ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016753
14
25/02/2026
ვებგვერდი, 02/03/2026
010250020.35.132.016753
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი,  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაგაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმში ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/03/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016204).
მუხლი 3
1. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“,  გარდა  წესის მე-4 და მე-5 მუხლების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ და „თ’’ ქვეპუნქტების და მე-3−მე-5 პუნქტების, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-6 პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“−„თ“ ქვეპუნქტების და მე-7 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-5−მე-10 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-4−მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ა“ −„კ“ ქვეპუნქტების და მე-6−მე-8 პუნქტების, მე-12−მე-14 მუხლების და  მე-15  მუხლის პირველი−მე-7 და მე-9 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის“  მე-4 და მე-5 მუხლები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ და „თ’’ ქვეპუნქტები და მე-3−მე-5 პუნქტები, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-7 პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-5−მე-10 პუნქტები, მე-10 მუხლის მე-4−მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტები,  მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-12−მე-14 მუხლები და მე-15 მუხლის პირველი−მე-7 და მე-9 პუნქტები  ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“-ს მე-11 მუხლის მე-5  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 1 ივლისიდან.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე



 

 

დანართი 

  

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას.

2. ამ წესის ამოცანებია:

ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;

გ) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

3. ამ წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:

ა) შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის მიკვლევადობის უზრუნველყოფა;

გ) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა;

დ) შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისა და მიმკედლებლების ვალდებულებების განსაზღვრა;

ე) შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;

ვ) შინაური ბინადარი ცხოველის პოპულაციის მართვა.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში  გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;

ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს კანონით განსაზღვრულ-რეგისტრირებული მეპატრონე;

დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს  კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით;

თ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან;

ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა;

კ) კინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს  კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (ძაღლების) მართვის სფეროში;

ლ) ფელინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, კატის მოშენების, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით, აგრეთვე უზრუნველყოფს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურებას ცხოველთა (კატების) მართვის სფეროში;

მ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;

ნ) ცხოველის ევთანაზია − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით;

ო) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით;

პ) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;

ჟ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი;

რ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;

ს) მარეგისტრირებელი ორგანო − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული

დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების საშენი;

ტ) საბელი − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს;

უ) ალიკაპი − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ფ) ცხოველის გადამეტებული აგრესია − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას;

ქ) ცხოველის გასეირნება − ცხოველის გადაადგილება ღია სივრცეში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი მეთვალყურეობით;

ღ) ცხოველების მოშენება − ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება;

ყ) ცხოველის პოპულაციის მართვა − ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით;

შ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;

ჩ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც მომსახურებას უწევს მეპატრონეს მიბარებული ცხოველის დროებითი განთავსებისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფით;

ც) დეჰელმინთიზაცია − ცხოველის ორგანიზმიდან პარაზიტების გამოდევნა;

ძ) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად;

წ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ჭ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ხ) ცხოველების ორთაბრძოლა − ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის ცხოველთან შეჯიბრების ან სხვა მიზნით;

ჯ) ვეტერინარული პასპორტი − ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია);

ჰ) მიკროჩიპი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია;

1) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა;

2) ცხოველების საშენი (შემდგომ − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც  კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას;

3) ცხოველების რეალიზატორი (შემდგომ − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდის ცხოველებს;

4) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი − ძაღლი, რომელმაც თავისი ფიზიკური მახასიათებლიდან გამომდინარე (მათ შორის, ზომა, წონა) ან/და არასათანადო წვრთნისა და ქცევის საფუძველზე მომეტებული საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

5) მორატორიუმი ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე − პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, აკრძალოს ამგვარი ცხოველის დროებითი შემოყვანა და იმპორტი ან/და მოშენება;

6) ცხოველების შემგროვებლობა − ფიზიკური პირის მიერ ცხოველების შეგროვება და, ამასთანავე, მათი მოვლა-პატრონობის წესების (საკვებზე ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, რეგულარული გასეირნება) დაცვის შეუძლებლობა, ცხოველის მდგომარეობის (წონის კლება, ავადმყოფობა და ა. შ.) ან/და ცხოველის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად;

7) კინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები და ცოდნა ძაღლის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

8) ფელინოლოგი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას კატის მოვლა-პატრონობის, მოშენების, სოციალიზაციისა და ქცევის კორექციის მიმართულებებით;

9) სანაშენე ცხოველი − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის;

10) სასამსახურო ძაღლი – სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის მეპატრონე საჯარო დაწესებულებაა და რომელიც გამოიყენება დაცვის, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების, დივერსიული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე ძაღლი, რომლის დანიშნულებაა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთა, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნა, დაკავება და იდენტიფიცირება, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირება, პირზე ან/და პოლიციელზე/სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოგერიება, აკრძალული ნივთების აღმოჩენა;

11) ასისტენტი ძაღლი − ძაღლი, რომლის მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

12) კანონი − „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“  საქართველოს კანონი.


