„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016818
12
30/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
300300000.16.009.016818
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2026 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1):

ა) 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) 58-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის 59-ე მუხლი:

„მუხლი 59. გარდამავალი პერიოდი

1. 2027 წლის პირველ ივლისამდე:

ა) ბირჟაზე ვაჭრობის წინაპირობას წარმოადგენს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია;

ბ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა (განაცხადის დადება) შესაძლებელია ყოველი კალენდარული დღის 09:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში;

გ) მონაწილე უფლებამოსილია ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ტექნიკური დახმარება, მიიღოს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისის დროით:

გ.ა) სამუშაო დღეებში – 10:00-18:00 პერიოდში;

დ) ბირჟის მონაწილედ პირი რეგისტრირდება საბითუმო ვაჭრობაში მისი მოქმედი საქმიანობების/აქტივობების მიხედვით ცალ-ცალკე, რაც გულისხმობს, რომ ის ბირჟაზე რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო განცხადებას წარადგენს თითოეული საქმიანობის/აქტივობის შესაბამისად ცალ-ცალკე;

ე) მონაწილე, რომელიც საბითუმო ვაჭრობაში რამდენიმე სტატუსით ან/და მიზნით არის რეგისტრირებული, ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობს თითოეული სტატუსისთვის ან/და მიზნისთვის ცალ-ცალკე რეგისტრირებული პორტფელით. ერთი პორტფელი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე სტატუსთან ან ვაჭრობის მიზანთან, თუმცა რამდენიმე პორტფელით შესაძლებელია ერთი სტატუსის/მიზნის ფარგლებში ვაჭრობა;

ვ) მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული განაცხადი გამოხატავს მის ნებას, იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია იმ მიზნით, რაც გაცხადებულია მის მიერ ბირჟაზე რეგისტრაციისას და იმ სტატუსის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებული პორტფელითაც განათავსდა ეს განაცხადი. შესაბამისად, მონაწილე ბირჟის ოპერატორთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს იმ სტატუსით და მიზნით, რომელთან დაკავშირებული პორტფელის მეშვეობითაც ყიდის ან ყიდულობს ელექტროენერგიას. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს მონაწილეს უფლება განათავსოს ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადი/განაცხადები, რომელიც არაა ბირჟაზე განთავსებული იმ მიზნით და იმ სტატუსის ფარგლებში, რომელიც მონაწილის მიერ გაცხადებულია ბირჟაზე რეგისტრაციისას;

ზ) მონაწილის მიერ ბირჟაზე განთავსებული განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საათისათვის მისი გამომუშავების/მოხმარების რეალურ შესაძლებლობებს;

თ) მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში (ბირჟასთან დადებულ გარიგებაში) მითითებული სტატუსი მუდმივად შესაბამისობაში იყოს საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრირებულ სტატუსთან. თუ მონაწილის პორტფელთან დაკავშირებული სტატუსის რეგისტრაცია საბითუმო ვაჭრობაში არ არის აქტიური/მოქმედი, მას არ შეეძლება აღნიშნული პორტფელით ბირჟაზე ვაჭრობა. მონაწილე ვალდებულია მის პორტფელთან დაკავშირებული სტატუსის საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრაციის გაუქმების ან შეჩერების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბირჟის ოპერატორს. თუ მონაწილემ ამ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია დროულად არ წარუდგინა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი ბირჟის ოპერატორის მიმართ, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულ ანაზღაურებაზე;

ი) იმ მონაწილისთვის გაგზავნილ ინვოისში, რომელიც ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრირებული სტატუსიდან გამომდინარე, ბირჟაზე რეგისტრირებულია საბოლოო საკუთარი მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, გადასახდელ თანხებში ასევე მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);

კ) ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პლატფორმაზე გამოწერილი ინვოისის კორექტირების მიზნით, პლატფორმის მიღმა გამოწეროს და მონაწილეს რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში (ბირჟასთან დადებულ გარიგებაში) დაფიქსირებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწოდოს დამატებითი ინვოისი, რომელიც ჩაითვლება საბოლოო ინვოისად;

ლ) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის ფიზიკური მიწოდების პერიოდისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღით ადრე ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელი დღის ფიზიკური მიწოდების პერიოდისთვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს;

მ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის  21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელის დღის 21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს;

ნ) ბირჟის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო წარმომადგენლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის მოქმედების პერიოდში „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებით“ გათვალისწინებულ შესაბამის ნორმებთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე