დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.024946 |
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით.“; ბ) მე-2 მუხლს „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ – „ღ12“ ქვეპუნქტები: „ღ1) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და ანალიზს, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ღ2) საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავებას; ღ3) საჯარო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით; ღ4) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოებას, საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან თანამშრომლობას ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში; ღ5) მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვისა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლას და განზოგადებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ღ6) შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; ღ7) საჯარო სამსახურში არსებული კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის შესწავლას, მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტანდარტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას; ღ8) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლას და განზოგადებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ღ9) სამოხელეო სამართლებრივი დავების გაანალიზებას და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ღ10) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას; ღ11) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას; ღ12) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ ანგარიშის მომზადებას;“; გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ და „ა.ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოსაწერად მომზადება;“; ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ლ) საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ლ.ა) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; ლ.ბ) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების შემუშავება; ლ.გ) საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა; ლ.დ) საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება; ლ.ე) საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება; ლ.ვ) საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან თანამშრომლობა და მეთოდური დახმარება საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; ლ.ზ) საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენა; ლ.თ) საჯარო სამსახურის საბჭოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშეწყობა; ლ.ი) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემისა (eHRMS) და საჯარო სამსახურში დასაქმების პლატფორმის (www.hr.gov.ge) ადმინისტრირება, საჯარო სამსახურში მონაცემების შეგროვება და ანალიზი, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და განვითარება, საჯარო სამსახურში მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სტანდარტებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების განვითარება და მეთოდური მხარდაჭერა; ლ.კ) მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტანდარტების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი; ლ.ლ) საჯარო სამსახურში მუდმივი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისა და საჭიროებებზე მორგებული სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ლ.მ) მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ლ.ნ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება; ლ.ო) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა და იმპლემენტაცია; ლ.პ) სამოხელეო სამართლებრივი დავების ანალიზი და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ლ.ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირება; ლ.რ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისათვის; ლ.ს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ლ.ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ.უ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე, მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდელობით დადგენილი წესით; ლ.ფ) კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ.ქ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; ლ.ღ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და საჯარო სამსახურის მასშტაბით გამოცხადებული კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფა; ლ.ყ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დისციპლინური გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებების განხორციელება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ლ.შ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ლ.ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;“; ზ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით: „ო) შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ო.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა; ო.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის კოორიდინირება, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; ო.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის ან/და პირების კონტროლი; ო.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება; ო.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; ო.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; ო.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; ო.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; ო.ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა (განხილვა) და დაზუსტება, ამ მიზნით შიდა ან/და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კვლევა, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის შესწავლა; ო.კ) დეპარტამენტში შესული შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენისა და დაზუსტებასთან დაკავშირებული განცხადებების/წინადადებების განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების პროეტების მომზადება; ო.ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.“; თ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს მავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდე-ბობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით.“; ი) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.“; კ) მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და ამავე კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით: ა) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიურ სამუშაო გეგმას; ბ) საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებებსა და გასცემს რეკომენდაციებს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები