დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1098-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.020448 |
|
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 390000000.05.001.019838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არიდული ტყე − ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის ან/და სხვა ბუნებრივი პირობების გამო კორომმა შეიძლება ვერ მიაღწიოს 0,1 სიხშირეს;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ბოძი – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის, ხოლო აკაციის შემთხვევაში − არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ფიჩხი − მოჭრილი მერქნიანი მცენარე (ტოტებიანი ღერო) ან ძირნაყარი ხეების გასხეპილი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია;“; დ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ1) ხეტყის დამზადება − ზეზემდგომი ხეტყის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და გაზიდვა (მათ შორის, საქმიან ეზომდე);“; ე) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ3) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით;“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე 1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი ბუნებრივი წყალგამყოფით იზღუდება. 2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება: ა) სუბალპური ტყე; ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე; გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე; დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე; ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე; ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე და ამ ფერდობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე.“. 3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება 1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. 3. სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; ბ) „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება. 5. დაინტერესებული პირი ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებას წარუდგენს, შესაბამისად, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა სამუშაოების არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე განხორციელების შემთხვევისა. თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, დაინტერესებულმა პირმა ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეტაპზე უნდა წარადგინოს. 6. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები; ბ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად; გ) საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა. მისი არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება. ტყის სტატუსის ამ საფუძვლით შეწყვეტის პირობები და დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები განისაზღვრება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულებით. 8. სამინისტრო პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თუ საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, ეს დასკვნა მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ფარგლებში. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება, აღნიშნული დასკვნა მზადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული დასკვნა მზადდება აგრეთვე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტყის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველია. 9. ტერიტორიას, რომელსაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში. 10. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტერიტორიას ტყის სტატუსი.“. 4. მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება: ა) ამ კოდექსის მე-12 ან მე-13 მუხლით განსაზღვრული საფუძვლით; ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნით ჩატარებული ტყის აღრიცხვის საფუძველზე ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის კონტურში მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში (ასეთი ქონება ექვემდებარება ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში რეგისტრაციას).“. 5. 21-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის დაცვის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება არ მოიცავს ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებას, განახორციელოს უკანონო ჭრის ფაქტების პრევენციის ღონისძიება.“. 6. 22-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და საქართველოს ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო მუნიციპალური ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შექმნილი უფლებამოსილი ორგანო.“. 7. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ: ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ამ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში; ა.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“−„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე); ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა: ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ა.გ.გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად); ა.გ.დ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა; ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); დ) სამეურნეო ტყესა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება.“. 8. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა), ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე, ხოლო თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.“. 9. 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირწმინდა სამეურნეო ჭრის განხორციელება დასაშვებია კოლხეთის დაბლობის ტყეების (მათ შორის, დაცული კატეგორიის ტყის) მურყნარ (თხმელნარ) კორომებში, პლანტაციურ მეურნეობებსა და ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში.“. 10. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად გამოყენებას. ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა შესაძლებელია როგორც ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარულ ტერიტორიაზე, ისე ამ სახეობებით დაუფარავ ტერიტორიაზე.“. 11. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს: ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია; გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია; დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია; ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.“. 12. 61-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული თანხმობა ძალას იძენს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემისთანავე. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სალიცენზიო/სანებართვო საფასურსა და მოსაკრებელს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.“. 13. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე ეწყობა გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით.“. 14. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს: ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია; გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია; დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია; ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.“. 15. 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის ფართობის ან/და ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და აუცილებელ ფარგლებში გამოყენებასთან.“. 16. 68-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყითსარგებლობას დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად;“; ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია;“; ა.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 17. 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტყითმოსარგებლის მიერ ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა, დემონტაჟი (თუ დემონტაჟი საჭიროებს ხეტყის ჭრას), ფუნქციონირება (თუ ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამუშაოები საჭიროებს ახალ ფართობებს) ან მათი მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულება, აგრეთვე იმავე ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთჯერად კომპენსირებას.“. 18. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან;“. 19. 78-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. 4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა, სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრა.“. 20. 79-ე−81-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 79. მოვლითი ჭრა მოვლითი ჭრა ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მწიფე ხნოვანებამდე კორომში. მისი მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება.
მუხლი 80. სანიტარიული ჭრა სანიტარიული ჭრა, რომელიც არ მიეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომლის მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი გულისხმობს განსაზღვრულ ადგილზე ხმელი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და ტყის მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეების დადგენილ ვადებში მოჭრას, აგრეთვე ამ და სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გატანას.
მუხლი 81. სარეკონსტრუქციო ჭრა სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გათავისუფლებულ ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის კულტურების გაშენებას.“. 21. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-8 ნაწილები: „5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები ინარჩუნებს ძალას მათი სარევიზიო პერიოდის ამოწურვამდე. ამასთანავე, 2021 წლის 1 იანვრამდე ჩატარებული/დაგეგმილი ტყეთმოწყობის სამუშაოების საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმები დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი ტყის მართვის გეგმების ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხი განისაზღვროს „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით“. 6. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები, რომლებიც დაკავშირებულია ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან, გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. 7. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. ამ კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა 2026 წლის 1 იანვრამდე გულისხმობს აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრამდე ტყეში არსებული ბაღებით (მათ შორის, კაკლოვანი კულტურების ბაღებით), ვენახებითა და ჩაის პლანტაციებით სარგებლობას.“. 22. 93-ე მუხლის: ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“; ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.“. 23. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების ერთჯერადი კომპენსირების ვალდებულება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2021 წ. N1098-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები