რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ

რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11877-25
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/02/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2026
სარეგისტრაციო კოდი
2/11877-25
10/02/2026
ვებგვერდი, 19/02/2026
რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 

განჩინება

საქართველოს სახელით

რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ

საქმე №2/11877-25 / 330210325011438340

2026 წლის 10 თებერვალი 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი – შპს „TRANSPORTER“-ი (ს/კ: 406081190)

წარმომადგენელი –  თეონა კუპრეიშვილი

რეაბილიტაციის ზედამხედველი – ლაშა ნოდია

მოთხოვნა  – გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „TRANSPORTER“-ის წარმომადგენელმა თეონა კუპრეიშვილმა შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და შპს „TRANSPORTER“-ის მართვაში მისი დირექტორის ლუხუმ ქართლოსიშვილის დატოვების მოთხოვნით.

ვინაიდან განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას, სასამართლომ შეამოწმა განცხადების და წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით) და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდნენ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი აქტივებისა და პასივების სრულყოფილ სურათს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „TRANSPORTER“-ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რომლითაც განმცხადებელ შპს „TRANSPORTER“ (ს/კ: 406081190) განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვროს განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2025 წლის 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „TRANSPORTER“-ის წარმომადგენელმა თეონა კუპრეიშვილმა. განმცხადებელმა წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) წარმომადგენელ თეონა კუპრეიშვილის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი. შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) დირექტორი, ლუხუმ ქართლოსიშვილის (პ/ნ: 01027005959; ტელ: 599 78 44 11) დარჩა მართვაში. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია (პ/ნ: 19001001627), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში 2025 წლის 18 ივლისს შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა კრედიტორთა რეესტრი, მოვალის ანგარიში; 2025 წლის 21 ივლისს შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის ზედამხედველმა სასამართლოს წარმოუდგინა მართვაში მყოფი დირექტორის ლ. ქართლოსიშვილის მიერ შედგენილი შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის გეგმის პროექტი; რეაბილიტაციის ზედამხედველს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გააჩნდა გარკვეული შენიშვნები, რის შესახებაც აცნობა სასამართლოს 2025 წლის 12 აგვისტოს. 2025 წლის 20 ნოემბერს შპს „TRANSPORTER“-ის წარმომადგენლის თეონა კუპრეიშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის გეგმის პროექტი და მისი კრედიტორებისათვის ელ. ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი გზავნილები.

შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის გეგმის პროექტის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა/ემოწმების შედეგების და სპეციალური კანონით გათვალისწინებული რიგი საკითხების გარკვევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 16 იანვრის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს ზეპირი მოსმენის სხდომა 2026 წლის 27 იანვარს.

2026 წლის 26 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის გეგმა და კრედიტორთა თანხმობები.

სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი შეცვლილი უნდა იქნეს გაკოტრების რეჟიმით შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.

სასამართლო განმარტავს, რომ გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის საწინდარი რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვაა; ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევის მიზნით ეტაპობრივად განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა ერთობლიობას და რომელთა სრულყოფილად და დროულად შესრულების შედეგად უნდა მოხდეს არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საწარმოს გადარჩენა, არამედ კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური, თანმიმდევრული დაკმაყოფილება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმას ზედამხედველთან ერთად მართვაში მყოფი მოვალე ადგენს, თუმცა რეაბილიტაციის გეგმა კრედიტორთა მხრიდან მოწონებას საჭიროებს.

სპეციალური კანონის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტს რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი შედგენისთანავე უგზავნის ყველა ცნობილ კრედიტორს და მოვალის ყველა პარტნიორს.

ამდენად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის შედგენისთანავე უნდა გაეგზავნოს ყველა იდენტიფიცირებულ კრედიტორსა და მოვალის ყველა პარტნიორს. კრედიტორთა მიერ მოწონების შემთხვევაში, რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 1. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილებით რეაბილიტაციის გეგმის პროექტის განხილვის ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 3 თვით. ამ ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება სასამართლოს.

ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, 12. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი კრედიტორთა მიერ მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კრედიტორთა მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ რეაბილიტაციის მიღწევის და ეფექტიანად წარმართვას კანონმდებელი უკავშირებს მისი დადგენილი წესით და ვადებში წარმოებას. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების კანონმდებლობით დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლას შედეგად მოყვება მოვალის გაკოტრების რეჟიმში გადასვლა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ მოიწონებენ, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღინიშნა შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება აღნიშნული განჩინების გამოტანიდან სასამართლოში კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში არ მომხდარა კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება; არც კრედიტორთა კრებას მიუღია გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლი გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს კრედიტორთა კრებაზე გეგმის პროექტის მოწონების პროცესს, კრების გადაწყვეტილებაუნარიანობას და მონაწილე კრედიტორთა ხმის უფლების განსაზღვრას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ტოლფასი გადაწყვეტილების ალტერნატიული პროცედურების გამოყენებით მიღება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების ტოლფასია კრედიტორთა მიერ ალტერნატიული პროცედურის გამოყენებით, ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის პროექტში მითითებული თავისებურებების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში არც მსგავსი ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი არ დასტურდება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები., ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს საპროცესო მოქმედება ორი სახისაა, კანონისმიერი, როდესაც საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, რომელსაც სასამართლო განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, როდესაც კანონით არ არის დადგენილი.

ამდენად, შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) მიმართებით დარღვეულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონებისა და მისი სასამართლოში წარმოდგენის სპეციალური კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც მოვალე შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) მიმართ უნდა მოხდეს არსებული რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლა (კონვერსია).

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ერთ-ერთ სიახლედ მიიჩნევა კონვერსია, რაც, თავის მხრივ, დაწყებული რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლას, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) მიმართ არსებული რეაბილიტაციის რეჟიმი უნდა შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, 81-ე, 82-ე, 95-ე, 99-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოხდეს კონვერსია და რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით.

2. რეაბილიტაციის ზედამხედველს ლაშა ნოდიას (პ/ნ: 19001001627) შეუწდეს უფლებამოსილება.

3. შერჩეულ იქნეს გაკოტრების მმართველი.

4. შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

5. შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – თინათინ შუღაროვა (პ/ნ: 01031003634) რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე. სამუშაო ადგილის მისამართი:   ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N70, 0159; მობილური ტელეფონი: 577 25 55 50, ელ. ფოსტა: t.shugarova@gmail.com, t.shugarova@transporter.com.ge, სტატუსი – მუდმივი ,, რეესტრში რეგისტრაციის N P2109108.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.

7. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან – 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

9. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

11. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

12. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

13. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

14. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

15. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ძალას ინარჩუნებს.

16. განჩინება რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად ( საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

17. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

18. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება.

19. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/).

მოსამართლე:                    ლიანა კაჟაშვილი