დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.025653 |
|
| მუხლი 1 |
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი“.
|
| მუხლი 2 |
1. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველთა თავშესაფარი, ცხოველთა საშენი, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი ვალდებული არიან, ამ დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომისთვის მიმართონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 1 მაისამდე.
2. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონემ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2027 წლის 1 იანვრამდე: ა) უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ბ) მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს უკვე იდენტიფიცირებული ცხოველის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. 3. ცხოველის მიმკედლებელი, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს. |
| მუხლი 3 |
უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველებისთვის განკუთვნილი საყურე ნიშნები, რომლებიც საქართველოში ნაწარმოებია ან შემოტანილია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, გამოყენებულ იქნეს უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისთვის, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
|
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
2. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებს, ვადებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის პრინციპებსა და შესაბამისი სუბიექტების უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცხოველის გადაადგილებისას ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური), თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომში − ცხოველი) − პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით; ბ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომში − მეპატრონე) − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/ კასტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს ამ წესით გასაზღვრული რეგისტრირებული მეპატრონე; დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს ამ წესით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი; ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი; ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი; ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომში − მიმკედლებელი) − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე, ახორციელებს მის კვება-დაწყურებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით; თ) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით/ტრანსპონდერით ან საყურე ნიშნით (საჭდით); ი) მონაცემთა ერთიანი ბაზა − სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს რეგისტრირებული ცხოველის, მეპატრონის/მიმკედლებლისა და ცხოველთა გადაადგილების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას; კ) ცხოველის რეგისტრაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა; ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; მ) ცხოველის თავშესაფარი (შემდგომში − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი, რომელიც ახორციელებს, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; ნ) ცხოველის დროებითი მოთავსების ობიექტი (შემდგომში − სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც მომსახურებას უწევს მეპატრონეს მიბარებული ცხოველის დროებითი განთავსებისას მისი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფით; ო) მიკროჩიპი/ტრანსპონდერი − წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა; პ) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა; ჟ) აპლიკატორი − ცხოველის საყურე ნიშნის ფიქსატორი; რ) ცხოველის საშენი (შემდგომში − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; ს) ცხოველის რეალიზატორი (შემდგომში − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ყიდის ცხოველებს; ტ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციას. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ დადგენილებით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობები და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვა 1. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია: ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა და რეგისტრაცია; ბ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია; გ) უმეთვალყურეო ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენა. 2. სააგენტო მართავს მონაცემთა ერთიან ბაზას, რისთვისაც იყენებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატიზებულ საშუალებებს. 3. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიან ბაზაზე მარეგისტრირებელი ორგანოების წვდომას ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განხორციელებისთვის. 4. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიან ბაზაზე სამსახურის, სასტუმროს, კინოლოგიური დაწესებულების, ფელინოლოგიური დაწესებულების, რეალიზატორისა და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტის წვდომას, რის საფუძველზეც ეს ობიექტები ამოწმებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას. წვდომა ხორციელდება მხოლოდ ინფორმაციის შემოწმების მიზნით, რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე. 5. სააგენტო უზრუნველყოფს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის იმდაგვარ გამართვას, რომ შესაძლებელი გახდეს ცხოველის იდენტიფიკაციასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული ელექტრონული გაცვლა. 6. მონაცემთა ერთიანი ბაზის ტექნიკურ მხარდაჭერას, მის გამართულ და უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 7. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას ახორციელებენ მარეგისტრირებელი ორგანოები, რაც მოიცავს საიდენტიფიკაციო საშუალების გამოყენებით ცხოველის იდენტიფიკაციას ამ წესის დანართის − „ცხოველის იდენტიფიკაციის საშუალებებისა და წესის“ შესაბამისად და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას. 8. მარეგისტრირებელი ორგანოებია: ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო; ბ) ვეტერინარული დაწესებულება; გ) ცხოველების თავშესაფარი; დ) ცხოველების საშენი. 9. სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხოველის ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 10. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უპატრონო და მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. 11. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია და თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, უზრუნველყოს პატრონიანი ან/და მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 12. საშენი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისა და მათი ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 13. თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, თავშესაფარს უფლება აქვს, თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. მუხლი 4. ცხოველის იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ვადები 1. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს: ა) ცხოველის დაბადებიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა; ბ) ცხოველის შეძენის, ჩუქების ან სხვა ფორმით მიღების შემთხვევაში (მათ შორის, ქუჩიდან აყვანა), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში. 2. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება, დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში. 3. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. 4. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე ვალდებულია, დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა. 5. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში, ახალი მეპატრონე/მიმკედლებლი ვალდებულია, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 6. მიმკედლებელი ვალდებულია: ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის მიკედლების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში; ბ) მიმკედლებლად რეგისტრირებული ცხოველის მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით უარის თქმის დღიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში; გ) მიმკედლებლად რეგისტრირებული ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით. 7. მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო მის სისტემაში შემავალი მუნიციპალური თავშესაფრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 8. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს მონაცემების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში იდენტიფიკაციის განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 9. უპატრონო ცხოველის იდენტიფიკაცია და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია ხორციელდება მისი აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 10. მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული ინფორმაციის განახლება ხორციელდება: ა) მეპატრონის/მიმკედლებლის შეცვლის შემთხვევაში − ცვლილების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ბ) ცხოველის დაკარგვის ან სიკვდილის შემთხვევაში − შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; გ) სხვა არსებითი ცვლილების შემთხვევაში − ცვლილების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 5. ცხოველის რეგისტრაცია 1. მარეგისტრირებელი ორგანო მონაცემთა ერთიან ბაზაში ახორციელებს ცხოველის, ცხოველის მეპატრონის ან/და მიმკედლებლის რეგისტრაციას ამ დადგენილებითა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. რეგისტრაციისას მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი; ბ) სტერილიზაციის/კასტრაციის სტატუსი; გ) ვაქცინაციის სტატუსი; დ) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია; ე) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან. 3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია: ა) მარეგისტრირებელი ორგანო − მის მიერ შეტანილი მონაცემების ნაწილში; ბ) მეპატრონე/მიმკედლებელი − მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის ნაწილში. მუხლი 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 1. ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, რეგისტრაციის განახლებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოებისთვის სააგენტოს, მარეგისტრირებელ ორგანოებსა და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ სხვა ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც წვდომა აქვთ მონაცემთა ერთიან ბაზაზე, უფლება აქვთ, დაამუშაონ და მიიღონ ცხოველის პატრონისა და მიმკედლებლის (ფიზიკური პირის) საიდენტიფიკაციო მონაცემები სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან/დაწესებულებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო ინტერესების, შინაური ბინადარი ცხოველის პოპულაციის მართვის ხელშეწყობის, აგრეთვე სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების დაცვით. 3. მონაცემთა ერთიან ბაზაში პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზნების მისაღწევად. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც არ უკავშირდება მონაცემთა ერთიანი ბაზის ფუნქციებს. 4. ფიზიკური პირი სარგებლობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ყველა უფლებით, რის შესახებაც ინფორმაციას იღებს სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას და მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით.
დანართი ცხოველის იდენტიფიკაციის საშუალებები და წესი
მუხლი 1. ცხოველის იდენტიფიკაციის საშუალება 1. ცხოველის იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელთა სპეციფიკაცია განსაზღვრულია თითოეული ცხოველის სახეობასთან მიმართებაში. 2. ცხოველის იდენტიფიკაციის საშუალება (საყურე ნიშანი, მიკროჩიპი/ტრანსპონდერი) უნდა მოიცავდეს შესაბამის და ამომწურავ ინფორმაციას, ნუმერაცია უნდა იყოს უნიკალური. 3. საყურე ნიშანი: ა) უნდა იყოს დადგენილი ფორმის, ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეთანის მასალისგან, შედგებოდეს ერთმანეთთან შეერთებადი ორი ნაწილისგან, შესაძლოა, შეიცავდეს უჟანგავი ლითონის ჩანართებს, ან დაბოლოებებს, უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ; ბ) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში; გ) სუფთად უნდა იყოს დაცული ტრანსპორტირებისა და გამოყენებისას, რომ არ მოხდეს მათი დაბინძურება და არ გახდეს მიზეზი ჭრილობის შემდგომი გართულებისა; დ) დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს; ე) საყურე ნიშნის „დედალ“ ნაწილზე დატანილი უნდა იყოს ინდივიდუალური რვაციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი, შავი ფერით; ვ) საყურე ნიშნის დიამეტრი უნდა იყოს − არანაკლებ 28 მმ − არაუმეტეს 30 მმ. საყურე ნიშნის დასამაგრებელი ხელსაწყო − აპლიკატორი უნდა იყოს თავსებადი საყურე ნიშნებთან და მისი საშუალებით მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი საყურე ნიშნის დამაგრება ცხოველის ყურზე. 4. საყურე ნიშნის რვაციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომრის უნიკალურობის უზრუნველსაყოფად, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველებისთვის განკუთვნილ საყურე ნიშანზე დასატანი ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები, საყურე ნიშნების საქართველოში წარმოებამდე ან შემოტანამდე, წინასწარ შეთანხმებული უნდა იქნეს სააგენტოსთან. 5. საყურე ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით. 6. მიკროჩიპი/ტრანსპონდერი წარმოადგენს ცხოველის ორგანიზმთან სრულად თავსებად იდენტიფიკაციის საშუალებას და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) შეესაბამებოდეს ISO 11784 სტანდარტს და გამოყენებული უნდა იქნეს HDX ან FDX-B ტექნოლოგია; ბ) მისი წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს წამკითხველი მოწყობილობით, რომელიც შეესაბამება ISO 11785 სტანდარტს. მუხლი 2. ცხოველის იდენტიფიკაციის წესი 1. ცხოველის (ძაღლი) იდენტიფიკაცია საყურე ნიშნით: ა) საყურე ნიშნის „მამალი“ (წვეტიანი) ნაწილი უნდა დამაგრდეს ყურის გარეთა (უკანა) ზედაპირზე, ხოლო „დედალი“ (ბუდიანი) ნაწილი − ყურის შიგნითა (წინა) ზედაპირზე; ბ) საყურე ნიშანი უნდა დამაგრდეს ძაღლის ერთ ყურზე ყურის შუა მესამედში, ისე, რომ არ მოხდეს ყურის ქსოვილის დაზიანება და უზრუნველყოფილი იყოს საყურე ნიშნის უსაფრთხო და მდგრადი დაფიქსირება. 2. ცხოველის (ძაღლი/კატა) იდენტიფიკაცია მიკროჩიპით/ ტრანსპონდერით: ა) მიკროჩიპის/ტრანსპონდერის იმპლანტაციამდე და მას შემდეგ უნდა განხორციელდეს მისი სკანირება; ბ) მიკროჩიპის/ტრანსპონდერის იმპლანტაცია ხორციელდება ცხოველის კისრის მიდამოში, კანქვეშ, სპეციალური ერთჯერადი შპრიცის გამოყენებით; გ) მიკროჩიპის/ტრანსპონდერის იმპლანტაცია არ საჭიროებს ანესთეზიას და ტარდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით. 3. მიკროჩიპის/ტრანსპონდერის დაზიანების შემთხვევაში, მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით. 4. მარეგისტრირებელი ორგანოების თანხმობის გარეშე დაუშვებელია იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა, შეცვლა ან სხვა ცხოველზე გადატანა და ასეთი თანხმობა შესაძლებელია, გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლა, მოხსნა, ან გადატანა ეჭვის ქვეშ არ აყენებს ცხოველის მიკვლევადობას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები