დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-765 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016969 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანდართული დებულება. 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის №237 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის – ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების
სააგენტოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ საქმიანობას. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ემბლემა და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. სააგენტოს ემბლემას ამტკიცებს მინისტრი. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0102, მ. წინამძღვრიშვილის ქ.№200/ცაბაძისქ. №11. მუხლი 2. სააგენტოს ძირითადი მიზანი და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზანია ადამიანისა და გარემოს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა როგორც აწმყოში, ისე მომავალში. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფა; გ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მოქმედ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა; თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება; ი) ბირთვული მასალის აღრიცხვის, კონტროლის და ანალიზის სისტემის შექმნა და წარმოება; კ) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების ხელშეკრულებითა და მისი დამატებით ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი; მ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის; ნ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის; ო) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმის მიხედვით, სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გამოკვლევის ორგანიზება და ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა; ჟ) ბირთვული ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სამინისტროსთვის შესაბამისი ანგარიშის მიწოდება საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, ასევე, შესაბამისი ანგარიშის მიწოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და იმ ქვეყნების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის, რომლებსაც ეხებათ ან შეიძლება შეეხოთ რადიოლოგიურად მნიშვნელოვანი დაბინძურება „ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; რ) საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად; ს) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ტ) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; უ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; ფ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; ქ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ანალოგიური პროფილის სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და უცხო ქვეყნების სამსახურებთან თანამშრომლობა; ყ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება და ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; შ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული; ჩ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა; ც) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება ან/და მონაწილეობა; ძ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა; წ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტის დაცვითი ზონების საზღვრების შეთანხმება; ჭ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის სისტემის ფუნქციონირების კონტროლი; ხ) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემური მართვა, მოვლა-პატრონობა, ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჯ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და მოპყრობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ) რადიოლოგიური გამოკვლევის შესახებ მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; ჰ)1 კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში შესაბამისი ეროვნული სტრატეგიებისა და ამ სტრატეგიების განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ჰ)2 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, რეგულირებიდან გათავისუფლების, ამოღების და ბირთვული და რადიაციული ობიექტის განთავსების ადგილის რეგულირებიდან გათავისუფლების დონეების განსაზღვრა; ჰ)3 გეგმური ინსპექტირების პროგრამის შემუშავება და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჰ)4 კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება; ჰ)5 რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა; ჰ)6 ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც კანონმდებლობით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება. მუხლი 3. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. მათი უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 4. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსი. 4. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და წარმართავს მის საქმიანობას; ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე; გ) დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს წახალისების საკითხებს და განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობას; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს; ზ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს ფულად სახსრებს და სააგენტოს შემოსავლებს. კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, ფულადი სახსრებისა და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვაზე; ი) ხელს აწერს სალიცენზიო/სანებართვო/სარეგისტრაციო მოწმობებს. ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; კ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს; ლ) სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს; მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ნ) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს; ო) ამტკიცებს სააგენტოში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს; პ) შუამდგომლობს სააგენტოს თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ჟ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები; რ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) საერთაშორისო ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; გ) სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტი; დ) ავტორიზაციის დეპარტამენტი; ე) ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის მხრივ შესაძლოა დაიყოს სტრუქტურულ ერთეულებად. ა) სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტი: ა.ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სამმართველო; ა.ბ) დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის სამმართველო. ბ) ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტი: ბ.ა) ინსპექტირების სამმართველო; ბ.ბ) ინსპექტირების სამმართველო. მუხლი 5. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) 1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ფუნქციებია: ა) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება; ბ) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა; დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების ნაწილში სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროსთვის და სახაზინო სამსახურისთვის წარსადგენად კვარტალური და წლიური საფინანსო/სტატისტიკური ანგარიშების მომზადება; ვ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; თ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საკადრო რესურსების მართვისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმება; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება; სააგენტოს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება; მ) სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით; ნ) სამინისტროსა და სხვა უწყებებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ო) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; პ) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების, სიახლეებისა და მიღწევების საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; ჟ) სააგენტოს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, ასევე ფოტო და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; რ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ს) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა და ინტერაქციის უზრუნველყოფა; ტ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული ინფორმაციის/მასალების მონიტორინგის განხორციელება; უ) სააგენტოს მიერ დაგეგმილი საპროტოკოლო შეხვედრების, ვიზიტების დაგეგმვა და ჩატარება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 6. საერთაშორისო ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი საერთაშორისო ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფა; ბ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მომზადება და წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) საერთაშორისო პროექტებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ტექნიკური თნამშრომლობის პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში - სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და მასში შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; თ) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ლ) განცხადებების, სარჩელების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება; მ) საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ო) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 7. სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტი 1. სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის სისტემის ფუნქციონირების კონტროლი; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვა და მოპყრობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ)დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემური მართვა, მოვლა-პატრონობა, ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციების შესრულებისას რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენის/შეცვლის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ე) რადიოაქტიური ნარჩენების მიმართულებით საექსპერტო დასკვნის მომზადება; ვ) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვა; ზ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია; კ) დეკონტამინაციის დროს წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობა (შეფუთვა, ტრანსპორტირება და განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტებზე); ლ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების დახასიათება; მ) რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობის ობიექტების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ნ) რადიოაქრიური ნარჩენების მოპყრობის ობიექტების ოპერაციული პროცედურებიდან გამომდინარე, გარემოში რადიონუკლიდების გაშვების დონეების შეფასება თითოეული ოპერაციისთვის და დადგენილ დონეებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ო) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და საცავის რადიოლოგიური მონიტორინგის უზრუნველყოფა; პ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სამმართველოს მუშაკების, ასევე ვიზიტორების ინდივიდუალური დოზის აღრიცხვა დაკონტროლი; ჟ) რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობის ობიექტებში საკონტროლო და დაკვირვების ზონების განსაზღვრა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად კონტროლი; რ) რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობის ობიექტებში განთავსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა და გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების ფიზიკური მდგრადობის გახანგრძლივება; ს) სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული დაბინძურებული ტერიტორიების ინსტიტუციური კონტროლი და მონიტორინგი; ტ) დაბინძურებული ტერიტორიების დეკონტამინაცია და რემედიაცია; უ) სადეკონტამინაციო და სადეზაქტივაციო სამუშაოების წარმოება, ტერიტორიების რემედიაცია; ფ) სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის რეაგირების სამმართველოს თანამშრომლების ტექნიკური და ადამიანური რესურსებით დახმარება საჭიროებისამებრ; ქ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება; ღ) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური (გამოყენებიდან ამოღებული, რესურსამოწურული) წყაროების რეესტრისა და რადიოაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოება; ყ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში არსებული ბირთვული მასალის აღირცხვის, კონტროლისა და ფიზიკური ინვენტარიზაციის განხორციელება; შ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების არსებულ ბირთვულ მასალებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ეროვნული პასუხისმგებელი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჩ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისათვის რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმების დადგენა; ც) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ძ) საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 3. დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების მართვა; ბ) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების მონიტორინგის უზრუნველყოფა; გ) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 8. ავტორიზაციის დეპარტამენტი ავტორიზაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციისას გაცემასთან, გაუქმებასთან, გაცემაზე უარის თქმასთან და მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; ბ) ავტორიზაციის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის წარმოება; გ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება; დ) ავტორიზაციის შემთხვევაში გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) სალიცენზიო და სარეგისტრაციო პირობების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტის პროექტის და მათში ცვლილებების შეთანხმება; თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება და აღრიცხვა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 9. ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტი 1. ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის; ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის; გ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმის მიხედვით, სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გამოკვლევის ორგანიზება და ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა; ე) ბირთვული ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სამინისტროსთვის შესაბამისი ანგარიშის მიწოდება საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, ასევე, შესაბამისი ანგარიშის მიწოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და იმ ქვეყნების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის, რომლებსაც ეხებათ ან შეიძლება შეეხოთ რადიოლოგიურად მნიშვნელოვანი დაბინძურება „ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად; ზ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი. 2. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებისა და ბირთვული დაცულობის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განსახორციელებლად; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მოპყრობაზე კონტროლი; დ) უსაფრთხოების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი კვლევების და ხარისხის კონტროლის განხორციელება; ე) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი; ვ) გეგმური ინსპექტირების პროგრამის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ინსპექტირების რეესტრის წარმოება; თ) ინსპექტირების თანამშრომლების პროფესიული დოზების რეესტრის წარმოება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება; ლ) საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებაში და რადიოაქტიური წყაროს საძიებო ღონისძიებებში მონაწილეობა; მ) საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების სამმართველოს ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. რეაგირების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება და პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ბ) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება; გ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი; დ) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობა; ე) ნებისმიერი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის კვლევის შედეგების ანალიზი მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით; ვ) ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან მიღებული რადიოლოგიური მონიტორინგის და გარემოს რადიოლოგიური მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიური შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) დეკონტამინაციის და რადიოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი; ი) ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირება და კრიმინალური სცენის რადიოლოგიური მონიტორინგი, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმება; კ) არალეგალური, მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირება; ლ) არალეგალური, მიმოქცევიდან ამოღებულ ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალებზე კონტროლის განხორციელება დადგენილი წესით; მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ო) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს შესაძლო არსებობის დასადგენად ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი ქვეყანაში წარსულში გამოყენებული რადიოაქტიური წყაროების (მათ შორის, არაავტორიზებული პირის ან/და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური წყაროების) შესახებ; პ) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენისას დროული რეაგირება; ჟ) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების საძიებო ღონისძიებების დაგეგმვა, მოძიება და ტრანსპორტირება; რ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ს) ბირთვული და რადიოლოგიური ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის რეაგირების სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები; ტ) რეაგირების სამმართველოს თანამშრომლების პროფესიული დოზების რეესტრის წარმოება; უ) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება; ფ) საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებაში და რადიოაქტიური წყაროს საძიებო ღონისძიებებში მონაწილეობა; ქ) საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციების შესრულება; ღ) კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი10. სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი 1. სააგენტოს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი: ა) ასრულებს სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეების დავალებებსა და მითითებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით; დ) უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე და ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილეების წინაშე; ვ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 11. სააგენტოს სამმართველოს უფროსი 1. სააგენტოს სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ სამმართველოს თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსს აბარებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის სწორად წარმართვაზე და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ე) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 12. სააგენტოს თანამშრომელი 1. თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 2. თანამშრომელი პასუხისმგებელია სააგენტოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისას. მუხლი 13. სააგენტოს ფულადი სახსრები 1. სააგენტოს შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სააგენტოს ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს სააგენტოს უფროსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს. მუხლი 14. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 15. სააგენტოს ქონება კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 17. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია. მუხლი 18. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები