდაპირი მითითების თანახმად, ორიენტირებული არ არის მოგების მიღებაზე, მეტიც, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქმნება და მოქმედებს საჯარო დაფინანსების საფუძველზე. ამავე კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მის ეთერში კომერციული რეკლამა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სწორედ ამგვარი ბუნება განაპირობებს მისი საეთერო დროის დაგეგმვის მიმართ ბევრად მკაცრ საკანონმდებლო პოლიტიკას კერძო მაუწყებლებთან შედარებით. სარეკლამო დროის ლიმიტის გარდა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში დეტალურად არის გაწერილი ის შინაარსობრივი მოთხოვნები, რომელთა ერთობლივი გააზრება ნათელს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, გაითვალისწინოს პლურალისტური საზოგადოების მოთხოვნები და უზრუნველყოს მრავალფეროვანი შინაარსის მქონე და საზოგადოების განსხვავებულ სეგმენტზე მორგებული პროგრამების განთავსება საკუთარ ეთერში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი სადავო ნორმით დადგენილი დროის ის 60-წამიანი ლიმიტი, რომელიც საათში ერთხელ უნდა გამოეყოს თითოეულ კვალიფიციურ სუბიექტს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსებისათვის. ამგვარად, იმ შემთხვევაში, თუკი მაუწყებელს დაეკისრება ვალდებულება, უფასო სარეკლამო დრო იმ ოდენობით, რაც მითითებულია სადავო ნორმაში, თანაბრად გამოყოს წინასაარჩევნოდ რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, შესაძლებელია მივიღოთ საპირისპირო და გაუმართლებელი შედეგი. იმ პირობებში, როდესაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 3.5 მილიონს აღწევს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების ოდენობა მათ 1%-ს არ უნდა აჭარბებდეს, პოტენციურ საარჩევნო სუბიექტთა შესაძლო ოდენობა სრულიად არაპროპორციული იქნება გამოყოფილი საეთერო დროისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საეთერო დროის გამოყენების თვალსაზრისით, გარკვეული შეზღუდვების გამოყენების აუცილებლობა ბუნებრივად არსებობს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, რამდენად ეფექტიანად ახდენს სახელმწიფო უფასო წინასაარჩევნო რეკლამის მიზნებისათვის გათვალისწინებული შეზღუდული სარეკლამო დროის განაწილებას საარჩევნო სუბიექტებს შორის.

25. როგორც უკვე აღინიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო პოლიტიკური რეკლამის გამოყენების უფლების მინიჭება ემსახურება პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობას. ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური ხელშეწყობის თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ასეთი მხარდაჭერის მიზნები, ერთი მხრივ, არჩევნებს შორის პერიოდში და, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პროცესში. თუკი არჩევნებს შორის პერიოდში სახელმწიფო ზრუნავს მთლიანად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის ხელშეწყობაზე, წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო რესურსი, მისი შეზღუდული ბუნების პირობებში, მიმართულია უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს შიგნით პლურალიზმის მხარდაჭერისაკენ.

26. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია არა პოლიტიკურ პარტიათა სიმრავლეს ფორმალურად, არამედ ისეთ სუბიექტებს, რომელთაც გააჩნიათ რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა. შესაბამისად, ლოგიკურ და ეფექტიან ნაბიჯად უნდა იქნეს მიჩნეული წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მიერ შეზღუდული რესურსის იმ პოლიტიკური ძალების დასახმარებლად მიმართვა, რომელსაც არჩევნებში წარმატების მიღწევის და, შედეგად, სახელმწიფოს მართვაზე ზეგავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა გააჩნია. წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელსაც არ გააჩნია რეალური შესაძლებლობა, არჩეულ იქნეს სახელმწიფო ორგანოში, ეფექტურობის თვალსაზრისით ვერ იქნება განხილული სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის თანასწორ მექანიზმად.

27. კონსტიტუციის ნება, სახელმწიფოს მართვის უფლებამოსილებით აღჭურვოს ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა გააჩნიათ, კიდევ უფრო ნათლად იკვეთება საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც“. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური პლურალიზმის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც გადალახავენ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს. სახელმწიფოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში უფასო სარეკლამო დროის გამოყენების უფლების მინიჭება ისეთი საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომელთა მიერ ხსენებული ბარიერის გადალახვის პერსპექტივა დაბალია, შესაძლოა, ერთგვარად სახელმწიფო რესურსის არაეფექტურ გამოყენებადაც კი იქნეს მიჩნეული, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია საპარლამენტო მანდატის მიღების უფლებას არ ანიჭებს ისეთ სუბიექტებს, რომელთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 5 პროცენტზე ნაკლებია. შესაბამისად, სახელმწიფო საპარლამენტო პლურალიზმის ხელშეწყობის მიზანს ვერ მიაღწევს მსგავსი საარჩევნო სუბიექტების მხარდაჭერით. ამგვარად, ბუნებრივია, სახელმწიფო უფლებამოსილია, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნას უფასო სარეკლამო დროის განაწილების ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ამგვარ სარეკლამო დროს იღებენ მხოლოდ ის სუბიექტები, რომელთაც რეალური შანსები აქვთ, წარმატებით გადალახონ ზემოაღნიშნული ზღვარი. თავის მხრივ, ამომრჩევლებს, ასეთი გზით, კარგი შესაძლებლობა აქვთ, რეალურად შეაფასონ ის წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების რეალური პოტენციალი.

28. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების ჩატარებამდე შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს და ობიექტურად დადგინდეს, რომელ საარჩევნო სუბიექტს გააჩნია 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შესაძლებლობა. დემოკრატია მოითხოვს, რომ პარტიების მხარდაჭერა დადგინდეს არჩევნების შედეგების მიხედვით და არა გარკვეული პირების მიერ მათი მხარდაჭერის წინასწარი შეფასებით. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საარჩევნო სისტემა პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის საზომად არჩევნებში ნაჩვენებ შედეგებს განიხილავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო სუბიექტების პოტენციური მხარდაჭერის საზომად წინა არჩევნებში ნაჩვენები შედეგების გამოყენება მიჩნეული უნდა იქნეს გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმად. ასევე გონივრულად უნდა ჩაითვალოს მიდგომა, რომლის თანახმადაც პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც წინა არჩევნებში ვერ მოახერხა შესაბამისად 3 ან 4-პროცენტიანი მხარდაჭერის მოპოვება, არ არის მიჩნეული ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შესაძლებლობა გააჩნია. წინა არჩევნებში შედარებით დაბალი შედეგის ჩვენება, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს კონკრეტულ არჩევნებში პოლიტიკური ძალის მიერ მაღალი მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობას, მათ შორის, თუნდაც არჩევნებში გამარჯვებას. თუმცა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ამსახველი უმთავრესი მონაცემი - წინა არჩევნების შედეგები ასეთი მხარდაჭერის არსებობაზე ობიექტურად არ მიუთითებს, შესაბამისად, მსგავსი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომ მათ მიერ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა რეალურია.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება, რომელიც იწვევს დიფერენცირებას, ერთი მხრივ, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და, მეორე მხრივ, იმ სუბიექტებს შორის, რომლებშიც გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა არჩევნებში ვერ მოიპოვეს ამომრჩეველთა საჭირო მხარდაჭერა ან საერთოდ არ იღებდნენ მონაწილეობას მასში, გამართლებულია და ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიცა არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა. სადავო ნორმით დადგენილი წესი ასევე უნდა ჩაითვალოს აღნიშნული მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისეთი ობიექტურად შეზღუდული რესურსის ფარგლებში, როგორიც მაუწყებელთა საეთერო დროა, უფასო წინასაარჩევნო რეკლამის დრო გაანაწილოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მაქსიმალურად მისცეს ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც რეალურად კონკურენტუნარიანია, აქვს წარმატების რესურსი და ამით ხელი შეუწყოს პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებას, აზრთა სხვადასხვაობას სახელმწიფო ხელისუფლებაში, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დემოკრატიულ მმართველობას. ვინაიდან საეთერო დრო შეზღუდულ რესურსს წარმოადგენს, გარკვეულო ოდენობის სარეკლამო დროის არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის გადაცემა, ბუნებრივად გულისხმობს კვალიფიციური სუბიექტების მიერ გამოყენებული დროის შემცირებას, რაც ნაკლებად ეფექტურს ხდის, საპარლამენტო პლურალიზმის მიღწევის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ღონისძიებას.

30. ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებით, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ვერ იქნება გამართლებული იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით, რომლებიც წინა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, თუმცა არ წარმოადგენდნენ ამ ბლოკის პირველ ნომერს. იმ ბლოკში შემავალი სუბიექტი, რომელმაც წინა არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ყველა შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომლის საარჩევნო წარმატების პოტენციალზე ობიექტური მონაცემები არ მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ბლოკის მიერ წინა არჩევნებზე მიღწეული წარმატება სახეზეა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელია, ობიექტურად დადგინდეს ბლოკში შემავალი თითოეული სუბიექტის წილი ამ წარმატებაში. შესაბამისად, შეუძლებელია შეფასება, რომელი პოლიტიკური პარტია უნდა ჩაითვალოს კონკურენტუნარიანად, არჩევნებში წარმატებული შედეგის მიღწევის რეალურ კანდიდატად და რომელი არა. შესაძლოა, წინა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, პირობითად, ბლოკის მე-10 ნომერმა ამომრჩეველთა მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, ვიდრე პირველმა ნომერმა. ამგვარად, წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში, უფასო სარეკლამო დროის მიზნებისათვის, საარჩევნო სუბიექტთა დიფერენცირება საარჩევნო ბლოკში არსებული რიგითობის საფუძველზე ვერ ჩაითვლება გამართლებულად და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისად.

31. აღნიშნული დიფერენცირება განსაკუთრებით პრობლემატურია ისეთი საარჩევნო ბლოკის წევრ პარტიებთან მიმართებით, რომლებმაც წინა არჩევნებში აიღეს არა მხოლოდ 3 ან 4 პროცენტი, არამედ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას (მაგალითად, ამომრჩეველთა ხმების 20-25 პროცენტი) ან სულაც გაიმარჯვეს არჩევნებში. ასეთ პირობებში, მოქმედი კანონმდებლობით, წინა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია რეალურად არ არის მიჩნეული კვალიფიციურ სუბიექტად უფასო სარეკლამო დროის მიღების მიზნებისთვის. სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს ისეთი რეგულირება, რომელიც აღკვეთს, გაზრდილი უფასო სარეკლამო დროის მიღების მიზნით, ბლოკის ხელოვნურად შექმნას ან დაყოფას. ამავე დროს, სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, შეიმუშაოს წესი, რომელიც წინა არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების გათვალისწინებით გარკვეულ შემთხვევაში კვალიფიციურ სუბიექტად არ ცნობს თითოეულ პარტიას და დაადგენს, ბლოკში შემავალ პარტიებს შორის სარეკლამო დროის განაწილების წესს ან თავად ბლოკის წევრებს მისცემს საშუალებას, თავად შეთანხმდნენ საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი სარეკლამო დროის განაწილებაზე. თითოეული ეს რეგულირება, ცხადია, ცალკე დაექვემდებარება კონსტიტუციურობის შემოწმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა დღეს მოქმედი წესი, რომელიც უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლების მქონე სუბიექტებიდან სრულად გამორიცხავს საარჩევნო ბლოკის (მათ შორის ისეთის, რომელმაც წინა არჩევნებზე მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა) წევრებს (გარდა პირველი ნორმისა), არღვევს საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობის უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1. კონსტიტუციური სარჩელი №591 (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც (ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებულ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის გათვალისწინების გარეშე) ამავე ნორმით დადგენილ უფლებას საარჩევნო სუბიექტზე ავრცელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში გაერთიანებული პარტია წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკის პირველ ნომერს.

2. კონსტიტუციური სარჩელი 591 (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ამავე ნორმით დადგენილ უფლებას არ ავრცელებს არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, გარდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების სხდომათა დარბაზში გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები:

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი