დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300000000.35.160.016991 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილის, 2093 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აკრძალულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობა, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული დანართ №1-ით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების წესი, დანართ №1-ის შესაბამისად; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი, დანართ №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2010 წლის 22 ოქტომბრის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 46, გამოქვეყნების თარიღი: 03/11/2010; სარეგისტრაციო კოდი: 300000000.35.160.016012). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის რეგულირების წესის (შემდეგში „წესი“) მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის დარეგულირება, გარე ვაჭრობისთვის ადგილების და პირობების განსაზღვრა, ტერიტორიის მოწესრიგება, გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების წესის დამტკიცება და სხვა საკითხების მოწესრიგება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებაა) გარე ვაჭრობა: ა.ა) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი, და სხვა); ა.ბ) საზოგადოებრივ სივრცეში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, გარდა ბაზრისა და ბაზრობისა, საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური პირის მიერ უშუალოდ ნივთის, ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი/საქონელი, ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი/საქონელი, თუ ნივთის/საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით პირი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება; ბ) გარე ვაჭრობის უფლების გამცემი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი; გ) საზოგადოებრივი სივრცე – მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული ტერიტორია, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებით გამოიყენება, კერძოდ: ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა და სხვა, მსგავსი სივრცე; დ) შენობა-ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და მთლიანად შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
მუხლი 3. გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები
წინამდებარე წესის ამოცანებია:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა.
2.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
3. ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
მუხლი 4. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე ობიექტების განთავსება 1. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს, ისე რომ ისინი აკმაყოფილებდნენ მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. 2. საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ძეგლებზე განთავსებული მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვა) მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, დაიშვება მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით/ესკიზით. 3. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ითვლება დროებით შენობა-ნაგებობად. 4. პირს, რომელსაც ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობა ხდება საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული წესით. 5. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე ისეთი ნივთის განთავსება, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და, შესაბამისად, არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისთვის, დასაშვებია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად, შეთანხმებული არქიტექტურული ესკიზის საფუძველზე.
მუხლი 5. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება და შეწყვეტა 1. გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მიეცეს ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას. 2. გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით, უძრავი ქონების სარგებლობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე ვაჭრობისათვის ფართის გადაცემა ავტომატურად არ ათავისუფლებს მოსარგებლეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურთან გარე ვაჭრობის უფლებისათვის განსათავსებელი ობიექტის მარტივი წესით შეთანხმების ვალდებულებისგან. 4. გარე ვაჭრობის განხორციელების მიზნით გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს. 5. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს: ა) დაინტერესებული პირის სახელს, გვარსა და მისამართს; ბ) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის ზუსტ დასახელებას (საკადასტრო კოდს ან/და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს), რომელზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება; გ) გარე ვაჭრობისათვის სარეალიზაციო საგნის შესახებ ინფორმაცია; დ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე, რომელზეც ითხოვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებას, უზრუნველყოფს სისუფთავის დაცვას; ე) მითითებას, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულებს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებს; ვ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული პირის აზრით მნიშვნელობა აქვს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვების საკითხის განხილვისას. ზ) ელექტროაპარატების განთავსების შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას. 6. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს მისი პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 7. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა ადგენდეს: ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას. თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად, გარე ვაჭრობის უფლება არ შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნული ადგილისათვის განსაზღვრულ ვადას; ბ) გარე ვაჭრობისათვის გამოსაყენებელი ობიექტი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); გ) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება; დ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე; ე) მითითებას დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე (ობიექტის გათვალისწინებით); ვ) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე; ზ) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას; თ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის. 8. ფართის სარგებლობით გადაცემის საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულებაში განისაზღვრება გარე ვაჭრობის უფლებით გამოყენების მიზნობრიობა და გაიწერება შესაბამისი პირობები, რომელიც დაცული უნდა იქნას გარე ვაჭრობის განხორციელებისას. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭებაზე ცალკე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემა არ ხორციელდება და ძირითადი მოთხოვნები გაიწერება ფართის სარგებლობის გადაცემის აქტით. 9. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან/და რეგულირების წესების შეუსაბამობის შემთხვევაში, ასევე მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით, წერილობითი ფორმით, გაიცემა „გარე ვაჭრობის უფლებისა და ფართის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილება. 10. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 11. დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც აქვს უძრავ ქონებაზე საკუთრების ან/და სარგებლობის უფლება, განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78–ე მუხლის შესაბამისად ნებართვის მოსაპოვებლად, ელექტრონული ფორმით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით და გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება უნდა განახორციელოს ამ დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. 12. გარე ვაჭრობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ: ა) დაინტერესებულმა მხარემ უარი თქვა გარე ვაჭრობის უფლებაზე; ბ) ამოიწურა გარე ვაჭრობის უფლების გაცემის ვადა; გ) გარე ვაჭრობის უფლების მიმღებმა პირმა დაარღვია გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მოთხოვნა; დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, შეიცვალა გარე ვაჭრობისთვის არსებული ტერიტორიის გამოყენება.
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილება გარე ვაჭრობის რეგულირების საკითხში 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით: ა) განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, პირობები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები; ბ) შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების, ფესტივალებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
მუხლი 7. წესის დარღვევა 1. გარე ვაჭრობის წესის დარღვევას წარმოადგენს: ა) გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე; ბ) გარე ვაჭრობა, გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. 2. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, ხოლო გარე ვაჭრობის ნებართვის მოპოვების შემთხვევაში სანებართვო პირობების დარღვევა, გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული წესით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1. 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები. 2. ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 2. 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება. 2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3. 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. 2. ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი წარმომადგენელი (თანამშრომელი). გადაცემული ქონების ვარგისიანობისა და მისი უსაფრთხო გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქონების მიმღებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები