დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.101.016024 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკონომიკური ანალიზის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით. 4. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება 1. სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის განხორციელება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა, მათ შორის, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ კაპიტალური პროექტების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის და მათთან დაკავშირებული სხვა შესყიდვების (გარდა ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისა) განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება; დ) შესაბამისობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება; ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეტაპების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი; ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია; თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისგან უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა; ი) სამინისტროში შემოსული და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებთან, აგრეთვე, სხვა დაწესებულებაში; კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი (საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და მართვაში არსებული სუბიექტების მიმართ. მუხლი 3. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. სამსახურის უფროსი სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს სამსახურს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 4. სამსახურის უფროსის მოადგილე 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – სამსახურის უფროსის მოადგილე), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს სამსახურში შესულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურე 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ სამსახურის შესაბამის უფლებამოსილებას; ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე; გ) სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ სამსახურის უფროსის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის ან/და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6. უფლებამონაცვლეობა 1. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. 2. სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს სამსახურის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები