დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 23/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016400 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ-ც“ ქვეპუნქტები: „ქ) უსაფრთხო იძულებითი დაფრენა – იძულებითი დაფრენა ხმელეთის ან წყლის ზედაპირზე, როდესაც მიმდინარე პირობების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ დაფრენა არ გამოიწვევს ბორტზე ან/და ხმელეთის/ წყლის ზედაპირზე მყოფი პირების ჯანმრთელობის დაზიანებას. ღ) უსაფრთხოების ღვედი – უსაფრთხოების ღვედი შედგება: ღ.ა) ორი თასმისგან, რომელიც შეადგენს ღვედს; ღ.ბ) სავარძელზე ან ზსხ-ზე თასმების დასამაგრებელი დეტალებისგან; ღ.გ) რეგულირების სისტემისგან, რომელიც იძლევა მისი მომხმარებლის ზომაზე მორგების შესაძლებლობას. ყ) უსაფრთხოების ღვედების სისტემა – ღვედების სისტემა შედგება: ყ.ა) უსაფრთხოების ღვედისგან, რაზეც მიმაგრებულია ერთი, ორი ან სამი თასმა, რომელიც ზსხ-ს კონსტრუქციასთან შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ინერციული საკეტის საშუალებით; ყ.ბ) თასმის დასამაგრებელი დეტალებისგან. შ) საავარიო რადიოგადამცემი – თანამგზავრული მიმყვანი რადიოგადამცემი, რომელიც ფუნქციონირებს 406 – 406.1 მჰც სიხშირეებზე და რომელსაც მიღებული აქვს საერთაშორისო სატელიტური ძებნა-შველის სისტემის (COSPAS SARSAT – Cosmicheskaya Sistyema Poiska Avariynich Sudov) ტიპის თანხმობა. საავარიო რადიოგადამცემი შესაძლებელია იყოს: შ.ა) საავარიო მიმყვანი რადიოგადამცემი (ELT); შ.ბ) პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურა (PLB). ჩ) მგზავრი – პირი, რომელიც იმყოფება სხ-ის ბორტზე ზსხ-ის მეთაურის თანხმობით, გარდა ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობისა; ც) შემაკავებელი მოწყობილობა – ზსხ-ზე დამონტაჟებული უსაფრთხოების ღვედი ან უსაფრთხოების ღვედების სისტემა.“. 2. მე-18 მუხლს მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „ბ1) დაცულია ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის დამატებითი პირობები, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად;“. 3. დაემატოს მე-6 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დამატებითი პირობები
მუხლი 21. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მეთაური 1. პირი, რომელიც ახორციელებს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციას, უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის“ საფუძველზე გაცემული პილოტის მოწმობა ან აღიარების სერტიფიკატი განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილებით. 2. ზსხ-ს მეთაური, ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია ფრენის დაწყებაზე, გაგრძელებაზე, დასრულებაზე ან მარშრუტიდან გადახვევაზე, ასევე, ზსხ-ის ექსპლუატაციის განმავლობაში ბორტზე მყოფი პირის უსაფრთხოებაზე, კერძოდ: ა) ფრენის განხორციელებამდე ზსხ-ს მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ დაცულია ყველა შემდეგი საექსპლუატაციო შეზღუდვა: ა.ა) ზსხ ფრენისუნარიანია და ზსხ-ით ფრენის შესასრულებლად ბორტზე დამონტაჟებული სათანადო ხელსაწყოები და აღჭურვილობა არის გამართულ მდგომარეობაში; ა.ბ) ფრენის განმავლობაში დაცული იქნება ზსხ-ს საექსპლუატაციო შეზღუდვები, რომელიც განისაზღვრება ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად ან ეკვივალენტური დოკუმენტით. ბ) ზსხ-ს მეთაური, ფრენის განხორციელებამდე, მისთვის არსებული ყველა საშუალებით უნდა დარწმუნდეს, რომ დაფრენისათვის დაგეგმილი აეროდრომი/ საფრენი მოედანი გამოსადეგია ზსხ-სთვის და სრულდება გამოსაყენებელი საჰაერო სივრცისთვის განსაზღვრული ყველა მოთხოვნა; გ) ზსხ-ს მეთაურმა ფრენა უნდა დაიწყოს ან გააგრძელოს, თუ უკანასკნელი ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიუთითებს, რომ მეტეოროლოგიური პირობები მარშრუტის გასწვრივ და დაგეგმილ დანიშნულების პუნქტში, აეროდრომის/ საფრენი მოედნის გამოყენების მოსალოდნელი დროისათვის იქნება ვიზუალური ფრენის წესებით ექსპლუატაციის შესაბამისი მინიმუმების ტოლი ან მასზე უკეთესი. 