ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8-4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017397
8-4
30/01/2026
ვებგვერდი, 02/02/2026
010250050.35.101.017397
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8-4

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2682 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე/საჯარიმო ქვითარზე/დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების და გაცნობის წესს და პირობებს.  

2. წესი ვრცელდება იმ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელ საჩივრებსაც იხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.

3. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულ ადმინისტრაციულ სახდელზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად გაცნობისათვის სათანადო პირობების შექმნა;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის პრევენცია.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებული ტერმინები წესის მიზნებისთვის განიმარტება შემდეგნაირად:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

ბ) სამართალდამრღვევი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი;

გ) ადმინისტრაციული სახდელი – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი;

დ) ადმინისტრაციული საჩივარი – საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული  საჩივარი;

ე) გადაწყვეტილება – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე/საჯარიმო ქვითარზე/დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლით, განიმარტება  შესაბამისი კანონმდებლობით.

მუხლი 3. გადაწყვეტილების გაცნობა

1. სამართალდამრღვევისათვის გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, პირადად გადაცემით ან ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ერთჯერადად გაგზავნით.

2. ოფიციალური გაცნობის მიზნით გადაწყვეტილების პირადად გადაცემას ან გაგზავნას ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე უზრუნველყოფს სამსახური, გადაწყვეტილების გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.

3. გადაწყვეტილება სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, გზავნილის  მიმტანი უფლებამოსილი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ეს ჩაბარებად მიიჩნევა.

4. თუ გადაწყვეტილების ამ მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული გზით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად და შესაბამისად გაცნობად მიიჩნევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

მუხლი 4. გადაწყვეტილების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება

1. გადაწყვეტილების განთავსებას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე –  Decisions.tbilisi.gov.ge უზრუნველყოფს სამსახური. გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიისათვის ცნობილი გახდება, რომ გადაწყვეტილების გაცნობა სამართალდამრღვევისათვის ვერ მოხდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად.

2. გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებისას უნდა მიეთითოს საჩივრის ნომერი, განთავსების თარიღი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 7 თვის განმავლობაში.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაცნობის წესი ასევე გავრცელდეს ამ წესის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.