დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016816 |
|
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) გენერაციის ობიექტის მიერთების განაცხადის შემთხვევაში – სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ან შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება მისაერთებელი ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე ყოფნის ფაქტი.“. 2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება (ასევე – ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება. ამასთან, გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია ერთჯერადად, არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით გააგრძელოს აღნიშნული ვადა მაძიებლის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით, რომლითაც დასტურდება ობიექტური გარემოებები, რამაც ხელი შეუშალა მაძიებელს ხელშეკრულების ხელმოწერასა და გადაცემის ლიცენზიატისთვის წარდგენაში.“. 3. 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემ ქსელზე მიერთება შეიძლება განხორციელდეს არასტანდარტული მიერთების გზით, რა დროსაც მიერთების მაძიებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთებას. ამავდროულად, გადაცემის ლიცენზიატი და მაძიებელი შესაძლებელია შეთანხმდნენ გადამცემ ქსელთან დაკავშირებული აუცილებელი ინფრასტრუქტურული ან/და სხვა შესაბამისი სამუშაოების მაძიებლის მიერ საკუთარი ხარჯებით სრულად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, რა შემთხვევაშიც ფორმდება დამატებითი შეთანხმება.“. 4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები: „3. იმ შემთხევაში, თუ ობიექტის (გარდა გენერაციის ობიექტისა) მიერთების სამუშაოები ვერ განხორციელდება მიერთების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ამავე ვადაში მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ვადის გაგრძელება, გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია: ა) ვადის გაგრძელების ობიექტური საფუძვლის არსებობისას, მხარის შესაბამისი დასაბუთებული მომართვის შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებით, ერთჯერადად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით გააგრძელოს მიერთების ვადა; ბ) უარი თქვას მიერთების ვადის გაგრძელებაზე. მიერთების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიერთების განსახორციელებლად საჭირო იქნება მაძიებლის მიერ გადაცემის ლიცენზიატისთვის ხელახალი განაცხადის წარდგენა და ამ თავით დადგენილი მიერთების ეტაპების ახლიდან გავლა (მათ შორის, შესაბამისი საფასურის ხელახლა გადახდა). 4. იმ შემთხევაში, თუ გენერაციის ობიექტის მიერთების სამუშაოები ვერ ხორციელდება მიერთების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მაძიებელს უფლება აქვს გადაცემის ლიცენზიატს მიმართოს მიერთების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაზრდაზე მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ შესაბამისი გენერაციის ობიექტის განხორციელების (მშენებლობის) მიზნით დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიცვლება (გაიზრდება), ასეთი ვადის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, გაზარდოს მიერთებისთვის გათვალისწინებული ზღვრული ვადა, ამავე დოკუმენტით განსაზღვრული ახალი ვადის გათვალისწინებით. ყველა სხვა შემთხვევაში, მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე, მიერთებისთვის განსაზღვრული ზღვრული ვადის გაზრდა დაუშვებელია. 5. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს (გენერაციის ობიექტის შემთხვევაში) უარი ეთქვა სამშენებლო ეტაპზე გადასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე/შესაბამისი განხორციელების (მშენებლობის) ხელშეკრულების გაფორმებაზე, ან შეწყდა ასეთი დოკუმენტის, მათ შორის, კვლევის ეტაპზე ყოფნის დამადასტურებელი ხელშეკრულების მოქმედება, აღნიშნული წარმოადგენს გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული საფუძვლის დადგომიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს მიერთების მაძიებელს.“. 5. 112 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 112. გადამცემ ქსელთან მიერთების საფასური და მისი გადახდის ვადები“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიერთების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა ხდება: ა) გენერაციის ობიექტის შემთხვევაში – ამ ობიექტის განხორციელების (მშენებლობის) თაობაზე მაძიებელსა და სამინისტროს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, თუ გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გენერაციის ობიექტსა და სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია განხორციელების (მშენებლობის) თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება, მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გადაცემის ლიცენზიატთან მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში; ბ) სხვა მაძიებლის (გენერაციის ობიექტის გარდა) შემთხვევაში – მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში; გ) მხარეები უფლებამოსილი არიან ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში წერილობით შეთანხმდნენ მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ერთჯერადად, არაუმეტეს 50%-ის გადახდის განწილვადებაზე.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 და 32 პუნქტები: „31. გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ დაიწყოს მიერთების მეორე ეტაპის სამუშაოები, სანამ მიერთების მაძიებლის მიერ არ მოხდება მიერთების მეორე ეტაპის საფასურის სრულად გადახდა, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით 50%-ის გადახდა და დარჩენილი ნაწილის განწილვადებაზე შეთანხმება. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდის ვადის გასვლის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს საფასურის სრულად გადაუხდელობას ან განწილვადებაზე შეუთანხმებლობას, გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება წყდება, რის შესახებაც გადაცემის ლიცენზიატი წერილობით აცნობებს მაძიებელს. ასეთ შემთხვევაში, მიერთების I ეტაპის საფასური მაძიებელს უკან არ უბრუნდება. 32. თუ გენერაციის ობიექტის შემთხვევაში, მიერთების ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი 3 (სამი) წლის თავზე ჯერ კიდევ არ არის დამდგარი მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდის ვალდებულება გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მოითხოვოს გენერაციის ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპთან დაკავშირებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა და მის წარმოსადგენად მაძიებელს განუსაზღვროს 2 (ორი) თვის ვადა. მაძიებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოადგენს გენერაციის ობიექტის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული საფუძვლის დადგომიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში გაუგზავნოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება მიერთების მაძიებელს.“. 6. 583 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 584 მუხლი: „მუხლი 584. ინფორმაცია გადამცემ ქსელთან გენერაციის ობიექტის ინტეგრირების შესაძლებლობის თაობაზე 1. გენერაციის ობიექტის მშენებლობის მსურველი პირის განცხადების საფუძველზე, გადაცემის ლიცენზიატი გასცემს წინასწარ ინფორმაციას გადამცემ ქსელთან გენერაციის ობიექტის ინტეგრირების შესაძლებლობის თაობაზე. 2. გადამცემ ქსელთან გენერაციის ობიექტის ინტეგრირების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის გაცემის მიზანია: ა) ამ განმცხადებლის ინფორმირება მის მიერ მოთხოვნილ მიერთების წერტილში გენერაციის ობიექტის ინტეგრირების შესაძლებლობისა და ამ მოთხოვნამდე ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში გაცემული ყველა იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელიც უკავშირდება ამავე ქსელზე სხვა გენერაციის ობიექტის ინტეგრირების შესაძლებლობის განსაზღვრას, მათი რაოდენობისა და სიმძლავრის მითითებით. ბ) გენერაციის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება, შესაბამისი წარმოების დაწყების ეტაპზე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობისა და სხვა მსგავსი მოთხოვნების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა გაიცეს მოთხოვნიდან (განცხადების რეგისტრაციიდან) 1 (ერთი) თვის ვადაში. 4. ინფორმაციის გაცემის წესი და საფასური მტკიცდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს გადაცემის ლიცენზიატის ვებგვერდზე. 5. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან გენერაციის ობიექტის ინტეგრირების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებაზე განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. ამასთან, გადაცემის ლიცენზიატის მიერ განსაზღვრული მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გაწეული მომსახურების ხარჯს და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ გეგმური მოგების ნორმის გონივრულ ოდენობას. ამ მომსახურებით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება გადამცემი ქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაანგარიშებისას.“. 7. 3244 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ტარიფში ასახავს გადამცემი სისტემის ოპერატორისგან საკუთრებაში მიღებული ქსელის საბალანსო ღირებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქტივების გადაცემა ხდება პრივატიზაციით ან აქტივების გაცვლით (ბარტერით). ასეთ შემთხვევებში, მიღებული აქტივების რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახვა მოხდება: ა) პრივატიზების შემთხვევაში – საპრივატიზებო ღირებულებით; ბ) გაცვლის (ბარტერის) შემთხვევაში – გაცემული აქტივის რეგულირებადი აქტივების ბაზაში არსებული ნარჩენი ღირებულებით. იმ შემთხვევაში, თუ გაცემული აქტივი არ შედიოდა საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში, ამ პუნქტის მიზნებისთვის, მისი ღირებულების განსაზღვრა მოხდება მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გაცვლის (ბარტერის) შემთხვევაში, კომისია, მიღებულ აქტივს (თუ აქტივი ექვემდებარება რეგულირებული აქტივების ბაზაში ასახვას), გადამცემი სისტემის ოპერატორის ტარიფში ასახავს გაცემული აქტივის რეგულირებადი აქტივების ბაზაში არსებული ნარჩენი ღირებულებით. იმ შემთხვევაში, თუ გაცემული აქტივი არ შედიოდა საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში, ამ პუნქტის მიზნებისთვის, მიღებული აქტივის ღირებულების განსაზღვრა მოხდება მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.“. 8. 3244 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 3245 მუხლი: „მუხლი 3245. გარდამავალი დებულებები გენერაციის ობიექტების გადამცემ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით 1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2026 წლის პირველი მაისისთვის არსებულ, გადამცემ ქსელთან გენერაციის ობიექტების მიერთების ყველა მიმდინარე პროცესზე, მიუხედავად იმისა, თუ წესებით განსაზღვრულ, მიერთების რომელ ეტაპზე იმყოფება მისაერთებელი ობიექტი, კერძოდ: ა) მიერთების მსურველის ყოველი შემდგომი მოქმედება უნდა შესრულდეს, ამ მოქმედების მომენტისთვის მოქმედი წესების პირობების შესაბამისად; ბ) გენერაციის ობიექტებზე, რომლებიც გადამცემ ქსელთან მიერთების პირველ ეტაპზეა (დოკუმენტების დამუშავების სტადიაშია –ქსელზე მიერთების შეთავაზების წარდგენამდე), რათა დადასტურდეს, რომ გენერაციის ობიექტი მშენებლობის პროცესშია, გადაცემის ლიცენზიატმა 2026 წლის პირველი მაისიდან 3 (სამი) თვის ვადაში უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გენერაციის ობიექტების სამშენებლო სტატუსთან დაკავშირებით (მოითხოვოს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე ყოფნის დადასტურება); გ) გენერაციის ობიექტებზე, რომლებიც გადამცემ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპზეა (წარდგენილია გადამცემ ქსელზე მიერთების შეთავაზება ან გაფორმებულია მიერთების ხელშეკრულება და არ არის დასრულებული გადამცემ ქსელთან მიერთება), რათა დადასტურდეს, რომ გენერაციის ობიექტი მშენებლობის პროცესშია, 2026 წლის პირველი მაისიდან 3 (სამი) თვის ვადაში გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით მიმართოს თითოეულ იმ მაძიებელს, რომელთანაც გაფორმებულია მიმდინარე მიერთების ხელშეკრულება ან გადაცემის ლიცენზიატის მიერ მაძიებლისთვის წარდგენილია შეთავაზება და მოსთხოვოს მიერთების პროცესის ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის, გენერაციის ობიექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამასთან, გადაცემის ლიცენზიატის მიერ ინფორმაციის წარმოსადგენად უნდა განისაზღვროს 3 (სამი) თვე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემ ქსელთან მიერთების მაძიებლებს, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ მოთხოვნილი დოკუმენტი (გენერაციის ობიექტი არ იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე), დასაბუთებული წერილობითი უარი განუცხადოს გადამცემ ქსელთან მიერთებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებისთანავე თუ აღმოჩნდა, რომ გენერაციის ობიექტი არ იმყოფება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე, აღნიშნული წარმოადგენს სამართალურთიერთობის შეწყვეტის (მიერთებაზე შეთავაზების გაუქმების ან ხელშეკრულების შეწყვეტის) საფუძველს. შესაბამისად, გადაცემის ლიცენზიატმა: ა) გაგზავნილი მოქმედი მიერთების შეთავაზების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გააუქმოს იგი და დასაბუთებული წერილობითი უარი აცნობოს (განუცხადოს) მიერთების მაძიებელს გენერაციის ობიექტის გადამცემ ქსელთან მიერთებაზე; ბ) გაფორმებული, მიმდინარე მიერთების ხელშეკრულების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ და წერილობით აცნობოს მიერთების მაძიებელს აღნიშნულის შესახებ. 4. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესით ინფორმაციის გამოთხოვის/განახლების შედეგად დადგინდა, რომ გენერაციის ობიექტი არ იმყოფება ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ან განხორციელების (მშენებლობის) ეტაპზე, აღნიშნული წარმოადგენს მიერთების პროცესის (მიერთებაზე შეთავაზების გაუქმების ან ხელშეკრულების შეწყვეტის) შეწყვეტის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული საფუძვლის დადგომიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში გაუგზავნოს ხელშეკრულების შეწყვეტის (ან შეთავაზების გაუქმების) შესახებ წერილობითი შეტყობინება მიერთების მაძიებელს. 5. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესით ინფორმაციის გამოთხოვის/განახლების შედეგად აღმოჩნდა, რომ გადამცემ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია, ან მიერთების შეთავაზება წარდგენილია, ან გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება გაფორმებულია გენერაციის ობიექტთან შეუსაბამო მისაერთებელ სიმძლავრეზე, რაც დასტურდება (მოცემულია) სამინისტროსთან გაფორმებული განხორციელების (სამშენებლო) ან (ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის (კვლევის) ხელშეკრულებით, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გენერაციის იმ ობიექტებს, რომელთა მიერ წარდგენილი განაცხადები გადამცემ ქსელთან მიერთების პირველ ეტაპზეა (დოკუმენტების დამუშავების სტადიაშია – ქსელზე მიერთების შეთავაზების წარდგენამდე), დასაბუთებული უარი უთხრას გადამცემ ქსელთან მიერთებაზე (აღნიშნული არ ართმევს მიერთების მაძიებელს უფლებას, რომ ახალი განაცხადით მიმართოს გადაცემის ლიცენზიატს); ბ) წარდგენილი მიერთების შეთავაზების შემთხვევაში – გააუქმოს შეთავაზება, რის შესახებაც წერილობით უნდა შეატყობინოს მიერთების მაძიებელს და ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გაუგზავნოს ახალი (კორექტირებული) მიერთების შეთავაზება; გ) გაფორმებული მიერთების ხელშეკრულების შემთხვევაში – ამ გარემოების გამოვლენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წერილობით მიმართოს მაძიებელს და მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების ამ ახლად გამოვლენილ გარემოებებთან მისადაგება. იმ შემთხვევაში, თუ მიმართვიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს მიერთების ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული საფუძვლის დადგომიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში გაუგზავნოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება მიერთების მაძიებელს. 6. ამ მუხლის შესაბამისად მიერთების შეთავაზების გაუქმების ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიერთების მაძიებელი უფლებამოსილია, მიმართოს გადაცემის ლიცენზიატს ახალი მიერთების განაცხადით, მოქმედი წესების შესაბამისად. 7. გადაცემის ლიცენზიატის მიერ, ამ მუხლში მოცემული პირობის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მაძიებელს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში სრულად დაუბრუნოს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიერთების მეორე ეტაპისთვის გადახდილი საფასური. 8. ყველა იმ მიერთების მაძიებლის შემთხვევაში, რომელთანაც გადაცემის ლიცენზიატს გაფორმებული აქვს მიმდინარე ხელშეკრულება და ამავდროულად დადასტურდება, რომ აღნიშნული გენერაციის ობიექტის მშენებლობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებულია შესაბამისი განხორციელების (სამშენებლო) ხელშეკრულება, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია 2026 წლის პირველი მაისიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ხოლო თუ შესაბამისი გარემოება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დადასტურდა – მისი დადასტურების მომენტიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში) წერილობით მიმართოს მიერთების მაძიებელს, მოსთხოვოს მიერთების პროცესის ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა (გადახდის პირობების ამ წესების 112 მუხლის მე-3 პუნქტთან მისადაგება) და აცნობოს ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების შესახებ. ამ მიზნით მიერთების მაძიებელს უნდა მიეცეს 2 (ორ)-თვიანი ვადა ხელშეკრულების წესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. თუ ამ ორთვიან ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდის პირობების ამ წესების 112 მუხლის მე-3 პუნქტთან მისადაგებაზე, აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული საფუძვლის დადგომიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და წერილობით აცნობოს ამის თაობაზე მიერთების მაძიებელს. 9. 2026 წლის 1 მაისამდე გაფორმებული ხელშეკრულებებისთვის, წესების 11² მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული პირველი 3-წლიანი ვადის ათვლა იწყება 2026 წლის 1 მაისიდან. 10. 2026 წლის 1 მაისიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში გადაცემის ლიცენზიატმა უნდა დაასრულოს გადამცემ ქსელთან მიერთების 2026 წლის პირველ მაისამდე მიღებული განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ წერილობით აცნობოს მაძიებლებს. 11. 2026 წლის 1 მაისიდან 2 (ორი) თვის ვადაში გადაცემის ლიცენზიატმა კომისიას წარუდგინოს ამ მუხლის შესრულების შესახებ ანგარიში, მათ შორის, გადამცემ ქსელთან გენერაციის ობიექტის მიერთების მიმდინარე წარმოების შესახებ ინფორმაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები