აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016153
2
06/03/2026
ვებგვერდი, 12/03/2026
010340000.33.062.016153
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება №2

2026 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს (შემდეგში  სამინისტრო) მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესი (დანართი №1);

ბ) განაცხადის ფორმა (დანართი №1.1);

გ) პროექტის/ღონისძიების საპროექტო განაცხადის ფორმა (დანართი №1.2);

გ.ა) პროექტის/ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა (დანართი №1.2.1);

დ) დაზუსტებული ინფორმაცია პროექტის/ღონისძიების შესახებ (დანართი №1.3);

ე) შესრულების ანგარიშის ფორმა (დანართი №1.4).

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრიალიონა ჩხოტუა




დანართი 1

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის / ქვეპროგრამების განხორციელების წესი  

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  სამინისტროს (შემდეგში   სამინისტრო) პროგრამის/ქვეპროგრამების (შემდეგში – პროგრამა)  განხორციელების წესი  (შემდეგში – წესი) არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  რესპუბლიკური ბიუჯეტით, სამინისტროსთვის გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამების ასიგნებებიდან განსახორციელებელ ღონისძიებებთან/პროექტებთან (შემდეგში – პროექტი) დაკავშირებული ხარჯების კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსური ხელშეწყობის,  გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების  საკითხებს, ასევე ფინანსური ხელშეწყობასთან  დაკავშირებული წარმოების პირობებსა და ნორმებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონით გათვალისწინებული პროგრამის –   „სამშვიდობო ინიციატივებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, სამოქალაქო ინტეგრაცია და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“ (პროგრამული კოდი 19 02) და მასში შემავალი ქვეპროგრამების ფარგლებში წლის განმავლობაში განსახორციელებელ/დასაფინანსებელ პროექტებზე, სამშვიდობო პოლიტიკის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიმართულებით მომუშავე პირები, განურჩევლად მათი სამართლებრივი სტატუსისა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე;

ბ) პროექტის განმახორციელებელი პირი – სამშვიდობო პოლიტიკის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიმართულებით მომუშავე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსით ახორციელებს  საკონკურსო პროექტს;

გ) განცხადება პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე – ამ წესის დანართი 1.1.-ით  განსაზღვრული, განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი წერილობითი მომართვა პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე;

დ) საპროექტო განაცხადი – პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ამ წესის დანართი №1.2. – თა  (პროექტის აღწერა) და დანართი №1.2.1.- ით (პროექტის ხარჯთაღრიცხვა) განსაზღვრული ფორმის შესაბამისად თან ერთვის განცხადებას პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე;

ე) დაზუსტებული ინფორმაცია პროექტის შესახებ – პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული დაზუსტებული  ინფორმაცია;

ვ) დაზუსტებული განაცხადი – განმცხადებლის მიერ ამ წესის დანართი №1.3.-ით განსაზღვრული ფორმით წარმოსადგენი დაზუსტებული ინფორმაცია საპროექტო განაცხადთან დაკავშირებით;

ზ) დეპარტამენტი – პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, სამინისტროს სამშვიდო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტი;

თ) პროექტის  კოორდინატორი – დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მართავს პროექტს და კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე;

ი) ხელშეკრულება – სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელ დაინტერესებულ პირს შორის ამ წესის შესაბამისად დადებული პროექტის ფინანსური ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება;

კ) მიღება-ჩაბარების აქტი – პროექტის კოორდინატორს, სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამის წარმომადგენელსა და პროექტის განმახორციელებელ პირს შორის გაფორმებული აქტი, რომლითაც დასტურდება განხორციელებული პროექტის თემატური და შინაარსობრივი შესაბამისობა  ხელშეკრულების საგანთან, პროექტით დასახული მიზნის მიღწევა და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვასთან;

ლ) პროექტის შესრულების ანგარიში – პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ ამ წესის დანართი 1.4.-ით განსაზღვრული ფორმით წარმოსადგენი პროექტის განხორციელების შესახებ პროექტის შესრულების ანგარიში.

მუხლი 3. ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმი

ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული  შესაბამისი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1. საკონკურსო პროექტი:

ა) პროექტი, რომლის განხორციელებაც ხდება კონკურსის შედეგების მიხედვით, პროგრამის პრიორიტეტებით განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, პროექტის განმახორციელებელი პირის საქმიანობის მხარდაჭერისა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობის მიზნით; 

ბ) შესაბამისი კომპონენტი/ნაწილი იმ პროექტისა, რომლის ინიციატორს წარმოადგენს  სამინისტრო ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შემავალი დაწესებულება, ხოლო განმახორციელებელს – შესაბამისი კონკურსით შერჩეული პირი.

2. არასაკონკურსო პროექტი:

ა)  პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ინიცირებული პროექტი, რომლის ინიციატორსა და უშუალო განმახორციელებელს წარმოადგენს  დეპარტამენტი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შემავალი დაწესებულებების პროექტები, რომელთა უზრუნველყოფაც  ხორციელდება სამინისტროს თანამონაწილეობით და შესაბამისობაშია სამინისტროს პროგრამით განსაზღვრულ მიზნებთან და ამოცანებთან.

მუხლი 4. საკონკურსო პროექტის მიღებისა და განხილვის პირობები

1. საკონკურსო პროექტი ხორციელდება ამ წესისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით (შემდეგში – ბრძანება) დამტკიცებული საკონკურსო პირობების შესაბამისად. საკონკურსო პირობებით განისაზღვრება ცალკეული კონკურსის მიზნები, პროექტის დასაფინანსებელი თანხის ოდენობა, კონკურსის ეტაპები (საჭიროების შემთხვევაში), პროექტის განხორციელების ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სხვა კონკრეტულად ამ საკონკურსო პროექტისთვის აუცილებელი საკონკურსო პირობა.

2. პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე საკონკურსო განაცხადის მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეს.

3. დეპარტამენტი, პროექტის კოორდინატორსა და მის მიერ შემუშავებულ საკონკურსო პირობებს, მოხსენებითი ბარათით წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  მინისტრს (შემდეგში – მინისტრი) ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს.

4. მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში დეპარტამენტი შეიმუშავებს მინისტრის ბრძანების პროექტს კონკურსის გამოცხადების შესახებ. კონკურსის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

5. საკონკურსო განაცხადის მიღება ხდება სამინისტროს ელექტორნული ფოსტის projects.justiceabkhazia@gmail.com მეშვეობით.

6. კონკურსანტს თითოეულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

7. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული.

8. პროექტის ფინანსური ხელშეწყობის მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში ელექტრონულად  წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე (დანართი №1.1.);

ბ) საპროექტო განაცხადი (დანართი №1.2. და დანართი №1.2.1.);

გ) მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, დამატებით – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ პირს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები/სახაზინო კოდი;

ვ) სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

9. განმცხადებელი ვალდებულია საპროექტო განაცხადი, კერძოდ, ამ წესის №1.2.1. დანართი წარმოადგინოს როგორც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი ფორმით, ასევე ელექტრონული სახით (Microsoft Excel-ის ფორმატში).

10. კონკურსში განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრება კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღების ბოლო ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მათი მიღების ბოლო ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე.

11. კონკურსანტს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენისას, პროექტის კოორდინატორი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 2 (ორი) სამუშაო დღეს, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია რჩება განუხილველი.

მუხლი 5. საკონკურსო კომისია

1. სამინისტროში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განაცხადების განხილვისა და შეფასების მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია.

2. მინისტრის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია შედგება სამინისტროს თანამშრომლებისა და საჭიროებიდან გამომდინარე – მოწვეული პირებისაგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრით. ბრძანებით  საკონკურსო კომისიის წევრთაგან განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და ის წევრი, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

3.  საკონკურსო კომისიის მდივნის ფუნქციას ასრულებს პროექტის კოორდინატორი.

4. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში იმოქმედებს ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საკონკურსო კომისიის წევრს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს საკონკურსო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა.

5. საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, მინისტრი უფლებამოსილია ბრძანებით შეცვალოს კომისიის წევრი.

6. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს თვითაცილების შესახებ და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ კონკურსის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, მისი შეფასება მოცემული განაცხადის შესახებ არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

7. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი და  პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, არ გაამჟღავნოს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებამდე.

8. საკონკურსო კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს  საკონკურსო კომისიის წევრის საქმიანობაში ან/და მოახდინოს მასზე რაიმე ზეგავლენა.

მუხლი 6. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე

1. საკონკურსო კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს კონკურსის ფარგლებში  შემოსული განაცხადების განხილვა/შეფასების პროცესს;

ბ) აკონტროლებს სხდომებისთვის საკონკურსო დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას.

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას  ახორციელებს საკონკურსო კომისიის  მდივანი, რომელიც:

ა) აორგანიზებს საკონკურსო კომისიის სხდომის ჩატარებას, ქმნის საკონკურსო კომისიის მუშაობისთვის შესაბამის სამუშაო პირობებს, საკონკურსო კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომების ჩატარების დროსა და ადგილს  და უზრუნველყოფს მათ საჭირო მასალებითა და დოკუმენტებით;

ბ) კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, საკონკურსო კომისიის წევრებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის შემოსულ განაცხადებს და შესაბამის დოკუმენტაციას;

გ)   აწარმოებს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს;

დ) წერილობით აცნობებს  განმცხადებლებს საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

ე) ასრულებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.

მუხლი 7. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კონკურსის ფარგლებში მიღებულ განაცხადებს საკონკურსო კომისია იხილავს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.

2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საკონკურსო კომისიის სხდომა არის დახურული. საკონკურსო კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს პროექტის შეფასებისგან. საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.

4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად.

5. განსახილველად მიღებული საკონკურსო განაცხადების შეფასება ხორციელდება ქულობრივი სისტემით, კომისიის წევრების მიერ ცალ-ცალკე, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (თუ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებით საკონკურსო პირობების დამტკიცებისას, საკონკურსო განაცხადის შესაფასებლად სხვა დამატებითი პირობა არ არის განსაზღვრული).

6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს  დაზუსტებული განაცხადი (დანართი №1.3.) ან/და დაზუსტებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დაზუსტებული განაცხადი ან/და დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონკურსანტის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. ამ ვადის დაუცველობის ან ამ ვადაში დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტის განაცხადი აღარ განიხილება. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე კონკურსანტს ეცნობება კომისიის მიერ.

7. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ დამატებით პირობად განსაზღვრულია დამატებითი ეტაპი – კონკურსანტთან გასაუბრება,  გასაუბრების შედეგები აისახება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად პროექტის შეფასებისას.

 

8. საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება ხორციელდება 30  (ოცდაათი) ქულის ფარგლებში შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

 

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

 

1

პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და სამინისტროს  მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან

0-10

2

პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა)

0-5

3

ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში

0-5

4

შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება

0-5

5

პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის რეალურობა

0-5

 

სულ:

30

 

9. პროექტების შეფასების შედეგად, საკონკურსო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

) პროექტის სრული ფინანსური ხელშეწყობის შესახებ;

) პროექტის ნაწილობრივი ფინანსური ხელშეწყობის შესახებ;

) პროექტის ფინანსური ხელშეწყობაზე უარის თქმის შესახებ.

10. კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება საკონკურსო კომისიის ჯამური ქულის საფუძველზე. გამარჯვებულად ითვლება ის საკონკურსო პროექტ(ებ)ი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ 15 (თხუთმეტი) ქულისა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირველი და მე-2 კრიტერიუმების შეფასებით დააგროვებს ქულათა უფრო მეტ რაოდენობას. თუ ორმა ან რამდენიმე საკონკურსო პროექტმა ამ წესის შესაბამისად კვლავ დააგროვა თანაბარი ქულები, გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება კენჭისყრის საფუძველზე.

12. კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის რაოდენობასა და თითოეული პროექტის ფინანსური ხელშეწყობის მიზნით თანხის ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.

13. განმცხადებლებსა და კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ  წერილობით ეცნობებათ  საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს, მათ მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

14. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, საკონკურსო კომისიის წევრები და საკონკურსო კომისიის მდივანი.

15. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, დეპარტამენტი მინისტრს წარუდგენს ბრძანების პროექტს დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის   შესაბამისი ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე.

16. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელ პირთან ხელშეკრულების გაფორმებას. 

17. სამინისტროს   საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი მოხსენებითი ბარათით წარუდგენს მინისტრს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის იმ თანამშრომელს, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას ადგენს/აკონტროლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისობას.

18. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხელშეკრულება ვერ გაფორმდა პროექტის განმახორციელებელი პირის ბრალეულობით, სამინისტრო უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელ პირთან  გააუქმოს პროექტის ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რის შემდგომაც კონკურსის გამარჯვებული ხდება შემდეგი კონკურსანტი, რომლის პროექტმაც დააგროვა უმაღლესი ქულა, მაგრამ არანაკლებ 15 (თხუთმეტი) ქულისა და შესაბამისი ფინანსური რესურსი მიემართება მისი პროექტის დასაფინანსებლად ამ მუხლით დადგენილი პროცედურების დაცვით.

19. პროექტის ფინანსური ხელშეწყობის შესახებ ბრძანება და პროექტის განმახორციელებელ პირთან დადებული ხელშეკრულება eDocument-ის (სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის) საშუალებით ეგზავნება სამინისტროს ყველა დაინტერესებულ სტრუქტურულ ერთეულს.

მუხლი 8. არასაკონკურსო წესით პროექტის განხილვისა და დაფინანსების პირობები

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაკონკურსო პროექტი ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა დეპარტამენტი შეიმუშავებს პროექტს და მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემდეგ შესაბამის მასალებს განსახილველად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტს;

ბ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, პროექტის ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და წარმოდგენილი ფინანსური პარამეტრების შეჯერების/დადასტურების მიზნით იხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას და 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში:

ბ.ა.) შიდა მიმოწერის ბარათით აცნობებს დეპარტამენტს არსებული ხარვეზის შესახებ დასაბუთებულ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ.) შიდა მიმოწერის ბარათს წარუდგენს დეპარტამენტს განსახორციელებელი პროექტის დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა და ფინანსური კლასიფიკატორ(ებ)ის მითითებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, დეპარტამენტი  მინისტრს წარუდგენს პროექტის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და მინისტრის შესაბამისი რეზოლუციის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს.

2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაკონკურსო პროექტი ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) მოთხოვნას მისი წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპეტენციის ფარგლებში, იხილავენ დეპარტამენტი და საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, მათ შორის პროექტის ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და წარმოდგენილი ფინანსური პარამეტრების შეჯერების/დადასტურების მიზნით;

ბ) დაფინანსების მოთხოვნის ამ წესის პირობებთან შეუსაბამობის ან დოკუმენტაციის არასრულად (ან არასწორად) წარმოდგენის შემთხვევაში დეპარტამენტი ან საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტი, კომპეტენციის შესაბამისად, ამზადებს შესაბამის წერილს დაფინანსების მოთხოვნაზე უარის ან ხარვეზის დადგენის შესახებ და განმცხადებელს განესაზღვრება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადა დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად;

გ) სამინისტრო უფლებამოსილია, განმცხადებელს გაუგრძელოს წარმოდგენილ მოთხოვნაზე დადგენილი ხარვეზის ვადა;

დ) დეპარტამენტისა და საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დადებითი შეჯერებული პოზიციის, აგრეთვე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, დეპარტამენტი მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს დასაფინანსებელი პროექტის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და შესაბამისი რეზოლუციის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს.

2. სამინისტრო უფლებამოსილია არასაკონკურსო პროექტი დააფინანსოს სრულად ან ნაწილობრივ ან უარი თქვას მის დაფინანსებაზე.

3. არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მინისტრის მიერ გამოიცემა ბრძანება.

4. მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაფინანსების შესახებ ფორმდება ხელშეკრულება.

მუხლი 9. ხელშეკრულების გაფორმება

1. მინისტრის ბრძანების საფუძველზე პროექტის ფინანსური ხელშეწყობის მიზნით პროექტის განმახორციელებელთან ფორმდება 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულება.

2. საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების ფინანსური ხელშეწყობის თაობაზე პროექტის განმახორციელებელთან ხელშეკრულების გაფორმებას უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი.

3. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება ამ წესის, მხარეთა ურთიერთშეთანხმებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

4. პროექტის განმახორციელებელ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის პირობები განისაზღვრება ამავე ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის სურვილის თაობაზე მხარეები ერთმანეთს მიმართავენ წერილობით, რაზეც შესაბამისი პასუხი უნდა გაიცეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

5. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის პროცედურა რეგულირდება ხელშეკრულების გაფორმებისათვის ამ წესით განსაზღვრული ნორმებით.

6. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები ითვალისწინებს ხელშეკრულებით დაფინანსებული პროექტის ფორმატის ან/და  შინაარსის იმგვარ ცვლილებას, რაც არსობრივად ეწინააღმდეგება ან/და არ არის თავსებადი თავდაპირველ საკონკურსო პირობებთან, სამინისტრო უფლებამოსილია მიზანშეუწონლობის მოტივით უარი განაცხადოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე.

7. ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვაში პუნქტთაშორისი ცვლილებები დასაშვებია ხარჯთაღრიცხვის 10%-ის ფარგლებში  და საჭიროებს მხოლოდ სამინისტროს დროულ წერილობით ინფორმირებას. 

8. პროექტის განმახორციელებელი სამინისტროს წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია პირადად.

9. სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება სხვა საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით.

მუხლი 10. ანგარიშსწორება

1. პროექტის განმახორციელებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება სრულად ან ეტაპობრივად, ამ მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

2. დაფინანსებული პროექტის სათანადოდ განხორციელების მიზნით, წინასწარი ანგარიშსწორება დასაშვებია პროექტის განმახორციელებელი პირის წერილობითი მოთხოვნისა და დასაბუთების საფუძველზე, საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებით, პროექტის ღირებულების არაუმეტეს 70%-ის ოდენობით.

3. სამინისტროს მიერ ფინანსურ ხელშეწყობას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული ხარჯი. პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია აუთვისებელი თანხა/დაუდასტურებელი ხარჯი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს.

4. გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელთან საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველს.

5. სამინისტროს  მიერ არ ანაზღაურდება პროექტის განმახორციელებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე გაწეული ხარჯები.

მუხლი 11. პროექტის მონიტორინგი

1. პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ადგილზე განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი.

2. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში დანართი 1.4.-ის შესაბამისად სამინისტროში წარმოადგინოს პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

3. საკონკურსო პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, სამინისტროს  საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს, რომელსაც ხელს აწერს პროექტის კოორდინატორი (ადასტურებს განხორციელებული პროექტის თემატურ და შინაარსობრივ შესაბამისობას ხელშეკრულების საგანთან), სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი (ადასტურებს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარჯთაღრიცხვასთან) და პროექტის განმახორციელებელი პირი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან ანგარიშსწორების საფუძველს, რომელიც ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)  სამუშაო დღის ვადაში. შესაძლებელია ანგარიშსწორების განსხვავებული პირობის დადგენა (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში), რაც აისახება მხარეებს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების პირობებში.

5. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  მონიტორინგის პროცესში ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია პროექტის განმახორციელებელს განუსაზღვროს ვადა და მოსთხოვოს საკუთარი ხარჯებით განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. თუ აღნიშნული შეუძლებელია ან პროექტის განმახორციელებელი სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას, სამინისტრო უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და

მოითხოვოს პროექტის ფინანსური ხელშეწყობისათვის გამოყოფილი თანხის უკან დაბრუნება. მხარეთა პასუხისმგებლობის სხვა საკითხები განისაზღვრება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

6. სამინისტრო უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება, ისე, რომ არ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ღონისძიებების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, თუ სამინისტრომ დაკარგა პროექტის განხორციელების ინტერესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ხარვეზის გამო.

7. პროექტის განმახორციელებელს არ აქვს უფლება, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე განახორციელოს პროექტის თემატური ან/და შინაარსობრივი ცვლილება, მათ შორის იმ მოტივით, რომ მოცემული ცვლილება არ გამოიწვევს ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას/მოცულობის ზრდას.

მუხლი 12. განსხვავებული პირობები

ამ წესისგან განსხვავებული პირობით, სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული პროექტის ფინანსური ხელშეწყობა შესაძლებელია განხორციელდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გაცემული დავალების საფუძველზე.