ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/12/1237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 24/10/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016452
2/12/1237
24/10/2019
ვებგვერდი, 29/10/2019
000000000.00.000.016452
ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

 

განჩინება №2/12/1237

 

2019 წლის 24 ოქტომბერი

 

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი ჩიტიძე; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოწმე – საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1237) მომართა საქართველოს მოქალაქე ვასილ საგანელიძემ. №1237 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 23 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №1237 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 5 თებერვალს.

2. №1237 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ხოლო ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარე მოწმის დაკითხვას არ ესწრება.

4. №1237 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილი სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია.

5. 2019 წლის 5 თებერვალს საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის შესატყვისად მიაჩნია მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის ანალოგიური მოწესრიგება კი, მოსარჩელის აღნიშვნით, გათვალისწინებულია კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტში. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტებით დაცული უფლებების იდენტური კონსტიტუციური დებულებები, მოსარჩელის პოზიციით, განმტკიცებულია, შესაბამისად, მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

6. ამასთანავე, მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, №1237 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ აღარ ხდის: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტთან მიმართებით და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებთან მიმართებით.

7. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსათვის მიმართვის, სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.

9. №1237 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ვასილ საგანელიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოსაკითხი პირის იძულებითი წესით დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ბრალდების მხარეს. შესაბამისად, ბრალდებული მოკლებულია შესაძლებლობას, გამოძიების სტადიაზე მოწმის სახით დაკითხოს ის პირი, რომელიც შესაძლოა, ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა უარს ამბობს დაცვის მხარესთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე.

10. მოსარჩელის არგუმენტაციით, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი მოდელი, საპროცესო კანონმდებლობა დაცვისა და ბრალდების მხარეს არ უნდა უქმნიდეს განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობას მოწმის დაკითხვასთან მიმართებით. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს სათანადო საგამოძიებო პროცედურები, აზრი ეკარგება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანი პროცესის სამართლიანობა.

11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, მართალია, ბრალდებულს აქვს უფლება, სავალდებულოდ დაკითხოს მოწმე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, თუმცა ეს ვერ აბალანსებს დაცვის მხარისათვის გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის უფლების შეზღუდვას. გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის შედეგად, მხარე მოიპოვებს ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს შემდგომი საპროცესო მოქმედებების განხორციელებისა და მტკიცებულების მოპოვებისათვის. აქედან გამომდინარე, პროცესის მხოლოდ ბრალდების მხარისათვის ამგვარი უფლების მინიჭება არსებითად აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, არათანაზომიერად ზღუდავს მოწმეთა დაკითხვის კონტექსტში მხარეთა თანასწორობის უფლებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტს.

12. №1237 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილი გამორიცხავს დაცვის მხარის შესაძლებლობას, დაესწროს მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდების მხარის მიერ მოწმის დაკითხვას და მოახდინოს მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვა. ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულს არ აქვს საშუალება, გამოთქვას მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ დააყენოს მოწმის სანდოობა და უკეთესად მოემზადოს საქმის არსებითი განხილვის სხდომისთვის. მოსარჩელის განმარტებით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვისას შესაძლოა, შეიზღუდოს დაცვის მხარის დასწრების უფლება, თუმცა ამგვარი შეზღუდვა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა, ბლანკეტურად, ყველა შემთხვევაში გამორიცხავს ბრალდებულის შესაძლებლობას, დაესწროს მოწმის დაკითხვას და მოახდინოს მისი ჯვარედინი დაკითხვა.

13. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ვერ ესწრება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის პროცესს, იგი ფაქტობრივად მოკლებულია შესაძლებლობას, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე. ამასთან, მოწმე შებოჭილია მის მიერ ერთხელ უკვე მიცემული ჩვენებით და არსებითი განხილვის სხდომაზე საგრძნობლად რთულდება მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს უფლება, გამოძიების ეტაპზე დაესწროს მოწმის დაკითხვის პროცესს და დაუსვას მას კითხვები. ამ უფლების ბლანკეტური შეზღუდვა კი წინააღმდეგობაშია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებასთან.

14. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

15. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად მიჩნევის შესახებ. მოსარჩელის არგუმენტაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ისევე როგორც №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები, გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ ბრალდების მხარეს და უგულებელყოფს დაცვის მხარის ინტერესს, დაკითხოს ის პირი, რომელიც ნებაყოფლობით არ თანამშრომლობს მასთან და ამ გზით მოიპოვოს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც საჭიროებს არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

17. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლების შეზღუდვა უკვე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოპასუხე აღნიშნავს, რომ დასახელებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა იმ რეგულაციის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ბრალდებულს უზღუდავდა საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის პროცესზე დასწრებას და, შესაბამისად, ჯვარედინი დაკითხვის უფლების რეალიზაციას. ხსენებული რეგულაციის მსგავსად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილი ზღუდავს დაცვის მხარის უფლებას, დაესწროს გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვას, თუმცა მას კვლავ რჩება შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის დროს მოახდინოს ამ მოწმის ჯვარედინი დაკითხვა. აქედან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლომ №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციის შესაბამისად, მიიჩნია გამოძიების ეტაპზე მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლების შეზღუდვა და არ არსებობს ანალოგიური რეგულაციის დამდგენი ნორმის, კერძოდ კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროება.

18. მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოს №2/13/1234,1235 გადაწყვეტილების დამძლევ რეგულაციად ცნობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები სრულად გამორიცხავდა ბრალდებულის შესაძლებლობას, გამოძიების ეტაპზე დაეკითხა მოწმე. ამისაგან განსხვავებით, იმ შემთხვევაში, თუ მოწმის არსებით სხდომაზე გამოცხადება სათუოა ან არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, ბრალდებული უფლებამოსილია, გამოძიების ეტაპზე მოითხოვოს მოწმის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. აქედან გამომდინარე, გამოძიების ეტაპზე, დაცვის მხარეს, გარკვეულ შემთხვევებში, აქვს მოწმის სავალდებულო წესით დაკითხვის უფლება და ამ უფლების შეზღუდვა ხდება მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

19. ამასთანავე, მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებით, გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლება ეზღუდებოდათ მხოლოდ ტერორიზმთან დაკავშირებულ რიგ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს. ამისაგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი ვრცელდება ყველა დანაშაულზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ბრალდებულს ექნება შესაძლებლობა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის შესახებ, იარსებებს სასამართლოს გადატვირთვის ბევრად უფრო მაღალი რისკი.

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს №2/13/1234,1235 გადაწყვეტილების დამძლევი და მოცემული სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა უნდა შეფასდეს არსებითი განხილვის ფორმატში.

21. №1237 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმედ მოწვეული საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებისა და დაცვის მხარეები დამოუკიდებლად წარმართავენ გამოძიების პროცესს. შესაბამისად, ის, თუ რა საპროცესო უფლებები ექნება დაცვის მხარეს მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით, არსებით გავლენას ვერ მოახდენს საგამოძიებო ორგანოსა და პროკურატურის საქმიანობაზე. მოწმე მიუთითებს, რომ ბრალდებულისათვის გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლების მინიჭება ხელს არ შეუშლის ბრალდების მხარის ძირითადი ფუნქციების განხორციელებასა და სათანადო გამოძიების წარმოებას. ამის საპირისპიროდ, თუ ბრალდებულს უფლება ექნება, მოწმე დაკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ამ პროცესში მოსამართლის ჩართულობა უფრო მეტ სანდოობას შესძენს მოწმის ჩვენებას.

22. მოწმემ ასევე ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მასში მითითებულია კონკრეტული საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოწმის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, თუმცა ამ საფუძვლების მიღმა შესაძლოა, არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც პირი ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და უარს აცხადებს ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე. სწორედ ამგვარ შემთხვევებში, იმისათვის რომ საგამოძიებო ორგანომ შეძლოს ინფორმაციის მოპოვება და შემდგომი საპროცესო მოქმედებების განხორციელება, აუცილებელი გახდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემოღება, რომელიც ბრალდების მხარეს აღჭურავს უფლებამოსილებით, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სავალდებულოდ დაკითხოს პირი და ამ გზით მოიპოვოს საჭირო მტკიცებულებები. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ პროკურორის ვალდებულებაა ბრალდების მტკიცება. შესაძლოა, სწორედ აღნიშნული ვალდებულების არსებობა განაპირობებდეს ბრალდების მხარისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლების მინიჭების აუცილებლობას. რამდენადაც დაცვის მხარეს არ ევალება რაიმეს მტკიცება, მისთვის გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულო წესით დაკითხვის უფლების მინიჭება შესაძლოა, არ იყოს იმდენად კრიტიკული, რამდენადაც ბრალდების მხარისათვის.

23. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ სასამართლო სისტემა უკვე განიცდის გადატვირთულობას და დაცვის მხარისათვის მოწმის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლების მინიჭება შესაძლოა გახდეს სასამართლო გადატვირთვის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით

1. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. ხსენებულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით მისი ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

3. იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10). შინაარსობრივი მსგავსება, თავის მხრივ, სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.

5. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს №1237 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. ამასთან, არსებითი მსგავსების პირობებშიც კი, აუცილებელია გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–3232, 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა (ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები) გამოძიებისას გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლებამოსილებას ანიჭებდა მხოლოდ გამომძიებელსა და პროკურორს. ხსენებული ნორმები გამორიცხავდა ბრალდებულის შესაძლებლობას, გამოძიების ეტაპზე დაეკითხა ის პირი, რომელიც ფლობდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და უარს ამბობდა დაცვის მხარესთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე.

7. 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის კონტექსტში, ბრალდებისა და დაცვის მხარე იმყოფებოდნენ არსებითად განსხვავებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ბრალდების მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, გამოძიების ეტაპზე სავალდებულოდ დაეკითხა ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობდა საქმისათვის მნიშვნელოვან მონაცემებს, მიეღო მისგან რელევანტური ინფორმაცია და უკეთ მომზადებულიყო არსებითი განხილვის სხდომისათვის. ამის საპირისპიროდ, დაცვის მხარეს არ გააჩნდა გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლება და ხსენებული უფლების რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ არსებითი განხილვის სხდომაზე.

8. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე მტკიცებულების მოპოვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის, რომ მხარეს მიეცეს მის ხელთ არსებული მტკიცებულებების რეალური ღირებულების განსაზღვრის და არსებითი სხდომისათვის უკეთ მომზადების შესაძლებლობა. სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა ინტერესია, არსებითი განხილვის სხდომაზე წარადგინონ მხოლოდ მათი პოზიციის გამამყარებელი მტკიცებულებები. დასახელებულ საქმეზე, სადავოდ გამხდარი მოწესრიგების პირობებში, დაცვის მხარე, ბრალდების მხარისაგან განსხვავებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოძიების ეტაპზე დაეკითხა ის პირი, რომელიც ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. შედეგად, მას უწევდა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარედგინა ფაქტობრივად მტკიცებულება ისე, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რა შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო მისთვის მოწმის ჩვენება. შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე ამგვარი უფლების მხოლოდ ბრალდების მხარისათვის მინიჭება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია მხარეთა თანასწორობის იმგვარ შეზღუდვად, რომელიც არ ბალანსდებოდა სისხლის სამართლის პროცესის შემდგომ სტადიებზე.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დასახელებული შეზღუდვა არ იყო გამართლებული სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის ლეგიტიმური ინტერესით, ვინაიდან არ ყოფილა წარმოდგენილი გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარისთვის მოწმის სავალდებულო დაკითხვის უფლების მინიჭებით, სასამართლოს საქმიანობა გადატვირთვის გამო შეფერხების სარწმუნო მტკიცებულება. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, იმ პირობებშიც კი, თუ სათანადოდ დადასტურდება, რომ დაცვის მხარის ზემოთ ხსენებული უფლების ყველა საქმეზე მინიჭება სასამართლოს საქმიანობის გადატვირთვის გამო შეფერხებას იწვევს, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არ იქნება შესაძლებელი დაცვის მხარისათვის ამ უფლების იმ შემთხვევაში მინიჭება, როდესაც ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, როდესაც ხდება პირის ბრალდება მძიმე დანაშაულში, მოწმის ჩვენების მიღება არსებითი განხილვის სხდომაზე მნიშვნელოვნად გართულდება და ა.შ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-117-118).

10. 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იმ პირის, რომელიც ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და უარს ამბობს ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე, დაკითხვის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ ბრალდების მხარეს. შესაბამისად, დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, გამოძიების ეტაპზე მოიპოვოს იმ პირის ჩვენება, რომელიც მასთან ნებაყოფლობით არ თანამშრომლობს. მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად, დაცვის მხარეს რჩება უფლება, არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ გამოიძახოს და დაკითხოს აღნიშნული პირი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ამგვარი მექანიზმი ვერ იქნება გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლების შეზღუდვის დამაბალანსებელი საშუალება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-101). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1237 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა, იმეორებს №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს.

11. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ №1237 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა განსხვავდება №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისაგან. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი მოწესრიგების პირობებში სრულად იყო გამორიცხული დაცვის მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა. ამისაგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილია, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხოს პირი, თუ სათუოა მისი არსებით სხდომაზე გამოცხადება ან არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

12. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა შესაძლებელია, თუ არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის არსებით სხდომაზე დაკითხვას, პირი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, ინფორმაციის სხვა წყაროდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს ან ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. დასახელებული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია, მხარემ იშუამდგომლოს გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის შესახებ. ამასთან, შესაძლოა, ამ საფუძვლების მიღმა წარმოიშვას პირის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის საჭიროება და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს მხარის მიერ არსებითი განხილვისთვის მომზადებისათვის. ამგვარ შემთხვევებში, სადავო ნორმის საფუძველზე მხოლოდ ბრალდების მხარეს ენიჭება გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის უფლებამოსილება. 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა მოწმის დაკითხვასთან მიმართებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა ბრალდების მხარეს, რადგან მხოლოდ მას ანიჭებდა კონკრეტული ქმედების განხორციელების – გამოძიების ეტაპზე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლებამოსილებას. სწორედ ამგვარი მოწესრიგება მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეთათვის არათანაბარი პირობების შექმნად და თანასწორობის შეზღუდვად. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებს იმ საკითხზე, რომ რიგ შემთხვევებში, დაცვის მხარეს, ბრალდების მხარის ანალოგიურად შეუძლია მოითხოვოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის დაკითხვა. იმის მიუხედავად, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილი მართლაც ანიჭებს დაცვის მხარეს სასამართლოსათვის მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის უფლებას და რიგ ასპექტებში ორივე მხარე თანაბრად სარგებლობს საპროცესო შესაძლებლობებით, №1237 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმა, №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის მსგავსად, ბრალდების მხარეს ანიჭებს უპირატესობას და წარმოშობს მხარეთა უთანასწორო პირობებს.

13. სადავო მოწესრიგების პირობებში ბრალდების მხარე უფლებამოსილია, სავალდებულოდ დაკითხოს პირი მაშინაც კი, თუ არ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ამის საპირისპიროდ, ამგვარი შესაძლებლობით ვერ სარგებლობს დაცვის მხარე, მათ შორის ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და არსებითი განხილვისათვის პოზიციის მოსამზადებლად. განსახილველ შემთხვევაში, №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ანალოგიურად, ბრალდების მხარე იმყოფება უპირატეს მდგომარეობაში და ამ კუთხით, მხარეთა თანასწორობის შეზღუდვას ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსი, გარკვეულ შემთხვევებში, დაცვის მხარესაც ანიჭებს გამოძიების ეტაპზე პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არსებითად იმავე საშუალებით ხდება გამოძიების ეტაპზე, მოწმის დაკითხვის კონტექსტში, მხარეთა თანასწორობის უფლების შეზღუდვა, როგორც ამას ითვალისწინებდა №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაცია.

14. მოპასუხემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდებოდა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–3232, 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ პირებზე. ამის საპირისპიროდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი ვრცელდება ყველა დანაშაულში ბრალდებულ პირზე და ამ პირებისათვის გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის უფლების მინიჭება წარმოშობს სასამართლოს საქმიანობის შეფერხებისა და მისი გადატვირთვის ბევრად უფრო მაღალ რისკს.

15. სასამართლოს გადატვირთულობასთან მიმართებით, №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის არაკონსტიტუციურობას იწვევდა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა სასამართლოს საქმიანობის შეფერხების რეალურ საფრთხეს. ამასთან, უფლება შეზღუდული იყო ბლანკეტურად, მაშინაც კი, თუ პირს ჰქონდა მოწმის დაკითხვის მომეტებული ინტერესი, მაგალითად, როდესაც იგი ბრალდებული იყო მძიმე დანაშაულის ჩადენაში. განსახილველ შემთხვევაშიც მოპასუხე მხარეს კვლავ არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები სასამართლოს შესაძლო გადატვირთულობის წარმოსაჩენად და იგი მხოლოდ ჰიპოთეტურად აპელირებს იმაზე, რომ ბრალდებულთა რაოდენობა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მოწმის დაკითხვის უფლებით, თავისთავად ქმნის ამგვარი საფრთხის რეალიზაციის რისკს. ამასთანავე, №1237 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა ასევე ბლანკეტურად, ბრალდებულის ინტერესის გათვალისწინების გარეშე ზღუდავს მის უფლებას, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხოს ის პირი, რომელიც ნებაყოფლობით არ აწვდის ინფორმაციას.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმეორებს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა №1237 კონსტიტუციური სარჩელის არსებით ფორმატში განხილვის აუცილებლობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება.

17. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი ბრალდების მხარეს აღჭურავს უფლებით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხოს ის პირი, რომელიც, შესაძლოა, ფლობდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციას და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. დასახელებული ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე უფლებამოსილი იქნება, პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხოს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. თუმცა ამ საფუძვლების მიღმა შესაძლებელია, წარმოიშვას პირის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ობიექტური საჭიროება და ამგვარი შესაძლებლობის არარსებობამ გამოიწვიოს გამოძიების შეფერხება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო ორგანოთა საქმიანობას და შეამციროს მისი ეფექტიანობა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობით, შეიძლება საფრთხე შეექმნას ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესებს, როგორიცაა დანაშაულის ეფექტური და დროული გამოძიება, დამნაშავის გამოვლენა და მართლმსაჯულების აღსრულება.

19. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს დასახელებული სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება 2020 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

20. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

21. №1237 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის პროცესს არ ესწრება დაცვის მხარე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაესწროს გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვას და დაკითხოს იგი ჯვარედინი წესით. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ, მართალია, მას აქვს არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლება, თუმცა აღნიშნული საშუალება არაეფექტურია და ვერ აბალანსებს ამ უფლების გამოძიების ეტაპზე შეზღუდვას.

22. საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში შეაფასა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ რეგულაციის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავდა საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის პროცესზე დაცვის მხარის დასწრებისა და მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

23. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნაა, პირის მსჯავრდებულად ცნობა არ მოხდეს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლის გამოკვლევის შესაძლებლობაც მას სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჰქონია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-82). ამასთანავე, კონფრონტაციის უფლება, როგორც წესი, არსებით სხდომაზე რეალიზებადი უფლებაა და მისი მიზანი ბრალდებულისათვის მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებთან დაპირისპირებისა და მათი გაქარწყლების შესაძლებლობის მინიჭებაა.

24. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შესაძლებელია სისხლის სამართლის პროცესის გარკვეულ სტადიაზე ბრალდებულს ეზღუდებოდეს კონკრეტული უფლებით სარგებლობა, თუმცა არსებობდეს შეზღუდვის დამაბალანსებელი ისეთი მექანიზმები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფენ ბრალდებულის უფლებათა ეფექტურ რეალიზაციასა და პროცესის სამართლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლომ გამოძიების ეტაპზე მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლების შეზღუდვის სწორედ ამგვარ დამაბალანსებელ მექანიზმად დაცვის მხარის მიერ არსებით სხდომაზე მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა მიიჩნია. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც წესი, იმისათვის, რომ საგამოძიებო სტადიაზე დაკითხული პირისაგან მიღებული ინფორმაცია გახდეს მოწმის ჩვენება, აუცილებელია ამ პირის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლი და 118-ე მუხლის პირველი ნაწილი დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, ჯვარედინად დაკითხოს ის პირი, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რამდენადაც დაცვის მხარეს აქვს უფლება, არსებით სხდომაზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წინაშე დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგე მხარის მოწმეს და ეჭვქვეშ დააყენოს მისი ჩვენება, გამოძიების ეტაპზე მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლების შეზღუდვა არ ეწინააღმდეგებოდა მხარეთა შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-88).

25. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უფლება არ იცავს მხარის შესაძლებლობას, რომ მოწმე ჯვარედინად დაკითხოს ჩვენების შეცვლისათვის პასუხისგებლობის დაკისრების საფრთხის გარეშე. ზოგადად, ცრუ ჩვენების გამო პასუხისმგებლობის არსებობა უზრუნველყოფს მოწმის ჩვენების სანდოობას. შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა ვერ განაპირობებს სისხლის სამართლის პროცესის ამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მოდიფიკაციას.

26. №1237 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის ზემოხსენებულ საქმეზე უკვე შეფასებულ და გადაწყვეტილ საკითხს, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის პროცესზე დაცვის მხარის დასწრებისა და მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლების შეზღუდვას. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, როგორც წესი, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული პირის ხელახალი დაკითხვა ხდება საქმის არსებით სხდომაზე, სადაც დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა, ჯვარედინი წესით დაკითხოს მოწინააღმდეგე მხარის მოწმეები. მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისს მოწმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვის ზოგადი წესისგან, თუმცა განსახილველ საქმეზე აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობა გასაჩივრებული არ არის. ხსენებულის გათვალისწინებით, №1237 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ყველა საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას.

27. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1237 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1237 კონსტიტუციური სარჩელი („ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2020 წლის 31 მარტიდან.

3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი