საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025612
63
16/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
010220020.10.003.025612
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

თ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

ი) სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

კ) საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი.

2. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის  დებულება“.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) შემუშავებულია „სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში − კომისია) თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს „სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით/განკარგულებებით, კომისიის გადაწყვეტილებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებები

1. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება:

ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

დ) უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ;

ე) ცალკეული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;

ვ) ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

2. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობის თაობაზე, რომელიც განისაზღვრება არანაკლებ წლიური 6%-ის ოდენობით;

ბ) სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე;

გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;

დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ (თუ საწარმომ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) დაფარა რესტრუქტურიზებული თანხის ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად), მათ შორის, სარგებლის თანხის შემცირების თაობაზე;

ე) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შესახებ (თუ საწარმომ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული თანხა ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად);

ვ) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების თაობაზე;

ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.

3. კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 3. კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. კომისია თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე.

2. კომისიის სხდომას, საჭიროების მიხედვით, იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის სხდომის მომზადებას, გამართვას, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და კომისიის მიერ საკითხზე არსებითი გადაწყვეტილების თაობაზე საწარმოს ან სესხის გამცემისათვის ინფორმაციის მიწოდებას, სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას და კომისიის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

4. დეპარტამენტი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, კომისიის თავმჯდომარის მიერ სხდომის გამართვის თარიღისა და კომისიის სხდომის სავარაუდო დღის წესრიგის განსაზღვრის მიზნით.

5. სავარაუდო დღის წესრიგი, სათანადო ინფორმაციასა და შესაბამის მასალებთან ერთად, სხდომის თარიღამდე არაუგვიანეს ორი დღისა, წარედგინებათ კომისიის წევრებს.

6. სავარაუდო დღის წესრიგში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილება, რაც გულისხმობს საკითხის განსახილველად დამატებას, განსახილველი საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და/ან გადადებას კომისიის სხვა სხდომაზე განსახილველად. საკითხის განხილვა შეიძლება, გადაიდოს იმ შემთხვევაშიც, თუ განხილვის პროცესში გაირკვა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებულ საკითხთან დაკავშირებული მასალები კომისიის წევრებს გადაეცემათ უშუალოდ სხდომაზე.

8. კომისიის სხდომაზე მტკიცდება დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

9. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

10. კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის სხდომაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრის (გარდა პარლამენტის წევრისა) მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა ან კომისიის წევრის უფლებამოსილების განმახორციელებელმა პირმა. ამ შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფლებამოსილი და უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი სარგებლობს ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც გათვალისწინებულია კომისიის წევრისათვის.

 11. კომისიას უფლება აქვს, საკითხის შესწავლისას მიიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები.

12. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

13. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

14. კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელშიც ასევე აისახება კომისიის გადაწყვეტილება.

15. კომისიის სხდომაში მონაწილე კომისიის წევრს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით. კომისიის წევრის წერილობით ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

16. კომისიის სხდომას ესწრება და სხდომის ოქმს ადგენს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

17. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრები (უფლებამოსილი პირები).

18. კომისიის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის.

მუხლი 4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად, საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების თაობაზე იმ კრედიტორთა თანხმობა, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;

დ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა;

ე) წინადადებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

ვ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაცია ან შედარების აქტი საგადასახადო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;

ზ) დებიტორებისა და კრედიტორების სია (თანხების მითითებით), დამოწმებული საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;

თ) უძრავი ქონების ჩამონათვალი და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორული დასკვნა;

ი) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებული გასული და მიმდინარე წლის (შესაბამისი პერიოდის) საბუღალტრო ბალანსები;

კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებული დოკუმენტი გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას.

 3. მუნიციპალიტეტს არ ევალება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა.

მუხლი 5. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, ოდენობის დაზუსტების, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრებისა და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები       

1. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის საკითხის შესასწავლად საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი მიმართვა (განცხადება);

ბ) იმ პირობების (მიზეზების) აღწერა, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებასა და ჩამოწერას;

გ) დოკუმენტები სესხის გაცემის საფუძვლის, სესხის ოდენობის, განხორციელებული გადახდებისა და სასესხო დავალიანების ოდენობის თაობაზე;

დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ:

დ.ა) სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები;

დ.ბ) საწარმო ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ.გ) სასესხო დავალიანების მქონე საწარმოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის, გაკოტრების ან/და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ იქნა აღიარებული და სასესხო დავალიანება არ აისახა კრედიტორთა რეესტრში;

დ.დ) დავალიანების დაფარვა შეუძლებელია საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე;

დ.ე) სესხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

2. სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან/და პატიების საკითხის შესასწავლად, საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი მიმართვა (განცხადება);

ბ) იმ პირობების (მიზეზების) აღწერა, რომლებიც წარმოეშვა საწარმოს და რამაც გამოიწვია დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან პატიების საკითხის განხილვის მოთხოვნა, სათანადო დასაბუთებით, დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად;

გ) დოკუმენტები სესხის გაცემის საფუძვლის, სესხის ოდენობის, განხორციელებული გადახდებისა და სასესხო დავალიანების ოდენობის შესახებ.

3. სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესასწავლად საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი მიმართვა (განცხადება);

ბ) იმ პირობების (მიზეზების) აღწერა, რომელთა გამოც საწარმო ითხოვს სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრებას ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობას;

გ) დოკუმენტები სესხის გაცემის საფუძვლის, სესხის ოდენობის, განხორციელებული გადახდებისა და სასესხო დავალიანების ოდენობის თაობაზე;

დ) სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობისა და მესამე პირის მიერ გადახდის შესაძლებლობის დასაბუთება და მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი ან მესამე პირსა და მოვალეს შორის დადებული სათანადო ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ, დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას.

მუხლი 6. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების მოთხოვნისას წარსადგენი დოკუმენტები

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების მოთხოვნისას, მიმართვის წერილთან ერთად, საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოქმედი ხელშეკრულებისა და მის თანახმად გაფორმებული გრაფიკის ასლები;

ბ) არსებული გრაფიკის მიხედვით გადახდის განუხორციელებლობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საწარმომ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) დაფარა რესტრუქტურიზებული თანხის ნაწილი შესაბამისი პერიოდისათვის დარიცხულ სარგებელთან ერთად);

გ) წინადადებები არსებულ გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღების შემდეგ, დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას.

მუხლი 7.  კომისიის სხდომისათვის მასალების მომზადება

1. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი საწარმოს წერილობითი მიმართვა (განცხადება), თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, განსახილველად გადაეცემა, შესაბამისად, შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს:

ა) შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ სესხებთან დაკავშირებული – სახაზინო სამსახურს;

ბ) საგარეო საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ სესხებთან დაკავშირებული – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტს.

2. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ორგანო შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ წარდგენილი არ არის ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრული პაკეტი, აღნიშნულის შესახებ მიმართვიდან (საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი) არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, აცნობებს საწარმოს.

3. დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად საწარმოს უწესდება ვადა არაუმეტეს 20 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. თუ საწარმო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენას (ან არ არის საწარმოს წერილობითი მოთხოვნა ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საქმის კომისიისათვის გადაცემის შესახებ), საწარმოს წერილობით ეცნობება საკითხის განუხილველად დატოვების თაობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა.

5. საკითხის განუხილველად დატოვების შემთხვევაში საწარმოს უფლება აქვს, იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ დებულებით დადგენილი წესით და წარუდგინოს შესაბამისი განახლებული დოკუმენტაცია.

6. ამ დებულების მე-4 − მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) გადაეცემა დეპარტამენტს.

მუხლი 8. კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს შესახებ ზოგად მონაცემებს;

ბ) საწარმოს მოთხოვნას (წინადადებებს) სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ;

გ) მონაცემებს სასესხო დავალიანების ოდენობისა და სტრუქტურის შესახებ;

დ) ზოგად მითითებას, რამდენად შეესაბამება საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩამონათვალს;

ე) სესხის გაცემასთან, სარგებლობასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას;

ვ) საწარმოს მიერ წარდგენილი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერას;

ზ) იმ ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელებას გეგმავს საწარმო რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების დაფარვისა და საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, ასევე, საწარმოს პროგნოზს მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

2. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარების, ჩამოწერის, ოდენობის დაზუსტების, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და სხვა იურიდიული პირისათვის მოთხოვნის უფლების გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მომზადებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს შესახებ ზოგად მონაცემებს;

ბ) სესხის გაცემასთან, სარგებლობასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას;

გ) მონაცემებს სესხის უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მონაცემებს სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) გარდა ზემოაღნიშნულისა, ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ე.ა) დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნისას – მითითებას საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების გადახდის შეუძლებლობის განმაპირობებელი მიზეზების შესახებ;

ე.ბ) დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან/და პატიების საკითხის განხილვისას – მითითებას მიზეზების შესახებ, რამაც განაპირობა დავალიანების ოდენობის დაზუსტების ან პატიების საკითხის განხილვის მოთხოვნა, საწარმოს მიერ წარდგენილი დასაბუთებით;

ე.გ) დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და სხვა იურიდიული პირისათვის მოთხოვნის დათმობის საკითხის განხილვისას – მესამე პირისათვის მოთხოვნის დათმობის ან/და ვალის გადაკისრების მიზანშეწონილობის საწარმოს მიერ დასაბუთებას.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში სათანადო ცვლილების შესატანად კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს დასახელებას;

ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საფუძველს;

გ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, რესტრუქტურიზებული დავალიანების ოდენობასა და რესტრუქტურიზაციის პირობებს;

დ) მონაცემებს ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადახდის ვალდებულების შესასრულებლად საწარმოს მიერ განხორციელებულ გადახდებს;

ვ) არსებული ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით გადახდის განუხორციელებლობის მიზეზებს და საწარმოს მიერ წარდგენილ წინადადებებს ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია არ უნდა აღემატებოდეს 3-4 გვერდს (დანართების გარეშე) და იგი მზადდება საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

5. ინფორმაციაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის მომამზადებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს დასახელება და ინფორმაციის მომზადების თარიღი.

მუხლი 9. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. კომისიის სხდომაზე საკითხები განსახილველად გამოაქვს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს.

2. თუ განსახილველად წარდგენილი დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე არ იძლევა საკმარის საფუძველს გადაწყვეტილების მისაღებად, კომისია უფლებამოსილია, გადადოს საკითხის განხილვა და დაავალოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს საკითხის დამატებით შესწავლა (მათ შორის, დაინტერესებული მხარის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით) და განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ შეიძლება, იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

3. კომისია:

ა) პერიოდულად განიხილავს საკითხს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ;

ბ) ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ, 2 თვის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.

4. კომისიის სხდომის გამართვიდან 1 თვის ვადაში დეპარტამენტი, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან/ორგანოსთან ერთად, უზრუნველყოფს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ კომისიის სხდომის ოქმის ხელმოწერას, ამ დებულების მე-3 მუხლის  მე-17 პუნქტის შესაბამისად.

5. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანის, ასევე სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის, ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიის სხდომის გამართვიდან 1 თვის ვადაში:

ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, დგება რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის გრაფიკი;

ბ) კომისიის გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, დგება შესაბამისი რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის ახალი გრაფიკი;

გ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

6. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თაობაზე კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ოქმის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა დასმულ საკითხზე.

7. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება საწარმოს.

მუხლი 10. საქართველოს მთავრობისათვის მასალების წარმოდგენა

1. კომისიის მიერ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, დეპარტამენტი, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან/ორგანოსთან ერთად, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი მასალების (საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის) მომზადებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის შესაბამის ოქმსა და ხელშეკრულების ასლს/ხელშეკრულებების ასლებს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.

4. სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თარიღი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.