დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | პროექტის ავტორი |
მიღების თარიღი | 05/10/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ნორმატიული აქტების პროექტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016643 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:
„ძ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბაშვილი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამავე მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ამასთან, ხსენებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს ამავე ნაწილით გათვალისწინებულ უწყებებს. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი ხელშემკვრელი ქვეყნის ნებართვის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს მიერ გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, ქართველი გადამზიდველი ახორცილებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი ქართული სანებართვო დოკუმენტი (რომელსაც უშუალოდ გადამზიდველზე გასცემს უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყება) კი უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსთვის, თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების დამუშავება/გამოყენების მიზნით, რაც აუცილებელია ხელშემკვრელ ქვეყნებთან კვოტების განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, ფლობდეს ინფორმაციას როგორც ქართველი, ისე უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის თაობაზე (რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას). ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხდება ხსენებული ნებართვების გადაკეთება ან/და გასხვისება, რაზეც სააგენტოს მხრიდან ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგის ღონისძიებები. ამასთან, აღნიშნული მონიტორინგის მეტად ეფექტურად ჩატარების მიზნით მნიშვნელოვანია, სააგენტოს გააჩნდეს გადამზიდველების საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შესწავლილ იქნეს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ნებართვების რეალურად გამოყენების შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც: ა) სახმელეთო ტრანსპორტის დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სააგენტოს გააჩნდეს წვდომა ხსენებულ ინფორმაციაზე (1. სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებების მეტად ეფექტურად წარმოებისათვის; 2. დარგის სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად); ბ) კანონპროექტის მიღება არ იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების ცვლილებას; მიზანშეწონილია, „რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №35 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გათავისუფლდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან. ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საგადასახადო ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სააგენტოსთვის გახდება ქმედით, ბერკეტი, ეფექტიანად უზრუნველყოს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სათანადო ანალიტიკური/სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და სააგენტოს საშუალება მიეცემა მეტად ეფექტურად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე შეუძლებელია საგადასახადო საიდუმლოებაზე დაშვების მოპოვება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელსაც საგადასახადო ორგანომ, გამონაკლისის სახით შეუძლია გადასცეს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, დაემატება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. შესაბამისად, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი: „ძ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“. ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპრექტის ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
|
დოკუმენტის კომენტარები