საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1575-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020567
1575-VIIIმს-Xმპ
24/05/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
090000000.05.001.020567
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 ნაწილი:

„281. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ71“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა.“.

2. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე, ამასთანავე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე;“.

3. მე-80 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.“.

4. 112-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა.

3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისგანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაცია (თუ მისი ვინაობა ცნობილია); გვარეობითი ნიშნის მიხედვით − ის კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, საიდანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერული მონაცემი; კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან გამოსათხოვი სავარაუდო დოკუმენტი ან ინფორმაცია; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.“.

5. 125-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.“.

6. 136-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები:

„41. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები.

42. გამომძიებელი უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში პროკურორი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 მაისი 2022 წ.

N1575-VIIIმს-Xმპ