პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4373-XVრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.102338
4373-XVრს-Xმპ
18/07/2024
ვებგვერდი, 31/07/2024
240110000.05.001.102338
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების უპირატესობას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების (შშ) საერთაშორისო და ევროპული სისტემების მიხედვით წარმართვას;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-12−მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შესაბამისობის შეფასება (შშ) − პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტთან, მომსახურებასთან, პროცესთან, ფიზიკურ პირთან (პერსონალთან) ან ორგანიზაციასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.

13. შესაბამისობის შეფასების ობიექტი – პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, ფიზიკური პირი (პერსონალი) ან ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გამოიყენება/ხორციელდება შესაბამისობის შეფასება (შშ).

14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას (შშ), მათ შორის, დაკალიბრებას, გამოცდას, სერტიფიცირებასა და ინსპექტირებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას (შშ) ახორციელებს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანო.“;

ბ) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი − ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისი სტანდარტების დასახელებებს აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.“.

3. 191 მუხლის:

ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვისთვის გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში ხდება.“;

ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს პროდუქტი არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში.“;

გ) მე-15−მე-19 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ეს ვადა არ უნდა იყოს 30 დღეზე მეტი. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი.

16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან/და განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესაბამისი დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ ამ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად.

17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.

18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს ასეთ საფრთხეს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ.

19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის განადგურების შესახებ.“;

დ) 22-ე და 23-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17−მე-20 და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. მისი შესრულება სავალდებულოა. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორისთვის ამ კოდექსის 423 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი.“.

4. 19​3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 193. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

ამ კოდექსის 421−42​5 და 427 მუხლების შესაბამისად დაკისრებული სათანადო ჯარიმა სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. სამართალდამრღვევმა ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს ჯარიმის გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც.“.

5. 42-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინსპექტირების ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.“.

6. 422−426 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 422. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე.

2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე.

მუხლი 42 3. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე.

2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 8 000 ლარამდე.

მუხლი 42 4. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 7 000 ლარამდე.

2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

მუხლი 42 5. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა

1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 9 000 ლარამდე.

2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარიდან 12 000 ლარამდე.

მუხლი 42​ 6. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. ამ კოდექსის 421−425 და 427 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება არ შედგეს შემოწმების ადგილზე. ეს ოქმი სამართალდამრღვევს გადაეცემა ან ეგზავნება, ხოლო თუ ამ ოქმის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ კოდექსის 42​1−42​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4. ამ კოდექსის 42​1−42​5 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან.

5. ამ კოდექსის 42​7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 427 მუხლი:

„მუხლი 427. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა

1. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

5. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

7. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან რომელიც შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

9. ეკონომიკური ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

10. 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

11. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიმართ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას 1 კალენდარული წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.

12. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკურ რეგლამენტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.“. 

9. 65-ე მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები, მათ შორის, ჰარმონიზებული სტანდარტები, რომლებიც მიღებულია ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან, ჰარმონიზებულ კანონმდებლობაში გამოსაყენებლად;

დ) საქართველოს სტანდარტი (სსტ) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტის, ევროპული სტანდარტის ან ეროვნული სტანდარტის ან მათი პროექტების საფუძველზე მიღებული სტანდარტი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სტანდარტების ეროვნული ორგანო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.“.

10. 66-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტანდარტის შემუშავება და მიღება ხდება კონსენსუსის, მიუკერძოებლობისა და სტანდარტიზაციის სხვა საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტანდარტის შემუშავებისას გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები.“.

11. 67-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ამ კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტები, რომლებსაც იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული  სააგენტო (შემდგომ − სააგენტო);

ბ) საერთაშორისო სტანდარტი ან ევროპული სტანდარტი, რომლის ქართულ ვერსიას განიხილავს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი;“;

ბ) მე-5−მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სტანდარტად (სსტ) დარეგისტრირებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სტანდარტი, რომელსაც დაინტერესებული პირი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად გამოიყენებს. სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის ნომერი შედგება საერთაშორისო კოდიფიკაციის შესაბამისად. სტანდარტის რეგისტრაციის ნომრის პირველი სამი ასო (სსტ) აღნიშნავს საქართველოს სტანდარტს (ლათინურად − GES), მომდევნო ასოებით გამოიხატება ევროპული ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ სტანდარტის აბრევიატურა, რომელიც საქართველოს სტანდარტად (სსტ) მიიღება (ასეთი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ მითითებულია სტანდარტის რიგითი ნომერი სტანდარტების რეესტრის წარმოებისა და სტანდარტის მიღების წესის შესაბამისად.  

6. სააგენტო არ განიხილავს იმ სფეროს სტანდარტის პროექტს,  რომელშიც საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები არსებობს.

7.  სააგენტო სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტს განსახილველად არ გადასცემს იმ სფეროს სტანდარტის პროექტს, რომელშიც:

ა) საერთაშორისო სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან მათი პროექტები არსებობს;

ბ) სტანდარტზე ფართო მოთხოვნილება არ არის.

8. საერთაშორისო სტანდარტი ან ევროპული სტანდარტი საქართველოს სტანდარტად (სსტ) მიიღება სტანდარტის „თავფურცლის“ თარგმნის მეთოდითაც.“.

12. 68-ე მუხლის:

ა) მე-3  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს მიერ სტანდარტების რეესტრში სტანდარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სტანდარტის განხილვის დროებით შეჩერების ან სტანდარტის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი სააგენტოს წარუდგენს სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის დასაბუთებას და მას თავის ოქმში ასახავს.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივროს.“;

დ) მე-6−მე-8 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

13. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროებში, საჭიროების/პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს. დაინტერესებული მხარეები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში ნებაყოფლობით, თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ.

2. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა, კონსენსუსით მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის ან სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ.“.

14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 701 მუხლი:

„მუხლი 701. სტანდარტიზაციის საბჭო

1. სტანდარტიზაციის საბჭო არის სააგენტოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს სტანდარტიზაციის სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.

2. სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3. სტანდარტიზაციის საბჭო საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ღიაობისა და სტანდარტიზაციის სხვა პრინციპების საფუძველზე.“.

15. 72-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“.

16. მე-80 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისთვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა:

ა) ალკომეტრებისთვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე;

ბ) წყლის ხარჯმზომებისთვის:

ბ.ა) ცივი წყლისა – 6 წელი;

ბ.ბ) ცხელი წყლისა – 4 წელი;

ბ.გ) ცივი და ცხელი წყლისა – 4 წელი;

გ) ავტომატური სასწორებისთვის – 12 თვე;

დ) არაავტომატური სასწორებისა  და  მათთან გამოყენებული საწონებისთვის – 12 თვე;

ე) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი;

ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისთვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი;

ზ) გაზის მრიცხველებისთვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობებისთვის):

ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით QMAX ≤10 მ3/სთ – 10 წელი;

ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით QMAX>10 მ3/სთ – 4 წელი;

თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისთვის – 2 წელი;  

ი) ხმაურმზომებისთვის – 18 თვე;

კ) სიჩქარის მზომებისთვის – 1 წელი;

ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის) – 12 წელი;

მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისთვის – 1 წელი;

ნ) თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის − 4 წელი;

ო) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირების ანალიზატორებისთვის − 6 თვე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“−„ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.“.

17. 88-ე მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ პროდუქტის, ფიზიკური პირის (პერსონალის) ან ორგანიზაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.“.

18. 91-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) ინსპექტირების სერტიფიკატი, ანგარიში ან ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ან არ ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.

19. IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX

აკრედიტაცია

მუხლი 96. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა

1. აკრედიტაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც იგი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ადასტურებს, რომ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკმაყოფილებს სათანადო კანონმდებლობით, სტანდარტით ან/და სექტორული სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა.

3. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (გარდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისა), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი ორგანოს) და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

4. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად, საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე.

5. აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებულ პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

6. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო.

მუხლი 97. აკრედიტაციის ეროვნული სისტემის საფუძველი

1. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან მიზნებს, წესებსა და პრინციპებს. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება და აკრედიტაციის ეროვნულ სისტემასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ემყარება შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს.

2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

3. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.

მუხლი 98. აკრედიტაციის მოწმობა და მისი ვადა

1. აკრედიტაციის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. იგი გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც ყველა ტიპის აკრედიტებული ორგანოებისთვის საერთოა.

2. აკრედიტაციის მოწმობის გაცემა ადასტურებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შესაბამისობის შეფასების (შშ) კონკრეტულ სფეროში სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად. აკრედიტაციის სფერო, რომლის ფარგლებშიც აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, აკრედიტაციის მოწმობის განუყოფელი ნაწილია.

3. აკრედიტაციის მოწმობის ვადის განმავლობაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 99. აკრედიტაციის ცენტრი

1. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.

3. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.

4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აგრეთვე აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ სათანადო ღონისძიებებს.

5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. აკრედიტაციის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს რეკომენდაციების გაცემით/წინადადებების წარდგენით უწევენ კონსულტაციას სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.

7. აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად განიხილავს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს.

8. აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო უფლებამოსილია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

9. აკრედიტაციის ცენტრი ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და მას წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობას.

10. აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში;

ბ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოებთან.

11. აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

12. აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის (ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა) სახით მიღებული შემოსავალი, მათ შორის:

ბ.ა) აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი;

ბ.ბ) დაინტერესებული პირისთვის ხელშეკრულების საფუძველზე სწავლების/ტრენინგის ჩატარებით მიღებული შემოსავალი;

ბ.გ) კონფერენციის ორგანიზებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სხვა შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო

1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს აკრედიტაციის სისტემის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.

2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მუხლი 101. აკრედიტებული ორგანოების რეესტრი

1. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აკრედიტებული ორგანოების რეესტრს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.

2. აკრედიტებული ორგანოების რეესტრის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 102. აკრედიტაციის სიმბოლო

1. აკრედიტაციის სიმბოლო არის აკრედიტაციის ცენტრის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაა რეგისტრირებული და დაცული.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია აკრედიტაციის სიმბოლო გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის სფეროში. საქმიანობის არააკრედიტებულ სფეროში განხორციელებისას აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე სხვაგვარი მითითება დაუშვებელია.

3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პასუხისმგებელია აკრედიტაციის სიმბოლოს სწორად გამოყენებისთვის. აკრედიტაციის სიმბოლო გამოყენებული არ უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება დამკვეთს ან/და მომხმარებელს აკრედიტებულ სტატუსთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

4. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებით აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას აკრედიტაციის ცენტრი ადასტურებს და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციისთვის დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.

5. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე მითითება არ გულისხმობს იმას, რომ აკრედიტაციის ცენტრი პასუხისმგებელია აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის, ანგარიშის ან ოქმის შინაარსის შედეგებისთვის.

6. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების დამატებითი წესები და პირობები დგინდება და აკრედიტაციის სიმბოლოს არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა) „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ბ) „არაავტომატური აწონის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება;

გ) „გაზომვის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:

ა.ა) „სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/625 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ა.ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №1-1/624 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ბ) 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-12, მე-13 და მე-16 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ნ“ ქვეპუნქტებისა) ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 ნაწილები  ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ნ“ ქვეპუნქტები და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ივლისი 2024 წ.

N4373-XVრს-Xმპ