3. ზსხ-ს მეთაურმა არ უნდა დაიწყოს ფრენა, თუ იგი უნარწართმეულია და ვერ უზრუნველყოფს დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ნებისმიერი მიზეზით, როგორებიცაა: ჯანმრთელობის დაზიანება, ავადმყოფობა, დაღლილობა, ალკოჰოლის ან ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედება და სხვა. 4. ზსხ-ს მეთაურმა არ უნდა არ გააგრძელოს ფრენა უახლოესი ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების მქონე აეროდრომის ან საფრენი მოედნის მიღმა, როდესაც მის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი მნიშვნელოვნად შემცირებულია ისეთი გამომწვევი მიზეზებით, როგორებიცაა: დაღლილობა, ავადმყოფობა, ჟანგბადის ნაკლებობა და სხვა. 5. საავარიო მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას და მოქმედებას, ზსხ-ის მეთაურმა უნდა განახორციელოს ნებისმიერი სახის მოქმედება, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. ასეთ შემთხვევებში მეთაურმა, ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გადაუხვიოს დადგენილი წესებიდან, საექსპლუატაციო პროცედურებიდან და მეთოდებიდან. შენიშვნა: ზსხ-ის მეთაურმა ამ პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერ დარღვევაზე სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული ანგარიშები უნდა იქნეს გადაცემული უსწრაფესი შესაძლებელი საშუალებით, მაგრამ საავიაციო მოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში აღრიცხული ზსხ ფრენას ახორციელებს უცხო სახელმწიფოში, ზსხ-ს მეთაურმა უნდა დაიცვას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა და პროცედურები, რომელშიც ხორციელდება ექსპლუატაცია.
მუხლი 22. აღჭურვილობისა და პროცედურების ცოდნა ზსხ-ით ფრენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეთაური იცნობს ზსხ-ს და მასში განთავსებულ საბორტო აღჭურვილობას, მათ შორის, უსაფრთხოებისთვის და საავარიო მდგომარეობისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას და აქვს ზსხ-ს ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ან ეკვივალენტური დოკუმენტის პრაქტიკული ცოდნა.
მუხლი 23. ზსხ-ს მგზავრი და ტვირთი 1. ზსხ-ის მეთაური უფლებამოსილია უარი თქვას ნებისმიერი პირის, ბარგის ან ტვირთის გადაყვანაზე/ გადაზიდვაზე ან ჩამოსვას/ ჩამოტვირთოს იგი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს პოტენციურ საფრთხეს ზსხ-ის ან ბორტზე მყოფი პირების უსაფრთხოებისათვის. 2. ზსხ-ს მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ ზსხ-ს აღჭურვილობა, ბარგი და ტვირთი არის სათანადოდ ჩატვირთული, დამაგრებული და შენარჩუნებულია საავარიო ევაკუაციის შესაძლებლობა. 3. ზსხ-ს მეთაურმა არ უნდა დაუშვას მოწევა ზსხ-ს ბორტზე, მათ შორის, საწვავით გამართვისას და ენერგიის წყაროს დამუხტვისას ან შეცვლისას. 4. ფრენის დაწყებამდე ზსხ-ს მეთაურმა მგზავრს უნდა გააცნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვები; ბ) შემაკავებელი მოწყობილობების გამოყენება; გ) ჟანგბადის გამანაწილებელი მოწყობილობისა და სამაშველო ჟილეტების მდებარეობა და მოხმარების წესი, იმ შემთხვევაში, თუ ფრენისას მოითხოვება მათი ბორტზე განთავსება; დ) ნებისმიერი სხვა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ზსხ-ს შესაბამისად, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ზსხ-ს ექსპლუატაციას, მის აღჭურვილობას, მათ შორის, საავარიო რადიოგადამცემს, როდესაც გამოიყენება. 5. ზსხ-ის მეთაურმა ბორტზე მყოფ პირს არ უნდა მისცეს პორტატიული ელექტრონული მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა მავნე (საზიანო) ზეგავლენა იქონიოს ზსხ-ის სისტემების და აღჭურვილობის სამუშაო მახასიათებლებზე.
მუხლი 24. მასა და გაწონასწორება და საფრენოსნო მახასიათებლები 1. ზსხ-ს მეთაურმა უნდა უზრუნველყოს, რომ ექსპლუატაციის ნებისმიერ დროს ზსხ-ს დატვირთვა აკმაყოფილებს მასისა და გაწონასწორების შეზღუდვებს, რომელიც განისაზღვრება: ა) ზსხ-ს ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად; ბ) ზსხ-ს საიდენტიფიკაციო ბარათით, ხოლო სადაც შესაბამისია, ზსხ-ს ძირეული მოდიფიკაციის დეკლარაციის შესაბამისად. 2. ზსხ-ს მეთაურმა ზსხ-ს ექსპლუატაცია უნდა განახორციელოს მხოლოდ მაშინ, თუ საჰაერო ხომალდის საფრენოსნო მახასიათებლები საკმარისია დაგეგმილი ფრენის შესასრულებლად.
მუხლი 25. ზსხ-ს პილოტის საფრენოსნო გამოცდილება მგზავრთან ერთად ფრენის დაწყებამდე ზსხ-ს მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ ფრენამდე უკანასკნელი 90 დღის პერიოდში ზსხ-ს იმავე კლასზე შესრულებული აქვს, სულ მცირე, 3 აფრენა, დასაფრენად შესვლა და დაფრენა.
მუხლი 26. დამოუკიდებელი ფრენის შესრულება ზსხ-ს პილოტის მოწმობის მიღების მიზნით, ზსხ-ზე დამოუკიდებელი ფრენის შესასრულებლად, პილოტ-კურსანტი უნდა ფლობდეს წერილობით თანხმობას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორისგან.
მუხლი 27. ბორტჟურნალი 1. თითოეული ფრენისთვის ან მიმდევრობით განხორციელებული ფრენებისთვის ბორტჟურნალში ან მის ეკვივალენტურ დოკუმენტში უნდა იქნეს შეტანილი ზსხ-ის, მისი ეკიპაჟის და თითოეული ფრენის დეტალები. 2. ზსხ-ს ბორტჟურნალი ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ზსხ-ს ეროვნულობა და რეგისტრაცია; ბ) ფრენის თარიღი; გ) ეკიპაჟის წევრ(ებ)ის ვინაობა; დ) ეკიპაჟის წევრებისათვის დაკისრებული მოვალეობები; ე) გაფრენის პუნქტი; ვ) დანიშნულების პუნქტი; ზ) გაფრენის დრო; თ) მიფრენის დრო; ი) ფრენის ხანგრძლივობა საათებში; კ) ფრენის დანიშნულება; ლ) ინციდენტები და საექსპლუატაციო შენიშვნები (დაკვირვებები) ფრენასთან დაკავშირებით, არსებობის შემთხვევაში; და მ) ზსხ-ის მეთაურის ხელმოწერა. 3. ინფორმაცია ან მისი ნაწილი შესაძლებელია ჩაიწეროს განსხვავებული ფორმით, გარდა დაბეჭდილი ქაღალდისა. ჩანაწერები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გამოსაყენებლად ვარგისი და უტყუარი.
მუხლი 28. სავარძლები 1. ზსხ უნდა იქნეს აღჭურვილი სავარძლებითა და უსაფრთხოების ღვედებით ან უსაფრთხოების ღვედების სისტემით ბორტზე მყოფი თითოეული პირისთვის. 2. მე-2, მე-3 და მე-4 კლასის ზსხ, რომლის საიდენტიფიკაციო ბარათი გაიცემა 2028 წლის 1 იანვრის შემდგომ, უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედების სისტემით.
მუხლი 29. რადიოკავშირისა და სანავიგაციო აღჭურვილობა 1. ზსხ-ს მინიმალური აღჭურვილობა მოიცავს: ა) მაჯის საათს ან მოწყობილობას, რომელიც მიუთითებს დროს საათებსა და წუთებში; ბ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებელს; გ) მე-2, მე-3 და მე-4 კლასის ზსხ-სთვის სრიალის მაჩვენებელს; დ) იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ს ფრენა ხორციელდება კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ან ფრენის ეშელონზე, სიმაღლის საზომ მოწყობილობას, რომელიც არის მგრძნობიარე და რეგულირებადი; ე) მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს მაგნიტურ ან გეოგრაფიულ მიმართულებას. 2. თუ საჰაერო სივრცე საჭიროებს, ზსხ უნდა აღიჭურვოს რადიოკავშირის სათანადო საშუალებ(ებ)ით, რომელიც აკმაყოფილებს საჰაერო სივრცის გამოყენების პირობებს. 3. თუ არსებობს მოთხოვნა საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით, ზსხ აღჭურვილი უნდა იყოს მეორადი რადიოლოკატორის (SSR) ტრანსპონდერით, რომელსაც გააჩნია ყველა მოთხოვნილი შესაძლებლობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ს აქვს ორსავარძლიანი კონფიგურაცია, ბორტზე მყოფ პირებს უნდა გააჩნდეთ ერთმანეთთან კავშირის სათანადო საშუალება. 5. ზსხ-ზე განთავსებული ნებისმიერი რადიოკავშირის აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-19 მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 30. წყლის ზედაპირის თავზე ფრენა 1. იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ს ფრენა ხორციელდება წყლის ზედაპირის თავზე და ძრავის მტყუნებისას შეუძლებელია ხმელეთის ზედაპირის მიღწევა, რომელიც გამოსადეგია უსაფრთხო იძულებითი დაფრენისთვის, ზსხ უნდა აღიჭურვოს სამაშველო ჟილეტებით ბორტზე მყოფი თითოეული პირისთვის. ჟილეტი უნდა უნდა ეცვას ბორტზე მყოფ პირს ან იყოს განთავსებული იმ პირისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, ვისთვისაც განკუთვნილია გამოსაყენებლად. 2. თითოეული სამაშველო ჟილეტი აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრული განათების საშუალებებით, ადამიანთა ადგილმდებარეობის დადგენის გამარტივების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ატარებს საავარიო რადიოშუქურას ან სხვა საშუალებას, რომელსაც შეუძლია ძებნა-შველის სამუშაოების გამარტივება.
მუხლი 31. მაღალ სიმაღლეზე ფრენა და ჟანგბადის აღჭურვილობა 1. ზსხ, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება 10,000 ფტ (ფრენის ეშელონი FL100) – 13,000 ფტ (ფრენის ეშელონი FL130) შორის არსებულ ბარომეტრული წნევის მნიშვნელობებზე, აღჭურვილი უნდა იყოს ჟანგბადის შენახვისა და გამანაწილებელი სისტემით და ჟანგბადის საკმარისი მარაგით, რათა უზრუნველყოს ზსხ-ს პილოტის მომარაგება ნებისმიერი დროით, თუ აღნიშნულ სიმაღლეთა შორის ფრენის დრო აღემატება 30 წუთს. 2. ზსხ-ს ფრენისას, როდესაც ზსხ ფრენის სიმაღლე აღემატება 13,000 ფტ (ფრენის ეშელონი FL130) ბარომეტრული წნევის მნიშვნელობას, ზსხ უნდა აღიჭურვოს ჟანგბადის შენახვისა და გამანაწილებელი სისტემით და ჟანგბადის საკმარისი მარაგით, რათა მოამარაგოს ბორტზე მყოფი პირები ფრენის სრული დროის განმავლობაში, ვიდრე ზსხ რჩება აღნიშნულ ბარომეტრულ სიმაღლეზე.
მუხლი 32. სასწავლო ფრენა სასწავლო ფრენა უნდა განხორციელდეს ზსხ-ზე, რომელიც აღჭურვილია ორმაგსამართიანი სისტემით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მართვის საშუალება ადვილად ხელმისაწვდომია ზსხ-ს ორივე სავარძლიდან.
მუხლი 33. ზსხ-ამფიბია და ჰიდრო-ზსხ ზსხ, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება წყლის ზედაპირიდან უნდა იყოს აღჭურვილი: ა) სამაშველო ჟილეტით ან ეკვივალენტური მოწყობილობით ბორტზე მყოფი თითოეული პირისთვის, მათთვის ადვილად მისაწვდომ ადგილას; ბ) ღუზით და სხვა სათანადო აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა ნაპირზე მიმაგრებისათვის, ღუზაზე დგომისთვის ან ზსხ-ს წყალზე მანევრირებისათვის. აღნიშნული საშუალებები უნდა იყოს ზსხ-ს ზომის, მასისა და მანევრულობის შესაბამისი; გ) აღჭურვილობით, რომელსაც შეუძლია გამოსცეს ხმა ან გამოასხივოს შუქსიგნალი „ზღვაში შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებით“ განსაზღვრულის შესაბამისად, რამდენადაც შესაბამისია.
მუხლი 34. აღჭურვილობის გამართულობა ფრენა არ უნდა დაიწყოს, როდესაც ზსხ-ს რომელიმე ხელსაწყო, აღჭურვილობა ან ფუნქცია, რაც საჭიროა დაგეგმილი ფრენისათვის ამ წესის, საჰაერო სივრცის შესაბამისი მოთხოვნებისა და ზსხ-ს ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად, გამოსულია მწყობრიდან ან დაკარგულია.
მუხლი 35. საწვავით გამართვა, საწვავით/ ენერგიით და ზეთით მომარაგება 1. ზსხ-ს მეთაურმა ფრენის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს, რომ საწვავის/ ენერგიის, ზეთისა და სხვა სახარჯი ნივთიერების ოდენობა საკმარისია დაგეგმილი ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ა) მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები; ბ) საჰაერო სივრცეში არსებული მდგომარეობა აეროდრომის/ საფრენი მოედნის ირგვლივ, რამაც შესაძლოა დააყოვნოს/ დააგვიანოს დაფრენა; გ) ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს საწვავის/ ენერგიის და/ან ზეთის ხარჯი. 2. ზსხ-ს საწვავით გამართვა არ უნდა განხორციელდეს, თუ პირი, გარდა ზსხ-ს მეთაურისა, იმყოფება ზსხ-ს ბორტზე, ჯდება ან გამოდის ზსხ-დან. 3. ზსხ-ს ენერგიის წყაროს დამუხტვა ან შეცვლა არ უნდა განხორციელდეს, როდესაც პირი, გარდა ზსხ-ს მეთაურისა, იმყოფება ზსხ-ს ბორტზე, ჯდება ან გამოდის ზსხ-დან. 4. საწვავით გამართვა, ასევე, ენერგიის წყაროს დამუხტვა ან შეცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძრავა გამორთულია. 5. ზსხ-ის მეთაურმა უნდა გააკონტროლოს ბორტზე დარჩენილი გამოყენებადი საწვავის/ ენერგიის ოდენობა იმის დასადგენად, რომ საწვავის/ ენერგიის ოდენობა შენარჩუნებულია და არ არის იმაზე ნაკლები, რაც საჭიროა აეროდრომამდე ან საფრენ მოედნამდე ფრენის გასაგრძელებლად, სადაც შესაძლებელია უსაფრთხო დაფრენა. 6. დაუშვებელია ზსხ-ით ფრენის გაგრძელება დაფრენისათვის შესაფერისი აეროდრომის/ საფრენი მოედნის მიღმა, თუ ბორტზე არსებული საწვავის / ენერგიის მარაგი არ იძლევა, სულ მცირე, 15 წუთით ფრენის შესაძლებლობას.
მუხლი 36. შემაკავებელი მოწყობილობის გამოყენება 1. ფრენის განმავლობაში ბორტზე მყოფ ყველა პირს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი მოწყობილობა შეკრულ მდგომარეობაში. 2. ფრენა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ზე მყოფ ყველა პირს შეუძლია შეკრას ან გახსნას შემაკავებელი მოწყობილობა დამოუკიდებლად ან ბორტზე მყოფი პირის დახმარებით.
მუხლი 37. ღრუბლების ფენის თავზე ფრენა დაუშვებელია ფრენა ღრუბლების ფენის თავზე ხმელეთის მხედველობაში არსებობის გარეშე (VFR‐On‐Top).
მუხლი 38. მაღალ სიმაღლეზე ფრენა 1. ზსხ-ს ფრენის ნებისმიერ პერიოდში, რომელიც აღემატება 30 წუთს და როდესაც ფრენა ხორციელდება 10,000 ფტ (ფრენის ეშელონი FL100) – 13,000 ფტ (ფრენის ეშელონი FL130) შორის არსებულ ბარომეტრული წნევის მნიშვნელობებზე, ზსხ-ს მეთაურმა მუდმივად უნდა გამოიყენოს ჟანგბადის მიმწოდებელი სისტემის ჟანგბადი. 2. ზსხ-ს ფრენის ნებისმიერ პერიოდში, როდესაც ზსხ იმყოფება 13,000 ფტ-ზე (ფრენის ეშელონი FL130) მეტი ბარომეტრული წნევის მნიშვნელობაზე, ზსხ-ში მყოფმა ყველა პირმა მუდმივად უნდა გამოიყენოს ჟანგბადის მიმწოდებელი სისტემის ჟანგბადი.
მუხლი 39. ზემსუბუქ შვეულმფრენში ჩაჯდომა ზემსუბუქ შვეულმფრენში პირთა ჩასხდომა ან ბორტიდან გამოსვლა ხორციელდება მაშინ, როდესაც ზსხ-ს მზიდი ხრახნი გაჩერებულია.
მუხლი 40. თოვლი, ყინული და სხვა დამაბინძურებლები ─ სახმელეთო მომსახურების და საფრენოსნო პროცედურები 1. ზსხ-ის მეთაურმა აფრენა უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზსხ თავისუფალია ნებისმიერი სახის ნალექისგან, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს სხ-ის მახასიათებლებზე, მართვადობასა და ფუნქციონირებაზე. 2. დაუშვებელია ზსხ-ით ფრენა შემოყინვის მოსალოდნელ ან არსებულ პირობებში.
მუხლი 41. სახიფათო ტვირთები 1. დაუშვებელია ზსხ-ით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა. შენიშვნა: გამონაკლისის სახით, ბორტზე ასატანად ნებადართული სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები განისაზღვრება სსიპ –სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად. 2. ზსხ-ის მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ მგზავრი ფლობს სათანადო ინფორმაციას სახიფათო ტვირთებთან და იმ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლებელია შეიცავდეს სახიფათო ნივთიერებებს. 3. ზსხ-ს მეთაურმა სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მოვლენის (ინციდენტი, სერიოზული ინციდენტი, საავიაციო შემთხვევა) შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა გადასცეს სააგენტოს და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადაც მოხდა ამგვარი მოვლენა, იმ შემთხვევაში, თუ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში აღრიცხული ზსხ ფრენას ახორციელებს უცხო სახელმწიფოში.
მუხლი 42. საავიაციო მოვლენის შეტყობინება 1. ზსხ-ის მეთაურმა უსწრაფესი ხელმისაწვდომი საშუალებებით უნდა შეატყობინოს უახლოეს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ნებისმიერ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ზსხ-ს და რასაც შედეგად მოჰყვა ნებისმიერი პირის სერიოზული დაზიანება ან გარდაცვალება, ან ზსხ-ის ან საკუთრების მნიშვნელოვანი დაზიანება. 2. ზსხ-ის მეთაურმა განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების/ ქმედების მცდელობის შესახებ შეტყობინება უნდა წარადგინოს სააგენტოში დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 72 საათისა. საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი განისაზღვრება „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული შემთხვევა უკავშირდება სერიულ ზსხ-ს, ზსხ-ს მეთაურმა შეტყობინების ასლი ასევე უნდა გაუგზავნოს ზსხ-ს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელს.
მუხლი 43. ბორტზე არსებული დოკუმენტები, სახელმძღვანელოები და ინფორმაცია 1. თითოეულ ფრენაზე ზსხ-ის ბორტზე დედანის ან ასლის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები, სახელმძღვანელოები და ინფორმაცია: ა) ზსხ-ს ექსპლუატაციის სახელმძღვანელო; ბ) ზსხ-ს აღრიცხვის ბარათის და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურის დედანი; გ) ზსხ-ს პილოტის მოწმობა/ აღიარების სერტიფიკატი დაგეგმილი ფრენის გათვალისწინებით; დ) რადიოსადგურის სერტიფიკატის დედანი, თუ შესაბამისია; ე) წარდგენილი ფრენის გეგმის მონაცემები, თუ გამოიყენება; ვ) მოქმედი და შესაფერისი სააერნაოსნო რუკები დაგეგმილი ფრენის მარშრუტის არისთვის და ყველა იმ მარშრუტისათვის, რომლის გასწვრივაც მოსალოდნელია ფრენის მიმართულების ცვლილება; ზ) ზსხ-ს ბორტჟურნალი ან ეკვივალენტური დოკუმენტი. 2. ზსხ-ს ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, ფრენის გეგმა და შესაფერისი სააერნაოსნო რუკები ბორტზე უნდა განთავსდეს ფრენისას მეთაურისთვის ადვილად მისაწვდომ ადგილას. 3. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ზსხ-ის მეთაურმა გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს ბორტზე განთავსებული სავალდებულო დოკუმენტაციის დედნები. 4. მიუხედავად ამ მუხლის 1-ელი პუნქტისა, სახელმძღვანელოები და ინფორმაცია შესაძლებელია განთავსდეს აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე, იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ფარგლებში დაგეგმილია ერთი და იმავე აეროდრომიდან/ საფრენი მოედნიდან აფრენა და დაფრენა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები