დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016985 |
|
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1. სპეციალური მოთხოვნები თაღლითური ელექტრონული გადახდის ოპერაციის პრევენციის მიზნით მუხლი 231. მომხმარებელთა დაცვის სპეციალური მოთხოვნები 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თაღლითური ქმედებისგან დაცვის და ამგვარი ელექტრონული გადახდის ოპერაციის პრევენციის მიზნით, მომხმარებელთა ჯგუფისთვის, რომელთა ასაკი აღემატება 60 წელს, ამ წესით გათვალისწინებულ მონიტორინგის მექანიზმებში დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს მომხმარებლის ინდივიდუალურ ქცევით პროფილს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანერგილი დაცვის სპეციალური ზომები საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უნდა აძლევდეს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების შეჩერების ან, სადაც აღნიშნული შეუძლებელია, საგადახდო დავალების შესრულებაზე უარის თქმის ტექნიკურ შესაძლებლობას. ამ მიზნით, დაცვის სპეციალური ზომები უნდა ეფუძნებოდეს, სულ მცირე, რისკზე დაფუძნებულ შემდეგ გარემოებებს: ა) გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს; ბ) გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან. აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების იდენტიფიცირება საბარათე ოპერაციებისას უნდა განხორციელდეს საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სუბიექტის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის (MCC) საშუალებით; გ) ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტორების შეფასების საფუძველზე გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვის და ქცევის უჩვეულო თავისებურება. 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებლის დაბადების თარიღზე ინფორმაცია მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პირის შესაბამისი მონაცემებით (ინფორმაციით). 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებასთან ერთად, იმავე პუნქტით განსაზღვრული, სხვა, სულ მცირე ერთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაცია; ბ) თუ ტექნიკური ან საგადახდო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერება შეუძლებელია, 48 საათით უარი განაცხადოს შესაბამისი საგადახდო დავალების შესრულებაზე; გ) პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუკავშირდეს მომხმარებელს და მასთან კომუნიკაციისას დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ დანართი №13-ით განსაზღვრული მოთხოვნები; დ) შეჩერებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მომხმარებლისგან დამატებითი, ცალსახა თანხმობის მიღებისა და 48-საათიანი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ შეასრულოს შესაბამისი საგადახდო დავალება, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადახდო დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა ხელახლა დააინიციროს აღნიშნული ელექტრონული გადახდის ოპერაცია; ე) შეჩერებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მომხმარებლისგან უარის მიღების ან ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერების პერიოდში მომხმარებელთან დაკავშირების/კომუნიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში არ შეასრულოს შესაბამისი საგადახდო დავალება. ამასთან, მომხმარებელი არ არის შეზღუდული ხელახლა დააინიციროს აღნიშნული ელექტრონული გადახდის ოპერაცია.“. |
| მუხლი 2 |
საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება საბარათე ოპერაციების შემთხვევაში უზრუნველყოს 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში − 2027 წლის 1 მაისიდან.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები