„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025565
16
21/01/2026
ვებგვერდი, 23/01/2026
300160070.10.003.025565
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად;

ბ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;

გ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;

დ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;

ე)  საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა:

ე.ა) ორმხრივი – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნიდან გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან დატვირთული ან ცარიელი გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;

ე.ბ) ტრანზიტული – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, ტრანზიტული გადაადგილების ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე;

 ე.გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მესამე ქვეყნიდან (რომელიც არ წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანას) საქართველოს დანიშნულებით და საქართველოდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;

ვ) ECMT − ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (შემდგომში − ECMT), მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, დაფუძნებული 1953 წელს;

ზ) ECMT ციფრული სისტემა (DS) − ECMT-ს ციფრული სანებართვო დოკუმენტების სისტემა მათი გაცემის, გაუქმების, ჩანაცვლების, ადმინისტრირების, გამოყენებისა და კონტროლის მიზნით. ECMT-ს ციფრულ სისტემაზე წვდომა შესაძლებელია ვებპორტალისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით;

თ) ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტი − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული ECMT სანებართვო დოკუმენტის შესახებ, ასევე იმართება ECMT ციფრული სისტემის მეშვეობით და გამოიყენება კონტროლის მიზნებისთვის;

ი) სააღრიცხვო წიგნი − ციფრული ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს ECMT სანებართვო დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი ECMT სანებართვო დოკუმენტით შესრულებული სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ, დატვირთული და დაუტვირთავი გარბენების ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს ECMT სანებართვო დოკუმენტით სარგებლობის გასაკონტროლებლად;

კ) რეისის საინფორმაციო დოკუმენტი − სააღრიცხვო წიგნის ამონაწერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბოლო ათი რეისის შესახებ, შესრულებული კონკრეტული ECMT სანებართვო დოკუმენტით და გამოიყენება კონტროლის მიზნებისთვის.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) რეზოლუციების საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის  სანებართვო დოკუმენტი (შემდგომში ასევე – მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი):

ა.ა) ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტი ციფრული ან დაბეჭდილი ფორმით, მხოლოდ თეთრ ქაღალდზე; ან

ა.ბ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (შემდგომში – BSEC) სანებართვო დოკუმენტი; ან

ა.გ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (შემდგომში – TRACECA) სანებართვო დოკუმენტი;“;

გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეისის საინფორმაციო დოკუმენტი ციფრული ან დაბეჭდილი ფორმით, მხოლოდ თეთრ ქაღალდზე;“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტის ან/და გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა) ამოწმებს:

ა.ა) ECMT-ს ციფრულ სისტემაში:

ა.ა.ა) ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტს;

ა.ა.ბ) სააღრიცხვო წიგნში ან რეისის საინფორმაციო დოკუმენტში დაფიქსირებულ მონაცემებს;

ა.ბ) ECMT სერტიფიკატების ურთიერთშესაბამისობას ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტთან;

ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1018 განკარგულებით შექმნილი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ (შემდგომში – „ერთიანი ელექტრონული სისტემა“) შეჰყავს ინფორმაცია აღნიშნული სანებართვო დოკუმენტის  შესახებ, ავსებს შესაბამის ველებს და აკეთებს აღნიშვნებს;

გ) ECMT-ს ციფრულ სისტემაში მოიძიებს ECMT სანებართვო დოკუმენტს და, საჭიროებისას, ავსებს ინფორმაციას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, უფარდებს ჯარიმას და ECMT-ს ციფრული სისტემის (DS) საკუთარი ანგარიშიდან ახდენს კონტროლის შედეგის ასახვას.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური სახის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე