გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/7698-25
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 27/03/2025
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2025
სარეგისტრაციო კოდი
2/7698-25
27/03/2025
ვებგვერდი, 03/04/2025
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე №2/7698-25

საქმე №330216925011200188

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

27 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზვიად ესებუა

განმცხადებელი – მოვალე – შპს „ერრაივალ ჯი“ (ს/ნ 405511094)

წარმომადგენელი – თამარ ჯიქია

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ერრაივალ ჯის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2025 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ერრაივალ ჯის“ წარმომადგენელმა თამარ ჯიქიამ, რომელმაც მოითხოვა შპს ერრაივალ ჯის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, განმცხადებელი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად და რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში 2022 წლის 07 მარტს. კომპანიის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება საქართველოს რეზიდენტი თანამშრომლების მეშვეობით. მოვალის ერთ-ერთ უმსხვილეს კლიენტს და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა მისი დაკავშირებული მხარე – Arrival UK Ltd, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი კომპანია. განმცხადებელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა Arrival UK Ltd-m და Arival automotive UK LTD-მ 2023 წლის 13 ნოემბერს გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომელზეც 2023 წლის 27 დეკემბერს დადებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით განმცხადებელმა იკისრა სრული და სოლიდარული პასუხიმგებლობა. დავალიანება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ჯამურად 127 708 853.66 აშშ დოლარს. თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის 27 დეკემბრიდან თავად განმცხადებლის 100%-იანი წილი და მის საკუთრებაში არსებული და სამომავლო მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დატვირთულია გირავნობის უფლებით, რაც დასტურდება კომპანიის ამონაწერით მეწარმეთა რეესტრიდან. ბრიტანულ კომპანიას შეექმნა ფინანსური სირთულეები, კერძოდ, 2024 წლის 5 თებერვლიდან Arrival UK LTD-ს მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რის გამოც იგი ვეღარ ახერხებს ვერც ზემოაღნიშნული სასესხო ვალდებულებების დაფარვას და ვერც მისი დავალიანების დაფარვას თავად განმცხადებლის მიმართ. ვინაიდან განმცხადებელი, როგორც თავდები, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე სოლიდარულ პასუხიმგებელ პირს, ის პირადად და სრულად არის პასუხიმგებელი აღნიშნული სასესხო დავალიანების დაფარვაზე, რისი ფინანსური შესაძლებლობაც კომპანიას არ აქვს. ამასთან, კომპანიას მოესპო შემოსავლის ძირითადი წყარო. გადახდისუუნარობის პროცესი მიმდინარეობს ასევე კომპანიის ერთადერთი პარტნიორის შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „ერრაივალ ჯერმანი გმბხ“-ს მიმართაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს განმცხადებლის ფინანსურ მდგომარეობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს კომპანიამ შეწყვიტა თავისი საქმიანობა. კომპანიას 2025 წლის 17 იანვრამდე ასევე ჰქონდა მიმდინარე და აქტიური შრომითი ხელშეკრულებები თავის თანამშრომლებთან. მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა ყველა დასაქმებულთან, კომპანიას ამ დრომდე გააჩნია შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები. შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით ცხადი გახდა, რომ განმცხადებელი გადახდისუუნაროა:

  • კომპანიის ვალდებულებები, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებები საგრძნობლად აღემატება კომპანიის აქტივებს. გარდა ამისა, არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და ვალდებულების მეტობის აღმოფხვრას.
  • 2024 წლის 3 დეკემბერს კომპანიამ გაუგზავნა შეტყობინება მის ყველა თანამშრომელს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა დასაქმებული პირისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან კომპანია არ ეწევა თავის ეკონომიკურ საქმიანობას.
  • კომპანიის ჯამური ვალდებულებების ოდენობა 369 785 110.75 ლარია, ხოლო მისი აქტივების ჯამური ღირებულება შეადგენს 24 515 413.89 ლარს. შესაბამისად, კომპანიის ვალდებულებები დაახლოებით 15-ჯერ აღემატება მის აქტივებს. გარდა ამისა, კომპანიის ერთადერთ ლიკვიდურ აქტივს წარმოადგენს ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე, რომლის ოდენობა მხოლოდ 318 776.38 ლარია, რაც კომპანიის სრული დავალიანების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. შესაბამისად, ცხადია მოვალის ვადამოსული ვალდებულებები აღემატება მისი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20%-ით.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიიჩნია, რომ შპს „ერრაივალ ჯის“ განცხადება დასაშვებად უნდა იქნeს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს: ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ერრაივალ ჯის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მის მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 50-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მოვალე შპს „ერრაივალ ჯის“ (ს/ნ 405511094) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „ერრაივალ ჯის“ (ს/ნ 405511094) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს ერრაივალ ჯის“ (ს/ნ 405511094) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი  ალექსანდრე ციცვიძე (პ/ნ 54001054479, ტელ. 598700820; მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 411ა; Aleqcic@gmail.com), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად ( საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                           ზვიად ესებუა