დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 975-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.020399 |
|
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით;“; ბ) „ჰ5“ და „ჰ6“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) ვეტერინარი − პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი; ჰ6) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი;“; გ) „ჰ40“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ41“−„ჰ46“ ქვეპუნქტები: „ჰ41) მცენარეთა დაცვა − სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სხვა მცენარეთა მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მართვა, რომლის მიზანია მათი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილება და რომელიც მოიცავს: მცენარეთა კარანტინის ღონისძიებებს, მათი ინვაზიური და მიგრაციული სახეობების მონიტორინგსა და კონტროლს, მავნებლების ინტეგრირებულ მართვასა და ექსტენციას, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციასა და კონტროლს; ჰ42) სპირტიანი სასმელი − ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი, განსაზღვრული ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მქონე ალკოჰოლური სასმელი, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 15%-ია; ჰ43) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი − სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისგან მიღებული უფერო, გამჭვირვალე პროდუქტი, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 96,0%-ია; ჰ44) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი − სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნედლეულის სპირტული დუღილის/ფერმენტაციის პროდუქტის (პროდუქტების) შემდგომი დისტილაციით მიღებული ალკოჰოლური სითხე, რომელსაც არ აქვს უშუალოდ ეთილის სპირტის ან სპირტიანი სასმლის (სასმელების) თვისებები, თუმცა შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო; ჰ45) რეფერენტული გამოცდა − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორიის მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს; ჰ46) აუდიტი − სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მასთან დაკავშირებული შედეგები განსახორციელებელ გეგმებს, ეფექტიანად განხორციელდა თუ არა ეს გეგმები და რამდენად შესაფერისია ისინი დასახული მიზნების მისაღწევად.“. 2. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და პირველად წარმოებას;“. 3. 182 მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განახორციელოს გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;“; ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;“; ა.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) არ დაუშვას დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილება, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება აგრეთვე ოჯახური წარმოების სუბიექტზე.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი: „თავი III2. ვეტერინარული საქმიანობა მუხლი 184. ვეტერინარული საქმიანობის რეგულირება 1. ვეტერინარული საქმიანობა არის რეგულირებადი პროფესია. 2. რეგულირებადი პროფესიებია: ა) ვეტერინარი; ბ) ვეტერინარი ტექნიკოსი.“. 5. მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო კონტროლს (მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება) − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად.“. 6. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) რეგულირებადი პროფესიების − ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის რეგულირება; ზ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ეროვნული რეფერენსლაბორატორიების განსაზღვრა, რომლებიც ატარებენ რეფერენტულ გამოცდას.“. 7. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი: „ა.ვ) საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის ნატურალური მინერალური, წყაროს და სუფრის წყლის კატეგორიების მინიჭება;“. 8. 22-ე მუხლის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ლ) იმ ქვეყნების სიის შემუშავება, საიდანაც ცხოველების, ცხოველური პროდუქტებისა და ცხოველის საკვების იმპორტი დაშვებულია;“. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი: „მუხლი 241. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების ეტაპებზე განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი შემდეგი ფორმებით: ა) მონიტორინგი; ბ) დოკუმენტური შემოწმება; გ) ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარება; დ) შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა.“. 10. 26-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) აუდიტი.“. 11. 261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს: ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა.“. 12. 262 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი ცხოველის დაკვლის შემდგომი ცხოველური პროდუქტის შემოწმების პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს: ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა.“. 13. 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატის წარმოება, შემოტანა, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 14. 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, შემოტანა, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 15. 571 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. აღნიშნული ექსპორტისთვის სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე − შესაბამისობის სერტიფიკატს.“. 16. IV კარი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კარი IV. პასუხისმგებლობა თავი XV. პასუხისმგებლობა მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისთვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლებსაც ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა ადმინისტრაციული სახდელიც არის დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება. 4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 6. სამართალდამრღვევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 7. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ პირმა იგივე ქმედება ჩაიდინა წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ პირმა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე. 8. ამ კოდექსით გათვალისწინებული ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს არ შეიძლება დაეკისროს ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი ან განმეორებით დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი. მუხლი 64. საჯარო შეტყობინება 1. ამ თავით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ფოსტით ეგზავნება ან პირადად ჰბარდება. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირს საჯარიმო ქვითარი დაჯარიმების ადგილზე ან რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით, იმავე მისამართზე ეგზავნება. 3. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 4. ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. მუხლი 65. პირის მიერ საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე განხორციელება 1. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. 2. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. მუხლი 66. პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას. 3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 5. კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული, სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან, განადგურებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 6. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 8. მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს ამ სურსათის ან პროდუქტების ნამდვილ ბუნებაზე, შემადგენლობაზე, თვისებებზე ან სხვა მახასიათებლებზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნას, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. 10. ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 11. ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მუხლი 67. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება 1. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას. მუხლი 68. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას. მუხლი 69. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 6. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 8. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში სააგენტოსთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 9. დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 10. პროფილაქტიკური კარანტინის წესის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ: ა) იმპორტის შემთხვევაში ცხოველის კარანტინში განუთავსებლობა ან/და კარანტინში განთავსების ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ბ) იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში კარანტინში განთავსებული ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ცხოველის სადგომიდან გამოყვანა ან სადგომში სხვა ცხოველის შეყვანა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; გ) პროფილაქტიკური კარანტინის წესის სხვა მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 70. პასუხისმგებლობა ვეტერინარულ პრეპარატთან და სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ნივთიერებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ან/და ბაზარზე განთავსება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 4. ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამომყენებელი ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ საქმიანობის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 7. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ ვადაგასული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების გამოყენება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. მუხლი 71. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევა 1. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ცხოველის შესაბამისი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. მუხლი 72. პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის 1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. 5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 8. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 9. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 10. მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 73. სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მუხლი 74. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 17. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 33 ნაწილი: „33. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს: ა.ა) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი; ა.ბ) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი; ბ) 2023 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს: ბ.ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები; ბ.ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები.“; ბ) მე-9 ნაწილი: „9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს ეროვნული რეფერენსლაბორატორიების შერჩევის კრიტერიუმები.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-8 ნაწილისა და მე-16 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-8 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
თბილისი, 2 ნოემბერი 2021 წ. N975-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები