დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 508-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.05.001.102601 |
|
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება რკინიგზის სისტემაზე, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე, აგრეთვე რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბილეთი − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მგზავრს აძლევს მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მისი გადაყვანის ვალდებულებას. ბილეთი ადასტურებს მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტს;“; ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) რკინიგზის სადგური − სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ობიექტი, სადაც შეიძლება დაიწყოს, შეჩერდეს ან დასრულდეს სარკინიგზო მომსახურების გაწევა და რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისთვის;“; გ) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი: „ც1) რკინიგზის სადგურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ერთი ან ერთზე მეტი რკინიგზის სადგურის მართვისთვის და რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის მენეჯერი;“; დ) „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“−„ჯ7“ ქვეპუნქტები: „ჯ1) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი − იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის; ჯ2) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი − სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად; ჯ3) ტუროპერატორი − „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტუროპერატორი; ჯ4) ბილეთების გამყიდველი − პირი, რომელიც ახორციელებს რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით საცალო ვაჭრობას და ყიდის ბილეთებს, მათ შორის, პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის ბილეთებს, ერთ ან ერთზე მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების საფუძველზე; ჯ5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი − პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ჯ6) გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი − ფიზიკური პირი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ არის, თუმცა რომლის ნებისმიერი მიზეზით გადაადგილება შეზღუდულია და რომელიც საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა მან სხვა მგზავრების მსგავსად შეძლოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა; ჯ7) დანიშნულების პუნქტი − ბილეთში მითითებული გადმოსხდომის პუნქტი;“; ვ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 61 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები: „5. სააგენტო აღიარებს მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს და ახორციელებს მათ მონიტორინგს. 6. სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო დაწესებულებისგან ან/და ნებისმიერი სხვა პირისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 და 133 მუხლები: „მუხლი 132. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი 1. სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობასა და მონიტორინგს ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით ან სხვაგვარად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 3. გაეროს მიერ დადგენილი სახიფათო ტვირთების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით I კლასის სახიფათო ტვირთისა და VII კლასის სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, წერილობით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. მუხლი 13 3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი 1. იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი, გარდა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი. ამ სერტიფიკატს გასცემს სააგენტო. 3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სააგენტოში ჩაბარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. 4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, 5 წლით, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი აღნიშნული ვადის გასვლამდე 1 წლის განმავლობაში ხელახლა ჩააბარებს შესაბამის გამოცდას. 5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, შესაბამისი გამოცდის ჩატარების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე იმ მოთხოვნებს, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო კურსი უნდა აკმაყოფილებდეს, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 7. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს თავის მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირება. ამ ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.“. 5. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. მგზავრთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ტვირთთან, ბარგთან, ტვირთ-ბარგსა და ფოსტასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობისა და სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის წესის რეგულირებისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით მტკიცდება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი.“. 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371−377 მუხლები: „მუხლი 371. მგზავრთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. მგზავრის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას მისი დისკრიმინაცია დაუშვებელია. 2. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა მგზავრს უნდა შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები და ტარიფები მგზავრის მოქალაქეობის ან სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველის, ტუროპერატორის დაფუძნების ადგილის მიხედვით პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გარეშე. 3. მგზავრის მიერ ბილეთის დაჯავშნის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სარკინიგზო საწარმოსა და ბილეთების გამყიდველზე. 4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში გარკვეული სოციალური კატეგორიისთვის მიკუთვნებულ პირებს შეიძლება საშეღავათო პირობები დაუწესდეთ. მუხლი 37 2. მგზავრისთვის შეზღუდვების დაწესების დაუშვებლობა 1. დაუშვებელია მგზავრთან დაკავშირებით ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან გათავისუფლება მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებით. მგზავრი ვალდებული არ არის, შეასრულოს ის სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მგზავრის უფლებების შეზღუდვას. 2. სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორს უფლება აქვს, მგზავრს შესთავაზოს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით დადგენილ პირობებზე უფრო ხელსაყრელი სახელშეკრულებო პირობები. მუხლი 37 3. სამგზავრო ინფორმაცია 1. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, რომელიც მგზავრს ერთი ან ერთზე მეტი სარკინიგზო საწარმოს სახელით სთავაზობს მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, მას უნდა მიაწოდოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული სამგზავრო ინფორმაცია − ინფორმაცია მგზავრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებით განსაზღვრული რეისების თაობაზე. 2. მგზავრს სამგზავრო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს რეალურ დროში, ისეთი ფორმით (მათ შორის, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რომელიც მას ამ ინფორმაციის სრულად და ნათლად აღქმის შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სმენადაქვეითებული, უსინათლო და მცირემხედველი მგზავრების საჭიროებებს. მუხლი 37 4. სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ინფრასტრუქტურის მენეჯერმა სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაცია სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს რეალურ დროში უნდა მიაწოდოს. 2. სარკინიგზო საწარმომ სხვა სარკინიგზო საწარმო (მისი არსებობის შემთხვევაში), ბილეთების გამყიდველი და ტუროპერატორი უნდა უზრუნველყოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული სამგზავრო ინფორმაციითა და ბილეთის დაჯავშნის სისტემების შესახებ ინფორმაციით რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესაბამისად. მუხლი 37 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით უზრუნველყოფა 1. სარკინიგზო საწარმომ ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით უნდა შეიმუშაოს მატარებლით მგზავრობის არადისკრიმინაციული წესები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მისი დამხმარე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის გადასაყვანად. 2. სარკინიგზო საწარმომ და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა უნდა უზრუნველყონ, რომ პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უშუალოდ უწევს დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირს, გადიოდეს სპეციალურ სასწავლო კურსებს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და იცოდეს, როგორ გახადოს ხელმისაწვდომი ასეთი პირებისთვის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურება. პერსონალი ამ სასწავლო კურსებს რეგულარულად უნდა გადიოდეს. აღნიშნული სასწავლო კურსები უნდა ემსახურებოდეს პერსონალის მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის საჭიროებების შესახებ ცნობიერების გაზრდას. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად დამატებითი მოთხოვნები და წესები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით. მუხლი 376. ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა 1. თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანდება, დაგვიანებული მომსახურების გამწევმა სარკინიგზო საწარმომ მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს შემდეგი უფლებებით სარგებლობა, რომელთაგან მგზავრი ერთ-ერთს აირჩევს: ა) მგზავრისთვის ბილეთის მთლიანი საფასურის ანაზღაურება მარშრუტის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა არ განხორციელდა, და იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა უკვე განხორციელდა, თუ მგზავრის თავდაპირველი მგზავრობის გეგმა ვერ სრულდება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მგზავრის გამგზავრების საწყის პუნქტში დაბრუნების მომსახურებით უზრუნველყოფა პირველი შესაძლებლობისთანავე; ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, პირველი შესაძლებლობისთანავე; გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, მგზავრისთვის მოსახერხებელ დროს. 2. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსგავსი სატრანსპორტო პირობებით მარშრუტის შეცვლას დაგვიანებული მომსახურების გამწევი სარკინიგზო საწარმო ან სხვა სარკინიგზო საწარმო ახორციელებს, აუცილებელი არ უნდა გახდეს მგზავრის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა გულისხმობს უფრო მაღალი კლასის ან ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. სარკინიგზო საწარმომ უნდა განახორციელოს გონივრული ძალისხმევა დამატებითი, დაკავშირებული რეისების/გადასხდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყოს მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში შეძლებისდაგვარად მცირე ხნით დაგვიანება. მგზავრი არ უნდა განთავსდეს უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საშუალება მარშრუტის შეცვლისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბილეთის საფასური უნდა ანაზღაურდეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და სარკინიგზო საწარმოს მიერ დადგენილი წესით. ეს საფასური შეიძლება ანაზღაურდეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით, იმ პირობით, რომ ამ ვაუჩერთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები მოქმედების ვადასა და დანიშნულების პუნქტთან მიმართებით საკმაოდ მოქნილია და მგზავრი თანახმაა, მიიღოს ეს ვაუჩერი ან/და მომსახურება. მუხლი 377. კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის 1. მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის, თუ იგი იგვიანებს ბილეთში მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთის საფასური ანაზღაურებული არ არის ამ კოდექსის 376 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, მას უნარჩუნდება მგზავრობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა: ა) ბილეთის საფასურის 25% − 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის; ბ) ბილეთის საფასურის 50% − 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მქონე მგზავრზე. სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში დაგვიანების ან მომსახურების გაუქმების შემთხვევის განმეორებისას მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად. ამ პირობებით დადგენილი უნდა იყოს დაგვიანების განსაზღვრისა და კომპენსაციის გაანგარიშების კრიტერიუმები. თუ სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში 60 წუთზე ნაკლები დროით დაგვიანების შემთხვევა მეორდება, შესაძლებელია ეს შემთხვევები კუმულაციურად აღირიცხოს და მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად. 3. დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება მგზავრის მიერ გადახდილი ბილეთის საფასურის მთლიანი ოდენობიდან. თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულება ორმხრივ მგზავრობას გულისხმობს, მიმავალი ან დასაბრუნებელი რეისის დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთში მითითებული მგზავრობის ამ კონკრეტული ნაწილის ღირებულებიდან. თუ ბილეთში მგზავრობის ცალკეული ნაწილების ღირებულებები მითითებული არ არის, კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთის საფასურის ნახევარი ოდენობიდან. დაგვიანებული მომსახურების ღირებულება, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა ფორმით და მგზავრს აძლევს ორ ან ორზე მეტ თანამიმდევრულ მონაკვეთზე მგზავრობის უფლებას, გაანგარიშდება ბილეთის მთლიანი საფასურის ოდენობის პროპორციულად. 4. ბილეთის საფასურისთვის კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს მისი მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში. კომპენსაცია მოთხოვნილი უნდა იქნეს დაგვიანებული ან გაუქმებული რეისის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 10 დღის ვადაში. მგზავრის თანხმობის შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით. 5. სარკინიგზო საწარმო უფლებამოსილია დააწესოს კომპენსაციის მინიმალური ზღვარი, რომელიც აღემატება ამ მუხლით განსაზღვრულ ოდენობას. 6. მგზავრს არ აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, თუ მას დაგვიანების შესახებ ინფორმაცია ბილეთის ყიდვამდე მიეწოდა ან თუ იგი სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლები დროით იგვიანებს. 7. სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის, მგზავრს გადაუხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის მიერ გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანება გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) საგანგებო გარემოებით, რომელსაც რკინიგზის საქმიანობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს (არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობა, სტიქიური მოვლენა, ეპიდემია ან სხვა მიზეზი), თუ ეს გარემოება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ გარემოებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ გარემოების თავისებურების გათვალისწინებით; ბ) მგზავრის ბრალით; გ) მესამე პირის ქმედებით (ადამიანის ლიანდაგზე ყოფნა, ელექტროგაყვანილობის ქურდობა, მატარებელში საგანგებო სიტუაციის არსებობა, სამართალდამცავი ორგანოს მიერ ღონისძიების განხორციელება, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა შემთხვევა), თუ ეს ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ ქმედებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ ქმედების თავისებურების გათვალისწინებით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ ქმედებებზე: სარკინიგზო საწარმოს პერსონალის გაფიცვა, იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მოსარგებლე სხვა სარკინიგზო საწარმოს მოქმედება ან უმოქმედობა, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან რკინიგზის სადგურის მენეჯერის მოქმედება ან უმოქმედობა. 9. სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანების შემთხვევისთვის დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით.“. 7. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბილეთის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება აგრეთვე მის მიერ ავადმყოფობის გამო მგზავრობაზე უარის თქმის ან მისი ბილეთში მითითებული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და ამ ადგილის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.“. 8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 და 422 მუხლები: „მუხლი 421. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა 1. სარკინიგზო საწარმომ, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა ბილეთის გაყიდვისას მგზავრს უნდა მიაწოდოს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული მისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის წარდგენის უფლების) და ვალდებულებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. მან მგზავრს აგრეთვე უნდა მიუთითოს კონკრეტული ადგილი, სადაც იგი შეძლებს აღნიშნული ინფორმაციის მიღებას მომსახურების გაუქმების, გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში. 2. მგზავრს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ, მისი პასუხისმგებლობისადმი დაქვემდებარებულ საკითხებზე მოთხოვნის უფლების წარმომშობი შემთხვევის დადგომიდან 3 თვის ვადაში. სარკინიგზო საწარმო ან რკინიგზის სადგურის მენეჯერი საჩივარს 1 თვის ვადაში განიხილავს. 3. ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. აღნიშნულ სფეროში სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) მგზავრებისთვის მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მგზავრთა უფლებების დარღვევის შესახებ მათი საჩივრების განხილვა; გ) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების შემოწმება (ინსპექტირება). 4. სააგენტოს მიერ რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს აღნიშნული დარღვევისა და მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნაკლოვანების მის მიერ მითითებული ფორმით და დადგენილ ვადაში გამოსწორება; ბ) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია პირს მის მიერ მგზავრთა უფლებების უმნიშვნელო დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) სამართალდამრღვევს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. იგი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა შესრულდეს. 6. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მუხლი 422. სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა 1. სააგენტო ვალდებულია განიხილოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის შესახებ მგზავრის საჩივარი და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. სააგენტო უფლებამოსილია მგზავრის საჩივართან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად და გამოსაკვლევად ჩაატაროს შემოწმება. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რკინიგზის სადგურის მენეჯერი, ბილეთების გამყიდველი, ტუროპერატორი ვალდებულია სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, აგრეთვე უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის სათანადო ინფრასტრუქტურასთან დაშვება. 3. სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. 4. სააგენტო უფლებამოსილია მგზავრის საჩივრის განხილვისას გონივრული ვადით შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტის გამოთხოვის საფუძვლით. სააგენტო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ აცნობებს საჩივრის წარმდგენ პირს. საჩივრის განხილვა გაგრძელდება აღნიშნული საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში.“. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი: „მუხლი 591. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი 1. სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე უნდა განისაზღვროს მისი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი. ამ პირს უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი. 2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად განაახლოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, შეაჩეროს მისი მოქმედება ან გააუქმოს ის. 3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც იგი ახორციელებს. 4. სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დგინდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ თავისი ფუნქციების დელეგირების წესი და ამ წესისგან გამონაკლისი შემთხვევები. 5. სააგენტო ახორციელებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას თავის მიერ დამტკიცებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება. 7. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სავალდებულო სერტიფიცირების შემთხვევები (მათ შორის, გამონაკლისი შემთხვევები) განისაზღვრება სარკინიგზო უსაფრთხოების წესით. 8. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. 10. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები: „4. სააგენტომ უზრუნველყოს: ა) 2025 წლის 1 სექტემბრამდე − მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება; ბ) 2026 წლის 1 მარტამდე: ბ.ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება; ბ.ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, შესაბამისი გამოცდის ჩატარების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება; ბ.გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცება; ბ.დ) სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცება; გ) 2026 წლის 1 იანვრამდე − ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2−მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. 5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-5−მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 29 აპრილი 2025 წ. N508-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები