დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016599 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის №01-13/ნ ბრძანების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით. |
| მუხლი 3 |
პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე; გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 25.12.2024 წ, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016572). |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს. |
მუხლი 2.
პროგრამის მიზანი და ამოცანა |
1. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით;
2. პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. |
მუხლი 3.
ტერმინთა განმარტება |
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას; ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა; გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას; დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია); ე) მომსახურების მიმღები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი; ვ) მომსახურების მიღების მსურველთა სია – სია, რომელშიც შეიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა; ზ) მომსახურების მაძიებელი – პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ. თ) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი; ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; კ) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
|
მუხლი 4.
პროგრამით მომსახურების მიმღები პირი |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
|
მუხლი 5.
პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები |
1. პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელია მაძიებელს (18 წელზე უფროსი ასაკის) ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და აკმაყოფილებდეს (გარდა წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით მოსარგებლისა) ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ კრიტერიუმს:
ა) მარტო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ბ) მზრუნველობამოკლებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი) რომელიც დროებით რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (150 000 ქულის ჩათვლით) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 2. პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავ კრიტერიუმს წარმოადგენს ანალოგიური/მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა; 3. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია: ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა; ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება; გ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია;
|
მუხლი 6.
პროგრამაში ჩასართავ ბენეფიციართა რაოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია |
1. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 15 ბენეფიციარისთვის.
2. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით: ა) განცხადება; ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი; დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ პერსონალური ასისტენტის საჭიროების (რეგულარული/სპეციალიზებული) შეფასების ფორმა/დასკვნა; ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შემთხვევაში ვეტერანის მოწმობა; ზ) იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან (საჭიროების შემთხვევაში). 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამაში ჩართვის ან უარის თქმის შესახებ. 4. თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მე-5 მუხლის მე-1 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
|
მუხლი 7.
პროგრამაში ჩართვის ორგანიზება |
1. პროგრამაში ჩართვის მსურველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა (მხარდამჭერმა/კანონიერმა წარმომადგენელმა) განცხადებით უნდა მიმართოს მერიას და წარუდგინოს საჭირო დოკუმენტები.
2. მერია მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობის ფარგლებში, კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაძიებელს გადაამისამართებს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში შესაფასებლად და სამმაგი ხელშეკრულების გასაფორმებლად (პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების დასკვნის ფორმის წარმოდგენის შემთხვევაში). 3. ასისტირებით მომსახურებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიულ პირი. 4. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს არ აქვს შეფასების დასკვნის ფორმა, მერია მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობის ფარგლებში, კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაამისამართებს (გაუგზავნის შეტყობინებას) მაძიებელს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეაფასოს და გასცეს დასკვნა ასისტირების საჭიროებისა და მისი ტიპის (რეგულარული ან სპეციალიზებული) შესახებ. 5. მერია სამედიცინო დაწესებულებიდან, ასისტირების საჭიროების დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, მაძიებელს გადაამისამართებს მომსახურების მიმწოდებელთან სამმაგი ხელშეკრულების გასაფორმებლად. 6. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ა) მაძიებელთან საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს, მისი ცხოვრების სტილისა და ასისტირების საჭიროებების დეტალურ შეფასებას თავად მოსარგებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის აქტიური მონაწილეობით; ბ) მოსარგებლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის თანხმობით ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას, მომსახურების გაწევის პირობებისა (როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში ექნება მხარდაჭერა) და გრაფიკის შედგენას. გ) მომსახურების მიმღები პირის ან/და კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის მიერ პერსონალური ასისტენტის შერჩევას (პერსონალურ ასისტენტ(ებ)ად არ შეიძლება შეირჩეს მომსახურების მიმღები პირის შვილები, მშობლები, მეუღლე, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი); დ) მომსახურების მიმღებ პირზე ან/და კანონიერი წარმომადგენელზე/მხარდამჭერზე ბენეფიციარის და ასისტენტის უფლება/მოვალეობების, პროგრამის პირობების, სტანდარტისა და ქცევის წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ე) თავად მიმწოდებელს, მომსახურების მიმღებ პირს (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/მის კანონიერ წარმომადგენელს) და პერსონალურ ასისტენტს შორის სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც მოიცავს ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს; ვ) თავად მიმწოდებელს, მომსახურების მიმღებ პირს (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/მის კანონიერ წარმომადგენელს) და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობის არსებობის შემთხვევის მერიის შეტყობინებას, რაც გამოიწვევს მაძიებლის პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს; ზ) სამმაგი ხელშეკრულების დროულ წარმოდგენას მერიაში. 7. სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე მერია იღებს მოსარგებლის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას მერის ბრძანებით. 8. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მიმწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პერსონალურ ასისტენტსა და მომსახურების მიმღებ პირს შორის პროფესიულ ურთიერთობის დაწყებას. 9. მოსარგებლის ასისტირების ტიპის შეცვლა შესაძლებელია მისი მდგომარეობის ცვლილებისა და ახალი აქტის/დასკვნის (ფორმა №IV-50/2) საფუძველზე; 10. პროგრამაში ჩართვის მსურველთა ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში იფუნქციონირებს მომლოდინეთა ბაზა. მომლოდინეთა ბაზა გარდამავალია და არ უქმდება მომდევნო წელს.
|
მუხლი 8.
პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება |
1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
2. პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან მიზნობრივად ამ პროგრამისათვის დელეგირებული თანხით. 3. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სააგენტოში მიმართვის წერილის საფუძველზე. დაფინანსება მოიცავს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მაძიებლის შეფასებისა და პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ხარჯებს. 4. უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მაძიებლის შეფასების/ასისტირების ტიპის განსაზღვრის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. 5. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება: ა) რეგულარული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 60 საათი; ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 120 საათი. 6. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის - საათში 13 ლარი. 7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 8. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). დოკუმენტაცია თან უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას თვის განმავლობაში მაძიებელთან დადებული სამმაგი ხელშეკრულებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ; ბ) ინფორმაცია ასისტენტებისა და მათ მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების რაოდენობის შესახებ (ფორმა № 1.6.2) გ) მომსახურების გაწევის აღრიცხვის ფორმები, რომელიც დადასტურებული იქნება მოსარგებლეთა (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) ხელმოწერებით; 9. 2025 წლის შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2026 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში. |
მუხლი 9.
მომსახურების დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამაში ჩართვასა და დაფინანსების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უნაღდო ანგარიშწორებით, ბრძანებაში მითითებული მომსახურების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. |
მუხლი 10.
მომსახურების შეწყვეტა/შეჩერება |
1. მომსახურების შეწყვეტის საფუძველია:
ა) ზედიზედ 60 დღის მანძილზე მომსახურების მიუღებლობა; ბ) საცხოვრებელი ადგილის ცვლილება; გ) მსგავს მომსახურებაში ჩართვა; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) ახალი საჭიროებების გამოკვეთა, რომელიც სცილდება პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას; ვ) პირადი განცხადება; ზ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ფუნქციონირების შეწყვეტა. თ) მოსარგებლის გარდაცვალება; 2.მომსახურების შეჩერების საფუძველი: ა) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ფუნქციონირების შეჩერება; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეფერხება/დარღვევა; გ) მოსარგებლის გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტენტის ტიპის ცვლილებას; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობა; ე) სხვა გარემოებები. 3.ამორიცხულის პროგრამაში ჩართვა მოხდება დადგენილი პროცედურების თავიდან გავლით. |
მუხლი 11.
მომსახურების მონიტორინგი |
1. პროგრამის ზედამხედველობას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახური, საჭიროების შემთხვევაში და მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას, რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების კონტროლს. 3.მონიტორინგი მოიცავს სამ დონეს: ა) მიმწოდებლის მიერ ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების მონიტორინგი; ბ) პროგრამის შედეგების შეფასება - მოსარგებლეთა ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების მიღწეული შედეგების მონიტორინგი. გ) მოსარგებლეთა კმაყოფილების შეფასება - მომსახურების (წლის) ბოლოს მონაწილეთა/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის კმაყოფილების მონიტორინგი (გამოკითხვა). 4. პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.
|
მუხლი 12.
პროგრამის შეფასების ინდიკატორები |
პროგრამის შეფასების ინდიკატორებია:
1. რეგულარულ ასისტირებაში დაფინანსებული საათების რაოდენობა; 2. სპეციალიზებულ ასისტირებაში დაფინანსებული საათების რაოდენობა; 3. კმაყოფილების ინდიკატორი (კმაყოფილი მოსარგებელთა რაოდენობა);
|
მუხლი 13.
პროგრამის მოსალოდნელი შედეგები |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფუნქციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათი საკუთარ თავზე კონტროლის და ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. მათთვის საინტერესო სოციალურ, სასწავლო, უნარების განვითარების, შემოსავლის მომტან ან/და სხვა აქტივობებში ჩართვა. |
მუხლი 14.
პროგრამის მოქმედების ვადა |
პროგრამის მოქმედება იწყება 2026 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები