„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის №01-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის №01-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016333
01-212
25/02/2025
ვებგვერდი, 27/02/2025
010240030.22.030.016333
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის №01-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-212

2025 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის №01-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის №01-30  ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 02/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016221) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 
ა) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“;

ბ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;“;

გ) მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგების უზრუნველყოფა

1. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მინისტრი.

4. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.

5. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.

6. შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

7. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის      გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, მასში ასახული გარემოებები დადგენილად და რეკომენდაციები შეთანხმებულად.

8. შიდა აუდიტორულ ანგარიშს ხელს აწერს აუდიტის ჯგუფის ყველა წევრი.

9. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის.

10. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, სადავო რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.

11. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ასრულებს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აღნიშნულ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.

12. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის 31 იანვრამდე.

14. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშში მინისტრს ასევე წარუდგენს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შიდა (მიმდინარე და პერიოდული) და გარე შეფასების შედეგებზე, რომელიც ჩატარდება სულ ცოტა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა გარე ჯგუფის მიერ.

მუხლი 12. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში შემუშავებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას ან/და ინსპექტირების პროგრამას;

ზ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგებს, ინსპექტირების დასკვნებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს;

თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებს;

ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

პ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;

რ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.

მუხლი 13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დეპარტამენტის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს მინისტრის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

მუხლი 14. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი

1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ქვედანაყოფებს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ ანგარიშს;

ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ასრულებს მინისტრის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“;

დ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“;

ე) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აცილების საკითხს – მინისტრი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე