,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.116.016664
29
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250040.35.116.016664
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.116.016.016175) შეტანილ იქნეს   შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების  მიღება;“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „კ“ ქვეპუნქტი;:

„კ) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-9 პუნქტი:

„9. მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-6 პუნქტი:

„6. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი და ოფიციალური’’.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს         ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.’’

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერება და/ან შეწყვეტა

1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:

ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით - პირადი განცხადების საკრებულოს   აპარატში     ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;

ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა-სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვარამ არარის განსაზღვრული -სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;

ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;

ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

2. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

3. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია გამოითხოვს ინფორმაციას საკრებულოს წევრის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტის დასადგენად და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.

6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით გათავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.

7. საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.’’

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.’’;

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით  საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.’’

11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;“

12. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-26 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.’’;

13. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის  „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

 ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის   მომენტიდან;’’

14. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის  „გ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

15. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 37-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტები  ამოღებულ იქნას;

16. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას (რეგლამენტს) დაემატოს  შემდეგი შინაარსის 392 მუხლი:

„მუხლი 392.  2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა

2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, ამ კანონით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.’’;

17. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-40 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას, რომელსაც ხსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია.“

18. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.’’

19. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამანდატო დროებითი კომისია საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.’’

20. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყება

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

2. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულო უფლებამოსილია, კენჭისყრის გარეშე, საოქმო ჩანაწერით ცნობად მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების შესახებ. ინფორმაციის ცნობად მიღება ან არ მიღება გავლენას არ ახდენს ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყებაზე.“

21. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციების შექმნისთანავე, საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.“.

22. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 51-ე მუხლის პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;’’

23. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 53-ე მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.’’

24. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 53-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1​1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არ ყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება  სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.

25. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ’’ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთ მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.’’

26. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთ მოადგილეს  და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.’’

27. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 82-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:

ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;

ბ) არსებობის შემთხვვაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დანართი N1-ის შესაბამისად;

დ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);

ე) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;

ვ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;

ზ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება;

თ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;

ი) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);

კ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.’’

28. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემათანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებლური ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემათანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ან პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთ მოადგილე.“.

29. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე და ფორმდება საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით, გარდა ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

30. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) 99-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევასილ საღინაძე