„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 460070000.10.003.024982
91
28/03/2025
ვებგვერდი, 01/04/2025
460070000.10.003.024982
„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2025 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №465 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №465 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2024, 460070000.10.003.024860) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების  წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების ძირითად პრინციპებს, შესაბამისი სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და პირობებს.

2. აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭება ემსახურება აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებას.“.

2. მე-4 მუხლის:

ა)  მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ადმინისტრაცია განიხილავს სტატუსის მინიჭების მსურველი პირის განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირისთვის აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია განახორციელებს ობიექტის მონიტორინგს, შესაძლებელია, აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 60 დღემდე. 

5. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, წარდგენილ განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა არანაკლებ 5  სამუშაო დღის ოდენობით. ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვისთვის ამ წესით დადგენილი ვადის დინება ჩერდება.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე




დანართი №1

მუხლი 1. აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო  კრიტერიუმები:

ა) დაინტერესებული პირი ფერმერული მეურნეობის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით ახორციელებს ჩამოთვლილი ტურისტული მომსახურებიდან ერთ-ერთს მაინც: განთავსება, კვებით მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა;

ბ) დაინტერესებულ პირს აქვს მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ეზო/კარ-მიდამო;

გ) დაინტერესებულ პირს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ცალკეული სანიტარიული კვანძი (გარდა საყოფაცხოვრებო სანიტარიული კვანძისა);

დ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტში მიმდინარეობს სტუმრების მიღება;

ე) კვებითი მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში ობიექტს გააჩნია მენიუ;

ვ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს გააჩნია ტურისტული მომსახურებების პრეისკურანტი (ფასების ფურცელი).

მუხლი 2. ღვინის ტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო  კრიტერიუმები:

ა) მომხმარებელს სთავაზობს ღვინოსთან დაკავშირებულ ერთზე მეტ მომსახურებას, მათ შორის, სულ მცირე:

ა.ა) ღვინის დეგუსტაციის მომსახურებას;

ა.ბ) ღვინისა და კერძის შეხამების მომსახურებას;

ა.გ) ადგილისთვის დამახასიათებელი კერძების მასტერკლასს;

ა.დ) რთველში მონაწილეობის შესაძლებლობას;

ბ) დაინტერესებულ პირს აქვს მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ეზო/კარ-მიდამო, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე;

გ) დაინტერესებულ პირს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი  ჰიგიენური სანიტარიული კვანძები (სანიტარიული კვანძი არ უნდა იყოს განთავსებული მარნის სივრცეში ან მის სიახლოვეს და უნდა მდებარეობდეს მისგან მოშორებით. ასევე, მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ცალკეული სანიტარიული კვანძი, გარდა საყოფაცხოვრებო სანიტარიული კვანძისა);

დ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი აღჭურვილია შესაბამისი ღვინის საწარმოო ჭურჭლეულით (ღვინო არ ინახება იმგვარ პლასტმასის ბიდონებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ღვინის შესანახად. ასევე, მარანში არ გამოიყენება პლასტმასის ჭურჭელი, მაგ.: არ ხდება პლასტმასის დიდი ზომის ჭიქით ქვევრიდან ღვინის ამოღება და ა. შ.);

ე) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტზე, მომხმარებლების გამასპინძლებისთვის უნდა იყოს ღვინისთვის შესაბამისი  ჭურჭლეული (მაგ.: მინის ან თიხის დოქი, დეკანტერი, თიხის ან მინის სასმისები, ქვევრის შემთხვევაში − ღვინის ამოსაღები ორშიმო, ხაპი, ორხელი ან სხვა);

ვ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად, ყველა სეზონზე;

ზ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტში მიმდინარეობს სტუმრების მიღება;

თ) კვებითი მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში ობიექტს გააჩნია მენიუ;

ი) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს გააჩნია ტურისტული მომსახურებების პრეისკურანტი (ფასების ფურცელი);

კ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი სრული კალენდარული წლის განმავლობაში აწარმოებს დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ სრულწლოვან სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის გამასპინძლებისთვის საკმარის ღვინოს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

A x B x C = D,

სადაც:

A = დეგუსტაციის ფარგლებში ერთი ადამიანის მიერ საშუალოდ მოხმარებული ღვინის რაოდენობა (ფორმულაში მუდმივად გამოიყენება 2.5 ლიტრი);

B = დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ ზრდასრულ სტუმართა მაქსიმალური რაოდენობა;

C = მასპინძლობის დღეების რაოდენობა;

D = დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის გამასპინძლებისთვის საკმარისი ღვინის რაოდენობა.

მაგალითი:

მაგალითი მოცემულია შემდეგ დაშვებებზე დაყრდნობით: B = 10, ხოლო C = 182.

2.5 ლ, x 10 x 182 = 4,550 ლ.