დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018793 |
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დაფუძნდეს ბოლნისის კოლეჯი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის კოლეჯის წესდება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ბოლნისის
კოლეჯის
წესდება
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბოლნისის კოლეჯი (შემდგომ – კოლეჯი) არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ის ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ წესდებითა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება, საბანკო/სახაზინო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. კოლეჯის მისამართია: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბოლნისი. მუხლი 2. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. კოლეჯის მიზანია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა და მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. 2. თავისი მიზნების მისაღწევად კოლეჯის საქმიანობის საგანს წარმოადგენს: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ბ) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; გ) პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელება; დ) პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება; ე) სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების მოდულის განხორციელება; ვ) სასწავლო პროგრამების/კურსების განხორციელება არაფორმალური განათლების ფარგლებში; ზ) ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან/დაწესებულებებთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით; თ) გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. 3. კოლეჯს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებასთან (მათ შორის, კოლეჯის მომდევნო ავტორიზაციასთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები განახორციელოს მხოლოდ სამინისტროში (სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმის შესაბამისად) წარმოდგენისა და სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის მოპოვების შემდგომ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა კოლეჯი უფლებამოსილია, წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრების მოზიდვა, მათ შორის, შემოსავლის მიღება ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; გ) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან დადოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომსახურების ხელშეკრულება; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 5. კოლეჯის ფუნქციაა: ა) უზრუნველყოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულება; ბ) შექმნას ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების პირობები; საჭიროების შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია; გ) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დასაქმებას და ამ მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და მათ გაერთიანებებთან; დ) ხელი შეუწყოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას როგორც კოლეჯის ფარგლებში, ასევე რეალურ სამუშაო გარემოში; ე) პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საქართველოს და უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და უცხო ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას; ვ) განავითაროს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები. თავი II კოლეჯის მართვა მუხლი 3. კოლეჯის მართვის ორგანოები კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო. მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის ხელმძღვანელი პირი არის კოლეჯის დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) არ არის ნასამართლევი; გ) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება; დ) აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს. 3. მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 4. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს. 5. დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დირექტორის მოადგილე, ხოლო აღნიშნული დირექტორის მოადგილის მიერ დირექტორის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორის სხვა მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის არარსებობის ან მის მიერ დირექტორის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კოლეჯის ერთ-ერთი თანამშრომელი. 6. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. 7. დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ: ა) ის გადადგა თანამდებობიდან; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს; ზ) ის გარდაიცვალა. მუხლი 5. დირექტორის ფუნქციები დირექტორი: ა) ახორციელებს კოლეჯის მართვას საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფს ხელშეკრულებების/მემორანდუმების დადებასა და შესრულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობებში; გ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის წესდების პროექტს; დ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას; ე) ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნას, თითოეული პროფესიული სტუდენტის/მსმენელის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით; ვ) ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და სხვა სახის თანამშრომლობის მიზნით; ზ) კოორდინაციას უწევს პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას შრომის ბაზრის ტენდენციების შესაბამისად; თ) ხელს უწყობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, პროფესიულ სტუდენტთა სამეწარმეო განათლებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენებას; ი) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; შეფასების საფუძველზე უზრუნველყოფს მათ წახალისებას ან მიმართავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ლ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტს; მ) ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს; ნ) ეფექტიანად წარმართავს/განკარგავს კოლეჯის ადამიანურ/ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს და ხელს უწყობს აღნიშნული რესურსების განვითარებას; ო) ქვეყნისა და რეგიონის განვითარების ტენდენციების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებითა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის განვითარების მოკლევადიან/გრძელვადიან სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; კოორდინაციას უწევს გეგმების/პროექტების/ინიციატივების განხორციელებას; პ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს კოლეჯის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ჟ) ანაწილებს მოვალეობებს კოლეჯის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობას უწევს კოლეჯის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებულ გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ; ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუგვიანეს ყოველი წლის თხუთმეტი თებერვლისა, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წერილობით წარუდგენს გასული წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ტ) ზედამხედველობს კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს; უ) ზრუნავს კოლეჯის კონკურენტუნარიანობასა და მის პოპულარიზაციაზე; ფ) ასრულებს კოლეჯის მართვის ორგანოების ფუნქციებს რეორგანიზებული კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა არასაკმარის რაოდენობამდე შემცირების შემთხვევაში; ქ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით; ღ) წელიწადში ორჯერ, მეორე და მეოთხე კვარტალის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში წარუდგენს ანგარიშს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს კოლეჯის განვითარებასთან, სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან, აპლიკანტთა ჩარიცხვასთან, კურსდამთავრებულთა დასაქმებასთან, პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6. კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო 1. კოლეჯის მართვის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან. 2. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, რომლის ამოწურვის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს უნარჩუნდება უფლებამოსილება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომის გამართვამდე. 3. სამეთვალყურეო საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს კოლეჯის გრძელვადიან/მოკლევადიან სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს; ბ) უფლებამოსილია კოლეჯის განვითარებასთან დაკავშირებით შეიმუშაოს და დირექტორს წარუდგინოს წინადადებები/რეკომენდაციები; გ) უფლებამოსილია გამართოს შეხვედრები კოლეჯის პარტნიორ კომპანიებთან/დამსაქმებლებთან, ასევე დაეხმაროს კოლეჯს ახალი პარტნიორების მოძიებაში; დ) წელიწადში ორჯერ, მეორე და მეოთხე კვარტალის დასრულებიდან სამი კვირის ვადაში, განიხილავს დირექტორის მიერ წარდგენილ ანგარიშებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით, სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე. 5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს დირექტორის ან საბჭოს არანაკლებ 3 წევრის ინიციატივით. სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა. 7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 8. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება კოლეჯის რეორგანიზაციის შემთხვევაში. მუხლი 7. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა 1. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) ორი წევრი – დამსაქმებლის წარმომადგენელი; ბ) ერთი წევრი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი; გ) ერთი წევრი – საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი; დ) ერთი წევრი – პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი. 2. დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას. 3. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორი უფლებამოსილ პირთა მიერ კოლეჯში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით. 4. პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესით. 5. დირექტორის მიერ დანიშნულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის – დამსაქმებლის/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის დანიშვნა ხდება დირექტორის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, ხდება კოლეჯში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არაანაზღაურებადია. 8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება საბჭოს სხდომებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; დ) პირი სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად არის აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) გარდაიცვალა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ, ხმათა უმრავლესობით. 2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. 3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს საბჭოს სხდომებს; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას; გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; დ) კოორდინაციას უწევს საბჭოს წინადადებების/რეკომენდაციების შესრულებას კოლეჯის მხრიდან. 4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) თუ ამ წესდებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება; გ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის გადაწყვეტილებით. მუხლი 9. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა 1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს ირჩევენ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით. 2. პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს დირექტორი. 3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად. 4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას. მუხლი 10. საარჩევნო კომისია 1. პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება კოლეჯის თანამშრომლებისაგან. 2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი პროფესიული განათლების მასწავლებელი; ბ) დირექტორი ან მისი ახლო ნათესავი; გ) დირექტორის მოადგილე ან მისი ახლო ნათესავი. 3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი III კოლეჯის ქონება და დაფინანსების წყაროები. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი მუხლი 11. კოლეჯის ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება 1. კოლეჯის ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. კოლეჯის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 12. კოლეჯის დაფინანსება 1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. კოლეჯის სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. მუხლი 13. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, კოლეჯის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, კოლეჯის ფუნქციონირების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა თანამდებობათა დასახელებების, რაოდენობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. კოლეჯი უფლებამოსილია სამინისტროს თანხმობით, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე და განკარგვის მიზნით მიმართოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. თავი IV კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 14. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. თავი V წესდებაში ცვლილების შეტანის წესი მუხლი 15. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი კოლეჯის წესდებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI გარდამავალი დებულებები მუხლი 16. წესდებით გაუთვალისწინებელი ნორმის მოქმედება გარდამავალ პერიოდში 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებს ახორციელებს დირექტორი. 2. კოლეჯის პირველი სამეთვალყურეო საბჭოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ჩატარება დირექტორმა უზრუნველყოს სტუდენტთა პირველი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები