თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1138-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.102877
1138-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
120000000.05.001.102877
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება გამწვევ კომისიაში ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ თავს აარიდებს/არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას (მათ შორის, თავს აარიდებს/არ ჩაიტარებს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს), გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.“.

2. 77-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით, ხოლო სამხედრო სასწავლებელში − სამხედრო სასწავლებლის მეთაურის სამართლებრივი აქტით.“.

3. 115-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და სამხედრო სასწავლებლის მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები და პირობები.“.

4. 117-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი.“.

5. 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ზედამხედველობს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსით დადგენილი პირობებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას და მოხალისის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფულადი სახსრების ხარჯვას.“.

6. 170-ე მუხლის მე-4 ნაწილის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ანგარიში მის მიერ მიღებული ქონებით სარგებლობისა და ფულადი სახსრების ხარჯვის თაობაზე და ინფორმაცია განხორციელებული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესის შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი მართვის ორგანოების სტრუქტურა და არჩევის წესი;“.

მუხლი 2. თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორმა ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის კოდექსის 170-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის დამტკიცება.

 

     მუხლი 3

   1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1138-IVმს-XIმპ