დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/34177-25 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/34177-25
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2025 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – დავით აკობიძე
განმცხადებელი – შპს „ევრო თური“ /ს.ნ. 416357114/
წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ევრო თურის“ /ს.ნ. 416357114/ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2025 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ევრო თურის“ /ს.ნ. 416357114/ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „ევრო თურის“ /ს.ნ. 416357114/ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, შპს „ევრო თურს“ დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებაში (ს.ნ. 416357114) მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, განესაზღვრა, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2025 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ხარვეზის შევსების მიზნით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „ევრო თური“ (შემდგომში კომპანია) დაფუძნდა 19.04.2021 წელს. მისი ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საფოსტო გადაზიდვის მომსახურება/გადაზიდისთვის საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, ამანათების შეკრება-გაგზავნა საბერძნეთში და პირიქით, მიღება-განაწილება. კომპანიის დამფუძნებელია იური სააკიანი პ/ნ 35001013661, რომელიც ასევე დაფუძნების დღიდან არის კომპანიის დირექტორი. კომპანიის საქმიანობამ რეალურად არ გაამართლა და უწევდა მუშაობა განეხორციელებინა დაბალ მარჟაზე. მაღალი კონკურენციის პირობებში, საქმიანობა იმდენად წამგებიანი იყო, რომ კომპანიამ ვერ შეძლო თანამშრომლების დაქირავებაც კი. ამ ყველაფერს დაემატა ისიც რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 02.12.2025 წლის ბრძანებით #26427 და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვით #024-124 შპს „ევრო თურს“ დაეკისრა 2508747.07 ლარის გადახდა. საიდანაც 1371458.26 ლარი შეადგენს ძირ თანხას, 685729 ლარი დამატებით დარიცხულ ჯარიმას, ხოლო 451559.81 საურავს. არსებული მდგომარეობით შედარების აქტის შესაბამისად ჯამურმა მოთხოვნის ოდენობამ შეადგინა 2510110.67 ლარი. შემოსავლების სამსახური ჩემს მარწმუნებელს ედავება მასზედ, რომ შესამოწმებელ პერიოდში არასწორად აქვს წარდგენილი დეკლარაციები და დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა არარეალურია და კომპანიას მსგავსი არათუ გადასახდელი ბრუნვაცი კი არ ქონია.
კომპანიის კრედიტორების შესახებ:
1. კომპანიას დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიმართ 2510110.67 ლარის ოდენობით (არაღიარებული), იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ;
2. ინფორმაცია კომპანიის დებიტორული მოთხოვნების შესახებ – კომპანიას მესამე პირების მიმართ არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები
3. ინფორმაცია კომპანიაში დასაქმებულ პირთა შესახებ – ამ ეტაპისთვის კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ დირექტორი, კომპანიას არ გააჩნია სახელფასო დავალიანებები
4. ინფორმაცია ხელშეკრულებების შესახებ – ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიას არ დაუდია ხელშეკრულებები; 5. ინფორმაცია კომპანიის აქტივების შესახებ: 1. კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, 2. არ ფლობს წილებს, 3. არ გააჩნია მოძრავი ქონება (მათ შორის სატრანსპორტო საშუალება), 4. კომპანიის სალაროში, ისევე როგორც საბანკო ანგარიშზე არ არის თანხა : 5. კომპანიას გააჩნია ნულოვანი აქტივი.
ამ ეტაპისთვის სასამართლოში არ მიმდინარეობს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევე როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოში კომპანიის მონაწილეობით არ მიმდინარეობს არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული დავები არსებული სიტუაციის გათვალისწინებით კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების შესახებ, ვინაიდან არსებულ სიტუაციაში კომპანიას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. კომპანიის დირექტორისთვის ნათელია, რომ არსებულ სიტუაციაში უმოქმედობა და გაკოტრების პროცესის არდაწყება დაკავშირებულია სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნაზე არ და ვერ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არ გააჩნია არანაირი ქონება (როგორც მოძრავი ასევე უძრავი ქონება) კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებით არ დაზიანდება კრედიტორის ინტერესები. უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ კომპანია უფუნქციოა და თეორიულადაც არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ შექმნას რაიმე ტიპის ფინანსური სიკეთე, აქედან გამომდინარე კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება არის ერთადერთი გამოსავალი და ამას თუ არ გააკეთებდა თავად განმცხადებელი, სამომავლოდ უნდა გაეკეთებინა კრედიტორს. გარდა ამისა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს კომპანიის დირექტორს გადახდისუუნარობის დადგომისას დაიწყოს გაკოტრების პროცესი.
კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის გადაწყვეტილება რომ დაიწყოს გაკოტრების პროცესი თავისთვად ადასტურებს, რომ აღარ არსებობს ბიზნესის მიმართ ინტერესი და აღნიშნულს მოვალე ადასტურებს წინამდებარე განცხადებითაც. კომპანიაში არ არიან დასაქმებული პირები და აღნიშნული მითითებულია თავდაპირველ განცხადებაშიც.
თავდაპირველი განცხადებიდან ცალსახად იკვეთება, რომ განცხადება შეაქვს თავად მოვალეს (კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად).
თავდაპირველი განცხადებით წარმოდგენილია ყველა საჭირო ინფორმაცია რაც ადასტურებს რომ კომპანიას არ გააჩნია არანაირი ქონება, არც მოძრავი, არც უძრავი ქონების სახით, არ აქვს წილები, სალაროში არ აქვს თანხა და არც ანგარიშებზე აქვს რაიმე სახის ფინანსური რესურსი, რაც ცალსახად მიანიშნებს და ადასტურებს იმას, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნით ვერ დაიფარება პროცესის ხარჯები. მსგავს საქმეებზე (იხ. საქმე 330216924010700252 ან საქმე 330216923008261822) სასამართლომ უარი თქვა საქმის წარმოებაში მიღებაზე და გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გაკოტრებულად გამოაცხადა კომპანია.
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და შემოწმების აქტი გასაჩივრებულია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
დამატებით წარმოდგენილია, ოთარ ხუციშვილის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება უძრავი ქონების ფლობის შესახებ (რომლის საფუძველზეც მომზადდა თავდაპირველ განცხადებაზე პასუხი). აღნიშნული განცხადება ადასტურებს, რომ მოთხოვნა გონხორცილებულია ზოგადად (ყველა ქონებაზე) და არა რომელიმე კონკრეტულზე. წარმოდგენილია, სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაცია.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ევრო თურის“ წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:
ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა (გარდა 5.67 ლარისა), საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას შპს „ევრო თურის“ (ს/კ: 416357114) წარმომადგენელს ოთარ ხუციშვილს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე დავით აკობიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები