დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 18/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.31.056.016070 |
|
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 122 მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 67-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომ - საბჭო).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
|
| მუხლი 3 |
საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა (წევრობა) ეთხოვოთ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრს ან მის მოადგილეს; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს ან მის მოადგილეს; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ან მის მოადგილეს; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ან მის მოადგილეს; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ან მის მოადგილეს; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსს ან მის მოადგილეს. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მე-3 მუხლში მითითებულ უწყებებს ეთხოვოთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარუდგინონ საბჭოს წევრობის კანდიდატურები.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების მე-3 მუხლში მითითებული უწყებების მიერ განსაზღვრული საბჭოს წევრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
|
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ბათუმი, 18 დეკემბერი 2025 წ. N55-Iს |
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომ – უმაღლესი საბჭო ) მიერ შექმნილი ორგანო, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და ამ დებულებით. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის, „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს ადგილსამყოფელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ბათუმი, უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, ლუკა ასათიანის ქუჩა №37. მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიზნები 1. საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) თანასწორობა; გ) საჯაროობა; დ) მიუკერძოებლობა; ე) კოლეგიურობა; ვ) ანგარიშვალდებულება. 2. საბჭოს მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის და ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის ხელშეწყობა. მუხლი 3. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილება 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საბჭოს მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი დამტკიცება და დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია; ბ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭიროებების ანალიზი, შეფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შესამუშავებლად შესაბამისი ორგანოებისთვის წინადადებების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა; გ) ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) ქალთა და ბავშვთა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო/ავტონომიური/მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება; ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი და შეფასება; ზ) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობა, შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება; თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ცალკეული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება; ი) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის და ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება. 2. საბჭოს უფლება აქვს: ა) ჩაატაროს თემატური მოკვლევა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საჭიროებების, ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მიზეზების დასადგენად, შეისწავლოს მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევები, მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები; ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები; გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს ფუნქციების განსახორციელებლად; ე) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა და სტრუქტურა 1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და საბჭოს სხვა წევრებისგან. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები (არაუმეტეს 6 წარმომადგენლისა). 3. საბჭოს რაოდენობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი მუნიციპალიტეტის: ბ.ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ; ბ.ბ) მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელმა საჯარო მომსამსახურემ. მუხლი 5. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და საბჭოს მდივანს, საბჭოს პირველ სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საბჭო. 3. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს თავმჯდომარისადმი საბჭოს წევრთა 1/3-ის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 6. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე , ხოლო საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომამდე 1 დღით ადრე მაინც. 7. საბჭოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. 8. საბჭოს დახურულ სხდომაზე/სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება აქვთ საბჭოს წევრებს, აგრეთვე ამ სხდომაზე/სხდომის ნაწილზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. 9. საბჭოს საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, დაუსვან შეკითხვები საბჭოს წევრებს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია, წინადადება და რეკომენდაცია. ყველა წინადადება და რეკომენდაცია აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილ იქნეს ასევე წერილობითი ფორმით. ასეთი სახის წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და დაურთავს სხდომის ოქმს. 10. საბჭოს სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და სავალდებულოა შესასრულებლად. 11. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 12. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 13. საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 14. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 15. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საბჭოს წევრებისა და საბჭოს სხდომაზე დამსწრე პირებისთვის. 16. საბჭოს სხდომა იხურება (სრულდება) დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვის ან/და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 17. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 18. საბჭოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; ბ) სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრების და მოწვეული პირების სია; გ) სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა ნუსხა; დ) სხდომაზე განხილული საკითხები და გამოთქმული მოსაზრებები; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) სხდომაზე მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები, ხოლო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე – გადაწყვეტილებები. 19. საბჭოს სხდომის ოქმი (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე) საჯაროა და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 20. საბჭოს სხდომის ოქმი და მასზე თანდართული მასალები ინახება უმაღლესი საბჭოს აპარატში. 21. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადრესატებს, რომლებიც ვალდებულნი არიან განიხილონ წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები და 1 თვის ვადაში მიაწოდონ საბჭოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე რეაგირების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი გათვალისწინების პერიოდში გამოვლენილი ხელის შემშლელი გარემოებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ. მუხლი 6. საბჭოს თავმჯდომარე 1. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას. 2. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს საბჭოს საქმიანობას; ბ) განსაზღვროს საბჭოს დღის წესრიგი, მოიწვიოს საბჭოს სხდომა დამოუკიდებლად ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე და გაუძღვეს საბჭოს სხდომებს; გ) განსაზღვროს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია და მოიწვიოს ისინი საბჭოს სხდომაზე; დ) მოახდინოს საკითხის ინიციირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა; ე) განსაზღვროს გამომსვლელთა რიგითობა და მისცეს მათ სიტყვა; ვ) უზრუნველყოს საბჭოს წევრთა უფლებებისა და სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვა; ზ) აკონტროლოს საბჭოს წევრთა მიერ მოვალეობების შესრულება; თ) დასვას საკითხი კენჭისყრაზე, გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები და დახუროს სხდომა; ი) ხელი მოაწეროს საბჭოს სხდომის ოქმს და საბჭოს მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს; კ) უზრუნველყოს საბჭოს მიერ მიღებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის წარდგენა; ლ) განახორციელოს საბჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით. 3. საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობა არ ანაზღაურდება. მუხლი 7. საბჭოს მდივანი 1. საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომის მოწვევას/ჩატარებას; ბ) საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ საბჭოს წევრების განცხადებას/ინიციატივას გადასცემს საბჭოს თავმჯდომარეს; გ) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას; დ) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს და წინასწარ აწვდის ინფორმაციას საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის შესახებ და უგზავნის შესაბამის მასალებს ამ დებულებით დადგენილი წესით; ე) ახდენს საბჭოს წევრთა რეგისტრაციას; ვ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას, მათ შორის, საბჭოს ოქმების და საბჭოს საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შედგენას/წარმოებას/დაარქივებას; ზ) ხელს აწერს სხდომის ოქმს; თ) საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს ინფორმაციის მოძიებას/მიღებას შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ წინადადებების/რეკომენდაციების გათვალისწინების მდგომარეობაზე და წარუდგენს მას საბჭოს თავმჯდომარეს; ი) ეხმარება საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში; კ) საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს. 2. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს მდივნის საქმიანობა არ ანაზღაურდება. მუხლი 8. საბჭოს წევრი 1. საბჭოს წევრი უფლებამოსილია: ა) დასვას საკითხი განსახილველად, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, მიიღოს და შეაფასოს პასუხები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა; ბ) საბჭოს და საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების მოთხოვნები; ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში; გ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; დ) დაუყოვნებლივ აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ. 3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება თუ იგი : ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს წერილობითი განცხადებით საბჭოდან გასვლის შესახებ; ბ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ე) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საბჭოს მუშაობაში; ვ) აღარ არის უმაღლესი საბჭოს წევრი; ზ) სხვა პირით ჩაანაცვლა წარმდგენმა/დამნიშვნელმა სუბიექტმა; თ) გარდაიცვალა. 4. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. მუხლი 9. საბჭოს მიერ გაცემულ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე რეაგირების მონიტორინგი საბჭოს თავმჯდომარეს/საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი საბჭოს მიერ მიღებული იმ წინადადებების და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა გათვალისწინების მდგომარეობაზეც საბჭომ მიიღო ინფორმაცია შესაბამისი ორგანოს/თანამდებობის პირისგან. მუხლი 10. ანგარიშგება 1. საბჭო მის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. 2. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. მუხლი 11. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ - ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი. მუხლი 12. დასკვნითი დებულებები ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები