პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 173-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.102438
173-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 29/12/2024
240110000.05.001.102438
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 32 ნაწილები:

„31. პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე, წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში წვის პროდუქტებს (აეროზოლი, კვამლი) გარდაქმნის სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად სხვადასხვა სპეციალური ეფექტის (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური ეფექტების) შესაქმნელად.

32. პიროტექნიკური ნაწარმი – პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული ეფექტების (მათ შორის, სასცენო ეფექტის) შესაქმნელად.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება

1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო), ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნების ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო.

3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიების პიროტექნიკური ნაწარმის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს. სპეციალიზებული ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. სპეციალიზებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესი და პირობები (მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიებად დაყოფა, მისი უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების, რეალიზაციის, ეტიკეტირებისა და გამოყენების წესები) განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს:

ა) პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება;

ბ) პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცება.

2. ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებას ან/და რეალიზაციას, ვალდებულია 2025 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს თავისი საქმიანობის პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მისაღებად მიმართოს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს.

3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ 2025 წლის 1 აპრილამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გაცემა.

4. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადებისგან განსხვავებული ვადები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N173-Iმს-XIმპ