მუხლი 3. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები
1. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებია:

ა) თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე;

ბ) უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა;

გ) დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.

2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების დაცვა სავალდებულოა როგორც ამ წესის დადგენილი პროცედურების ჩატარებისას, ისე ცხოველთა მართვის სფეროში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუშვებელია:

ა) ცხოველის მიტოვება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა;

დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება;

ე) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა;

ვ) ცხოველების შემგროვებლობა;

ზ) ძაღლის, გარდა სასამსახურო ძაღლისა, წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.


მუხლი 4. ცხოველის მიტოვების აკრძალვა
1. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში ცხოველისთვის მოიძიოს ახალი მეპატრონე, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − გადაიყვანოს იგი თავშესაფარში განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. მეპატრონის მიერ ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების შემთხვევაში ახალი მეპატრონის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში სავალდებულოა.


მუხლი 5. ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო
1. ქალაქ ბათუმში ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო არის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს:

ა) მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) საშენის რეგისტრაციას;

დ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

ე) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ვ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას;

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დროებითი განთავსების, მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 6. მეპატრონე
1. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით;

ბ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო- პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;

დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ზ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

თ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;

ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

კ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ლ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

მ) ცხოველის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ნ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მეპატრონეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ვეტერინარულ პასპორტში შეტანის თაობაზე მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

5. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.


მუხლი 7. ცხოველის მიკედლება
1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

გ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ვ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა;

ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

თ) მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.


მუხლი 8. ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები
1.  „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე შემდეგი სუბიექტები:

ა) ვეტერინარული დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ზოონოზური დაავადებებისგან დაცვას (მათ შორის, ანტირაბიულ ვაქცინაციას).

ბ) თავშესაფარი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის დროებით მოვლა-პატრონობას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ვაქცინაციას ან/და უპატრონო ცხოველისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიებას;

გ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) − პირი, რომელიც უზრუნველყოფს მეპატრონის მიერ მიბარებული ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას;

დ) საშენი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას, აგრეთვე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, სანაშენე ცხოველისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტურ აღრიცხვას;

ე) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით;

ვ) რეალიზატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის მოვლა-პატრონობას, ყიდის მას, აგრეთვე უზრუნველყოფს ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროულ ვაქცინაციას და სხვა სახის ვეტერინარულ მომსახურებას;

ზ) ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ჰიგიენური და გარეგნული მდგომარეობის შენარჩუნებასთან/გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

2. ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი:

ა) ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია;

ბ) უფლებამოსილი არ არის, მომსახურება გაუწიოს ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ცხოველის კეთილდღეობის დაცვის უზრუნველსაყოფად ვალდებული არიან შეასრულონ ცხოველის მოვლა-პატრონობის ზოგადი მოთხოვნები:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ბ) უსაფრთხოების წესების დაცვა;

გ) ცხოველის დარწყულება და საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე კვება;

დ) ცხოველის განსათავსებელი სივრცის სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

ე) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;

ვ) ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაცვა.


მუხლი 9. ცხოველის ვეტერინარული მომსახურება
1. მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და მოსახლეობის ზოონოზური დაავადებისგან დაცვის მიზნით, გარდა დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირებისა, დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას უზრუნველყოფს ვეტერინარი ან ვეტერინარი ტექნიკოსი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ვეტერინარული მომსახურება ხორციელდება ცხოველისთვის უმტკივნეულო საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4. აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:

ა) ყურების კუპირება;

ბ) კუდის კუპირება;

გ) ეშვების ექსტრაქცია;

დ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;

ე) სმენის დაქვეითება;

ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

5. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7. მიკედლებული/უპატრონო ცხოველის მიღების შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, მომსახურება გაუწიოს არარეგისტრირებულ ცხოველს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. ამ მომსახურების გაწევის შემდეგ იგი ვალდებულია ჩაატაროს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.

9. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, კომპლექსური ვაქცინაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარულ პასპორტში.

10. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული ცხოველის ევთანაზიის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

11. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცოფის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, სააგენტოსთან ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს.

13. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, გასცეს ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა.

14. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 10. თავშესაფარი და მისი საქმიანობის ფარგლები
1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის  მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად.

2. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას კერძო თავშესაფარი.

3. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს:

ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად;

ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას;

ბ.ბ) ცხოველს არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალებას − არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვოლიერის სათანადო ვენტილაცია;

გ) საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად;

დ) გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის საქმიანობა, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებები და პროცედურები, რეგულირდება ამ წესის მე-14 მუხლით.

5. კერძო თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ჩატარების შემდეგ ვეტერინარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ცხოველი. ამ შემოწმების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

7. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში კერძო თავშესაფარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. თუ კერძო თავშესაფარი მომსახურებას უწევს ცხოველს, რომელსაც გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება ესაჭიროება, კერძო თავშესაფარი ვალდებულია მხოლოდ გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურების გაწევის შემდეგ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია  მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

10. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული, სტერილიზებული/კასტრირებული და ვაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი და მონაცემთა ერთიან ბაზაში განაახლოს მის შესახებ ინფორმაცია.

11. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს გაუწიოს მომსახურება, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვასა და დროებით შეფარებაში.

12. კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა აკრძალულია.

13. კერძო თავშესაფარი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 11. საშენი და მისი საქმიანობის ფარგლები
1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის მიზნით ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას ახორციელებს საშენი.

2. საშენი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოქმედების ვადაა 3 წელი. აღნიშნული რეგისტრაციის საფასურს ადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.

4. საშენის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა განთავსდეს მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.

5. სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველყოფის მიზნით საშენი ვალდებულია:

ა) ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი;

ბ) შეასრულოს ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;

დ) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;

ე) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

ვ) მოაწყოს შესაბამისი სივრცე ნაყარის მიღების შემთხვევაში;

ზ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველის და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;

თ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოება;

ი) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;

კ) უზრუნველყოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება.

6. საშენი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

7. საშენი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით  განსაზღვრული საქმიანობა.

8. საშენი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად.


მუხლი 12. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია
1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო.

2. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია:

ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა და რეგისტრაცია;

ბ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

გ) უმეთვალყურეო ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენა.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;

ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;

გ) ვაქცინაციის შესახებ;

დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებულ მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ახორციელებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

5. ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებულ მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ამოწმებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას.

6. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

7. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში.

8. მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.


მუხლი 13. პატრონიანი ცხოველის მოშენება და პოპულაციის მართვა
1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის წესისა და ვადების შესაბამისად, ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა  კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ  კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. საშენი სანაშენე ცხოველის მოშენებას ახორციელებს ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე.

6. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

7. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

8. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვების გარდა, ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე მორატორიუმი შესაძლოა გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის მიერ.

10. ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საგამოფენო ცხოველზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სახეობრივ/ინდივიდუალურ და ჯიშობრივ მახასიათებლებს და განკუთვნილია ცხოველების გამოფენაში მონაწილეობისთვის.

11. ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მეპატრონე ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის საგამოფენო ცხოველად აღნიშვნის მიზნით.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან 2 წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში ცხოველის მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველისთვის საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნის შემდეგ იგი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

14. ამ მუხლის პირველი−მე-13 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.

15. სასამსახურო ძაღლის განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


მუხლი 14. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა
1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას.

2. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული:

ა) ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა;

დ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია;

თ) ცხოველის დეჰელმინთიზაცია ან/და კომპლექსური ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის ჩატარების შემდეგ ცხოველს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს ვეტერინარული მომსახურება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

6. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსება), ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო, ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


მუხლი 15. პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები
1. ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება, უნდა განხორციელდეს ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

4. ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის)  მეშვეობით.

5. ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

6. ცხოველის მონაწილეობით სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების ჩატარება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე.

7. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში პირი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი.

8. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესებით დამატებით განსაზღვროს:

ა) ადგილები, სადაც არ დაიშვება ძაღლის ყოფნა;

ბ) სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც დასაშვებია ძაღლის გასეირნება საბლის გარეშე;

გ) ცხოველის გასეირნების, მგზავრობის და ღონისძიებებში გამოყენების განსხვავებული წესი (მათ შორის, ალიკაპის გამოყენების წესი).

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.


მუხლი 16. ცხოველის ევთანაზია
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით.

2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით.

3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის:

ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით;

ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა.

6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.